დოსტოევსკი და მისი რომანი „ეშმაკი“
„ეშმაკნი“ დოსტოევსკის ერთ-ერთი ყველაზე პოლიტიზებული, რთული, წინააღმდეგობრივი, პოლიფონიური რომანია. ის რუსულ ანტინიჰილისტურ ნაწარმოებთა რიცხვს მიეკუთვნება - წიგნში კრიტიკულადაა განხილული მემარცხენე-რევოლუციური და ათეისტური იდეები თუ შეხედულებები. თუმცა ამ „განხილვას“ პუბლიცისტიკის ელფერი სრულებითაც არ დაჰკრავს, - როგორც, ერთი შეხედვით, მოსალოდნელი იქნებოდა, - არამედ მხატვრული სახეების, ხასიათების დრამატული, ტრაგიკული ურთიერთქმედების მეშვეობით არის გადმოცემული.
რომანის მთავარი გმირი ნიკოლაი სტავროგინი - ახალგაზრდა არისტოკრატი, შესანიშნავი გარეგნობის მქონე, ნიჭიერი, ჭკვიანი, განათლებული, ძლიერი, „დემონური“ პიროვნება - ნიჰილისტ-ათეისტი და რევოლუციონერი - ნამდვილი გამოცანაა, საბედისწერო გამოცანა. რომანის ყველა პერსონაჟი აღმერთებს მას, ეთაყვანება, შეყვარებულია მასზე, და იმავდროულად, კიცხავს, გმობს, ლანძღავს და სწყევლის. სტავროგინი კი ყველა სიტუაციაში რჩება წარბშეუხრელი, აუღელვებელი, უშფოთველი. თითქოს ცოცხალი ადამიანი კი არ არის, არამედ ნიღაბი, რომლის მიღმა სრული იმედგაცრუება და გულგრილობა, სრული ნიჰილიზმია. არადა, არათუ პერსონაჟები, თვით ავტორია მოხიბლული თავისი გმირით, ბრწყინვალე არისტოკრატ სტავროგინით.
ნიკოლაი ბერდიაევის სიტყვით, სტავროგინი დოსტოევსკის სისუსტე, საცდური და ცოდვაა. სტავროგინს იგი აღიქვამს, როგორც ბოროტების განსახიერებას, როგორც დამღუპველ ფატუმს. და მაინც უყვარს, ვერ ელევა, არაფრისდიდებით არ ეთმობა. სტავროგინი, უზომოდ ამაყი და უზომოდ ძლიერი პიროვნება, ავტორისთვის საოცნებო უფლისწულია, „ივან ცარევიჩია“. ყველა გვერდით მყოფი სტავროგინისგან რაღაც არაჩვეულებრივსა და დიად ქმედებას ელის, არადა, შინაგანად იგი უკვე დაშრეტილია, ჩამქრალია, სულიერად დაძაბუნებულია, სინამდვილეში აღარაფერი სურს, რადგან ყველაფერი მოყირჭებული აქვს, რადგან ყველაფერი იგემა, ყველაფერი გამოცადა და აღმოაჩინა, - ყოველგვარი აკრძალული სიამოვნება, საშინელი აღვირახსნილი, ავხორცი, მრუში ცხოვრება - არ აკმაყოფილებს და არც აინტერესებს.
სტავროგინი ერთგვარი „ზეადამიანია“ (შემთხვევითი არ არის, რომ დოსტოევსკი, გარკვეულწილად, ფრიდრიხ ნიცშეს წინამორბედად მიიჩნევა. ამ უკანასკნელმა რუსი მწერალი სიცოცხლის მიწურულს აღმოაჩინა და მეტად დააფასა), რომელსაც სურდა ყველაფერი მოეხელთებინა და მოეცვა, - მთელი სამყარო, - და ამ თავისი უზომო ამბიციის განხორციელების გზაზე აღმოაჩინა, რომ მეტაფიზიკურ სიცარიელეშია, ცხოვრებას თურმე აღარც მიზანი აქვს, აღარც საზრისი და აღარც ინტერესი - ანუ, არანაირი გამართლება. დოსტოევსკის ხელნაწერებიდან, რომანის მრავალრიცხოვანი შავი ვარიანტებიდან ჩანს, როგორ სურდა ავტორს გადაერჩინა თავისი საყვარელი გმირი, მაგრამ ვერ მოახერხა - სწორედ აქ მჟღავნდება რომანის მხატვრული სიმართლე, შინაგანი ლოგიკა... სტავროგინი თავს იკლავს. თავს ჩამოიხრჩობს, იუდასავით, იმ პატარა გოგონასავით, რომელიც გააუპატიურა და რომელიც მის ხილვებში იმეორებდა: „მე ღმერთი მოვკალი, მე ღმერთი მოვკალი“...
სტავროგინის პრობლემა ის არის, რომ ღმერთის არ სწამს, არადა, ეშმას თვალნათლივ ხედავს თავის გვერდით... რომანის რევოლუციონერი პერსონაჟები - პიოტრ ვერხოვენსკი, ივან შატოვი (სწორედ მას მოკლავენ ამხანაგები), კირილოვი, შიგალიოვი, - ნამდვილი შეპყრობილები არიან, ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით, ბოროტი სულებით შეპყრობილები...
როდესაც ამ წინასიტყვაობას ვწერდი, ინტერნეტში წავიკითხე სერგეი ნეჩაევის მიერ შედგენილი „რევოლუციონერის კატეხიზმო“. ეს იმდენად შემზარავი დოკუმენტია, რომ ცხადი ხდება, თუ რა ამოძრავებდა დოსტოევსკის, როდესაც ჩვენთვის საინტერესო რომანს - რომან-გაფრთხილებას - ქმნიდა. ნეჩაევი პირდაპირ წერს: „ჩვენი საქმე - ჟინიანი, სრული, საყოველთაო და სასტიკი ნგრევაა“. და კიდევაც მიაღწიეს რუსმა რევოლუციონერებმა თავის მიზანს, დაანგრიეს იმპერია და მილიონობით ადამიანი გააუბედურეს, იმის ნაცვლად, რომ გაებედნიერებინათ.
დოსტოევსკიმ დაინახა, რომ რევოლუციური სოციალიზმი რუსეთში - ეს არ არის ეკონომიკური ან სოციალური სწავლება, ანდა სოციალური რეფორმების სისტემა, არამედ, მას აქვს პრეტენზია, იყოს რელიგია, ქრისტიანობის საწინააღმდეგო რელიგია, უღმერთო რელიგია (თუკი საერთოდ შესაძლებელია უღმერთო რელიგია არსებობდეს, რადგან თვით სიტყვა „რელიგია“ ღმერთთან სულიერ კავშირს გულისხმობს). რუსი რევოლუციონერი არ კმაყოფილდებოდა რაიმე ლოკალური მიზნებითა და ამოცანებით, - მას არც მეტი, არც ნაკლები, მთელი მსოფლიო უნდა გაებედნიერებინა. მაგრამ საამისოდ ჯერ ძველი წესრიგი უნდა დაენგრია, აღეგავა პირისაგან მიწისა. „ძმებ კარამაზოვებში“ დოსტოევსკიმ გვიჩვენა რუსული რევოლუციის შინაგანი მეტაფიზიკა, ხოლო რომანში „ეშმაკნი“ მოგვცა ამ დიალექტიკის განხორციელების შემზარავი სურათი. რუსული უღმერთო მესიანიზმი რუსული რელიგიური მესიანიზმის მეორე მხარეა - მედალს ორი მხარე აქვს, მოგეხსენებათ, - მაგრამ, ვაი, რომ ეს მედალი ყალბია...
რომანის დანარჩენ პერსონაჟებზე - ლიზავეტა დროზდოვაზე, სტეპან ვერხოვენსკიზე, ვარვარა სტავროგინაზე, მარია ლებიადკინაზე, - არაფერს ვამბობთ, რადგან წიგნი თქვენ წინაშეა და შეგიძლიათ წაიკითხოთ ეს მართლაც წინასწარმეტყველური და უაღრესად საინტერესო, დამუხტული რომანი.
არსებობს მოსაზრება, რომ „ეშმაკნი“ დოსტოევსკიმ დაწერა არა უშუალოდ ათეისტ-რევოლუციონერებთან პოლემიკის მიზნით (მართლაც, „შეპყრობილებთან“ პოლემიკას რა აზრი ექნებოდა!), არამედ როგორც რუსული ლიბერალური ინტელიგენციის ერთგვარი მხილება. ინტელიგენციისა, რომელიც „ნეჩაეველებს“ მხარს უჭერდა და ამ თავისი უგუნური მხარდაჭერით ეს მოვლენა სასიკვდილოდ სახიფათოდ, დამღუპველად აქცია.