პესიმისტის ჩანაწერები ანუ ბავშვობაში დაბრუნება
„ოპტიმისტები ცუდად წერენ“.
პოლ ვალერი
„პესიმიზმი ტემპერამენტის საკითხია,
ოპტიმიზმი – ჯამაგირისა“.
დონ-ამინადო
დღიური, ამ სიტყვის ტრადიციული გაგებით, არასოდეს მიწერია. ჩვეულებრივ უბის წიგნაკში ვინიშნავდი ხოლმე ცალკეულ გამოთქმებს, დაკვირვებებს, შთაბეჭდილებებს. ჯერ მხოლოდ ლიტერატურას ვუტრიალებდი, შემოქმედებით საიდუმლოთა სიღრმეებში წვდომას ვლამობდი, მაგრამ თანდათანობით ინტერესთა წრე გაფართოვდა და ხელოვნებას, ისტორიას, რელიგიას, ფილოსოფიას, პოლიტიკას და ყოველდღიური ყოფა-ცხოვრების სფეროებსაც გადასწვდა.
როგორც ცხოვრებამ დამარწმუნა, ასაკში შესვლასთან ერთად ადამიანს თურმე ბევრი ისეთი კითხვა უჩნდება, რაზეც ადრე იშვიათად ან სულაც არ უფიქრია. ასაკოვნება ამ თვალსაზრისითაც ბავშვობაში დაბრუნება ყოფილა, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ ბავშვი პასუხს უფროსებისგან ითხოვს, უფროსებმა კი საკუთარ კითხვებს თავად უნდა უპასუხონ, თანაც რაც შეიძლება ზუსტად, მკაფიოდ და ამომწურავად.
ვერ ვიტყვი, რომ ყველა კითხვას, რომელიც გამჩენია, ვუპასუხე, რადგან ზოგი მათგანი რიტორიკული იყო, ზოგიც ირონიული, ზოგი კიდევ თავისი ყოვლისმომცველობით ჩემს ინტელექტუალურ შესაძლებლობებს აღემატებოდა. და მაინც, მათში გარკვევის წრფელად მოსურნე, განცდილის თუ წაკითხულის შეფასებისას ხან ვიშველიებდი, ხანაც ვეკამათებოდი ცნობილ ავტორებს, ზოგჯერ კიდევ მათ გამონათქვამებს თანამედროვე სიტუაციებს ვუსადაგებდი და გაოცებას ვერ ვფარავდი იმ უბრალო აღმოჩენის გამო, რომ ადამიანის შინაგანი ბუნება, მისი ქცევის სტერეოტიპები თუ ქვენაგრძნობები ასწლეულების მანძილზე პრაქტიკულად არ შეცვლილა. ჩემდა გასაოცრად, ბევრი დაკვირვების მსგავსი რამ, ადრე რომ მართლაც საკუთარი მეგონა, სრულიად მოულოდნელად უძველეს წიგნებში შემხვედრია და ერთხელ კიდევ დავრწმუნებულვარ: ყოველივე ახალი კარგად დავიწყებული ძველია. მიუხედავად ამისა, მაინც მგონია, რომ ასე თუ ისე შევძელი, შევხებოდი თანამედროვე ადამიანისთვის, კონკრეტულად ქართველი კაცისთვის, მრავალ საჭირბოროტო საკითხს და მათზე ჩემი აზრი გამომეთქვა.
ერთხელ ვიფიქრე: ეს ნაწყვეტ-ნაწყვეტი სჯანი იქნებ სხვებისთვისაც საინტერესო იყოს-მეთქი და რაც მეტ-ნაკლებად საყურადღებოდ მეჩვენა, ერთად შევკრიბე და ამ ათიოდე წლის წინ ცალკე წიგნად გამოვეცი. ამ ხნის მანძილზე წიგნის შევსებული და გასწორებული გამოცემა გამოვიდა ქართულად, უკრაინულად და რუსულად. იგი ითარგმნა ლატვიურადაც.
წინამდებარე გამოცემა საგრძნობლადაა გადახალისებული. უმთავრესი კი ისაა, რომ მასში შესული მარგინალიები დალაგებულია თემატურად. სრული ორიგინალობის და, მით უფრო, ობიექტურობის პრეტენზია არა მაქვს, რადგან ბევრი ჩანაწერი რემინისცენციებით, ბევრიც უკიდურესად სუბიექტური შეხედულებებითაა ნაკარნახევი. და თუკი მათ მაინც ვაქვეყნებ, მხოლოდ იმიტომ, რომ „დიდი ლხინია ჭირთა თქმა...“ ვინძლო ყოველმა თქვენგანმა აქ იპოვოს მისთვის რაღაც ნიშნეული, უკეთუ, როგორც სენეკა ამბობდა: „ერთსა და იმავედან თითოეული იღებს მხოლოდ მას, რაც მის საქმიანობას შეესაბამება. ერთსა და იმავე მდელოზე ხარი ეძებს მხოლოდ ბალახს, ძაღლი – კურდღელს, ყარყატი – ხვლიკს“.
რატომ პესიმისტის ჩანაწერებიო, ვინც მკითხავს, შევახსენებ: პესიმისტიც ოპტიმისტია, ოღონდ კარგად ინფორმირებული. თუ რაოდენ კარგად, ამის შეფასება თქვენთვის მიმინდვია.