ნაწილი მეორე -
თავი მეექვსე -
I „ცხადია, უნდა წავიდე! - გადავწყვიტე, შინისკენ რომ მივიჩქაროდი. - ახლავე უნდა წავიდე. ადვილი შესაძლებელია, შინ მარტოკა დამხვდეს; მარტოკა იქნება თუ არა - სულ ერთია: გამოძახება შეიძლება. მიმიღებს; გაუკვირდება, მაგრამ მიმიღებს. ხოლო თუ არ მიმიღო, არ მომეშვები, სანამ არ მიმიღებს, შევუთვლი, გადაუდებელი საქმე მაქვს-მეთქი. ეგონება, დოკუმენტის შესახებ უნდა მითხრას რამეო, და მიმიღებს. და ყველაფერს შევიტყობ ტატიანას თაობაზე. მერე კი... მერე რას ვიზამ? თუ მტყუანი გამოვდექი, გამოვისყიდი ჩემს დანაშაულს, ხოლო თუ მე მართალი ვარ, ის კი მტყუანი, მაშინ ხომ გათავდა ყველაფერი! ორივე შემთხვევაში გათავდა ყველაფერი! მაშ რას ვკარგავ? არაფერსაც არა ვკარგავ. უნდა წავიდე! უნდა წავიდე!“
და აი, არასოდეს დამავიწყდება და სიამაყით მოვიგონებ, რომ არ წავედი! ამას ვერავინ შეიტყობს, ეს ამბავი ჩემთანავე მოკვდება, მაგრამ ისიც საკმარისია, რომ მე ვიცი და რომ ასეთ წუთში შევძელ მქონოდა უკეთილშობილესი წამი! „ეს ცთუნებაა, მაგრამ მე გვერდს ავუვლი ამ ცთუნებას, - გადავწყვიტე ბოლოს, გონს რომ მოვეგე, - ფაქტით მაშინებდნენ, მაგრამ არ დავიჯერე და არ დავკარგე კატერინა ნიკოაევნას სიწმინდის რწმენა! ან რატომ უნდა წავიდე, რა უნდა გავარკვიო? მაინცდამაინც რატომ უნდა ეწამა ჩემი ისევე, როგორც მე მწამდა მისი, რატომ უნდა ეწამა ჩემი „სიწმინდე“, არ შეშინებოდა „გულფიცხობისა“ და არ დაეზღვია თავი ტატიანათი? მე ხომ ჯერ არ დამიმსახურებია ეს მის თვალში. დაე, დაე ნუ ეცოდინება, რომ მე ვიმსახურებ ამას, რომ არ ავყვები „ცთუნებებს“, რომ არ მჯერა მის შესახებ დარხეული ბოროტი ხმები: მე ხომ მეცოდინება და პატივისცემა მექნება საკუთარი თავისა, პატივისცემა მექნება საკუტარი გრძნობისა. ო, დიახ, მან ტატიანას თანდასწრებით მალაპარაკა ჩემი სათქმელი, მან დაუშვა ტატიანა. მან იცოდა, რომ ტატიანა იქვე ზის და ჩუმად აყურადებს (რადგან მას არ შეეძლო არ დაეყურადებინა), იცოდა, რომ ტატიანა დამცინოდა, - ეს საშინელებაა, საშინელება! მაგრამ... მაგრამ თუკი უამისობა არ იქნებოდა? რა უნდა ექნა წეღანდელ მდგომარეობაში და რაღანაირად გავამტყუნო? მე თვითონაც ხომ ვიცრუე წეღან კრაფტის შესახებ, მეც ხომ მოვატყუე, იმიტომ რომ არც მე შემეძლო უამისობა, და უნებურად, უწყინრად ვიცრუე. ღმერთო ჩემო! - წამოვიძახე და საშინლად გავწითლდი. - მე თვითონ, თვითონ მე რა ჩავიდინე ახლა: განა მე არ გამოვათრიე ის იმავ ტატიანას თვალწინ, განა მე არ ვუამბე ახლა ყველაფერი ვერსილოვს? თუმცა რას ვამბობ? ეს სხვა ამბავია. აქ ლაპარაკი იყო მხოლოდ დოკუმენტზე; მე, კაცმა რომ თქვას, ვერსილოვს ვუამბე მხოლოდ დოკუმენტის შესახებ, რადგან სხვა არაფერი მქონდა მოსაყოლი და არც შეიძლებოდა მქონოდა. განა პირველმა მე არ გავაფრთხილე ვერსილოვი და მე არ გავიძახოდი, ეს არც შეიძლებოდა-მეთქი? ვერსილოვი ისეთი კაცია, ყველაფერს გაუგებს ადამიანს. ჰმ... მაინც რა ძალიან შესძულებია ეს ქალი, რომ აქამდე ატარებს მის სიძულვილს! ნეტავ რა დრამა დატრიალდა მათ შორის და რისი გულისთვის? რა თქმა უნდა, თავმოყვარეობის გულისთვის! ვერსილოვს არცა აქვს უნარი სხვა რამ გრძნობისა, გარდა უსაზღვრო თავმოყვარეობისა!“
დიახ, ეს უკანასკნელი ფიქრი წამომცდა მაშინ და არც კი შემიმჩნევია. აი რა ფიქრებმა გამიელვეს მაშინ ზედიზედ, და გულწრფელიც ვიყავ საკუთარი თავის წინაშე: არ ვეშმაკობდი, თავს არ ვიტყუებდი; და თუ რაიმე ბოლომდე ვერ გავიაზრე მაშინ, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ჭკუა არ მეყო, თორემ საკუთარი თავის წინაშე კი არ ვიეზუიტობდი.
საშინლად ატაცებულ და რატომღაც საშინლად მხიარულ, თუმცა ძალზე მოუსვენარ გუნებაზე დავბრუნდი შინ. მაგრამ მეშინოდა ღრმად ჩაკირკიტება და ყოველნაირად ვცდილობდი თავი გამერთო. მაშინვე ჩემი დიასახლისისაკენ გავეშურე: ცოლ-ქმარი მართლაც საშინლად წაკიდებულიყო. ეს გახლდათ ძალზე ჭლექიანი ქალი. იქნებ კეთილიც იყო, მაგრამ, როგორც ყველა ჭლექიანი, მეტისმეტად მიზეზიანობდა. მაშინვე შევუდექი მათ შერიგებას, მდგმურსაც მივაკითხე. ეს იყო ერთი ძალზე გაუთლელი, ჩოფურა ბრიყვი, მეტისმეტად თავმოყვარე მოხელე, ჩერვიაკოვი, რომელიც სადღაც ბანკში მსახურობდა; ეს ჩერვიაკოვი არც მე მეხატა გულზე, მაგრამ სიამტკბილობით კი ვცხოვრობდით, იმიტომ რომ - ჩემი სიგლახე და სულმდაბლობა - ხშირად ერთად დაგვიცინია პიოტრ იპოლიტოვიჩისთვის. მაშინვე დავითანხმე ჩერვიაკოვი, რომ აღარ გადასულიყო სხვა ბინაზე, თუმცა არც თვითონ იყო აქედან გადამსვლელი. ეს ამბავი იმით გათავდა, რომ ჩემი დიასახლისი საბოლოოდ დავამშვიდე და, თანაც, საუცხოოდ გავუსწორე თავქევშ ბალიში: „პიოტრ იპოლიტოვიჩი ასე ვერასოდეს ვერ მოახერხებს“, - ნიშნისგებით დაასკვნა დიასახლისმა, მერე სამზარეულოში დავტრიალდი მდოგვის ტლეებისთვის და საკუთარი ხელით მოვუმზადე ორი საუცხოო ტლე. საწყალი პიოტრ იპოლიტოვიჩი შემომჩერებოდა და შურით