I
– პატივი დამდეთ, მოწყალეო ხელმწიფევ, ნება მიბოძეთ, გკითხოთ...
გამვლელი შეკრთა და, ცოტა არ იყოს, შეშინებულმა შეხედა ენოტის ქურქში გამოწყობილ ბატონს, რომელიც პირდაპირ მიადგა მას შუა ქუჩაში, საღამოს რვა საათისთვის. არადა, ცნობილია, რომ თუ ერთი პეტერბურგელი ბატონი მოულოდნელად გამოელაპარაკება სხვა, მისთვის სრულიად უცნობ ბატონს, ამ მეორეს აუცილებლად შეეშინდება.
მაშასადამე, გამვლელი შეკრთა და, ცოტა არ იყოს, შეშინდა.
– მაპატიეთ, რომ შეგაწუხეთ, – თქვა ენოტისქურქიანმა მამაკაცმა, – მაგრამ მე... მე, სიმართლე გითხრათ, არ ვიცი... თქვენ, ალბათ, მომიტევებთ; ხედავთ, რომ უგუნებოდ ვარ...
მხოლოდ ახლა შეამჩნია ბეკეშიანმა (ბეკეშა – მამაკაცის ძველებური პალტო, წელში ნაოჭასხმული და უკან გაჭრილი) ახალგაზრდა კაცმა, რომ ენოტისქურქიანი ბატონი მართლა ვერ იყო ხასიათზე. შეჭმუხნილი სახე საკმაოდ გაჰფითრებოდა, ხმა უთრთოდა, აზრები აშკარად არევ-დარეოდა, სიტყვის თქმა უჭირდა, ჩანდა, რომ საშინლად უმძიმდა უმორჩილესი თხოვნით მიემართა წარმოშობით, შესაძლოა, მასზე დაბალი პირისთვის, თუმცა ეს აუცილებლად სჭირდებოდა. ესეც არ იყოს, ეს თხოვნა, ყველა შემთხვევაში, ურიგო, არასოლიდური და უცნაური იყო იმ ადამიანის მხრიდან, რომელსაც ასეთი სოლიდური ქურქი და დარბაისლური, შესანიშნავი, მუქი მწვანე, მრავლისმეტყველი სამკაულებით დამშვენებული ფრაკი ეცვა. ეს ყველაფერი, როგორც ჩანს, თვით ენოტისქურქიან ბატონსაც აცბუნებდა, ასე რომ, ბოლოს უხასიათოდ მყოფმა მამაკაცმა თავი ვეღარ შეიკავა, გადაწყვიტა, აღელვება მოეთოკა და მის მიერვე გამოწვეული უსიამოვნო სცენა მიეფუჩეჩებინა.
– მაპატიეთ, უგუნებოდ ვარ; თუმცა თქვენ არ მიცნობთ... მომიტევეთ, რომ შეგაწუხეთ; გადავიფიქრე.
მან თავაზიანად ასწია შლაპა და სირბილით განაგრძო გზა.
– მოითმინეთ, მოწყალება მოიღეთ.
მაგრამ ამასობაში პატარა კაცი სიბნელეში გაუჩინარდა და ბეკეშიანი ბატონი გაშტერებული დატოვა.
„რა უცნაური ვინმეა!“ – გაიფიქრა ბეკეშიანმა. შემდეგ, როდესაც განცვიფრებით გული იჯერა და გახევებამაც გაუარა, საკუთარი საქმე გაახსენდა და წინ და უკან სიარულს შეუდგა, თან დაჟინებით შესცქეროდა ერთი ურიცხვსართულიანი სახლის კარს. თანდათანობით ნისლმა მოიმატა, რამაც ახალგაზრდა კაცი ერთგვარად გაახარა კიდეც, რადგან ბურუსში უფრო შეუმჩნევლად ისეირნებდა, თუმცა, ისედაც, მხოლოდ მთელი დღის განმავლობაში უიღბლოდ მდგარი მეეტლეღა თუ შეამჩნევდა.
– მაპატიეთ!
გამვლელი კვლავ შეკრთა: მის წინ ისევ ის ენოტისქურქიანი ბატონი იდგა.
– მაპატიეთ, რომ კიდევ ერთხელ... – თქვა მან, – მაგრამ თქვენ, თქვენ ნამდვილად კეთილშობილი ადამიანი ბრძანდებით! ისე ნუ აღმიქვამთ, როგორც ამას საზოგადოებრივი აზრი მოითხოვს; თუმცა, თავგზა მებნევა; ადამიანურად ჩასწვდით... თქვენ წინაშე, ბატონო, ის კაცი დგას, ვისთვისაც აუცილებელია, უმორჩილესი თხოვნით მოგმართოთ...
– თუ შევძლებ... რა გნებავთ?
– თქვენ, შესაძლოა, გაიფიქრეთ, რომ ფული უნდა გთხოვოთ! – თქვა იდუმალებით მოცულმა ბატონმა, პირი დაბრიცა, ისტერიკულად გაიცინა და გაფითრდა.
– რას ბრძანებთ...
– არა, ვხედავ, მძიმე ტვირთად გაწვებით! მაპატიეთ, თავს ვეღარ ვერევი; წარმოიდგინეთ, რომ საშინლად უხასიათოდ მყოფს მხედავთ, თითქმის გაგიჟებულს, და ნაჩქარევად ნუ დაასკვნით...
– საქმეზე გადავიდეთ, საქმეზე! – მიუგო ახალგაზრდამ და თავი გამამხნევებლად და მოუთმენლად დაუქნია.
– ა-ა! მაშ, ასე, არა? თქვენ, ასეთი ახალგაზრდა კაცი, საქმეზე გადასვლისკენ მომიწოდებთ, თითქოს დაუდევარი ყმაწვილი ვიყო! ნამდვილად გამოვჩერჩეტდი!.. გულწრფელად მითხარით, რას ფიქრობთ, ასეთ დამცირებულ მდგომარეობაში რომ მხედავთ?
შეცბუნებულმა ახალგაზრდამ არაფერი უპასუხა.
– ნება მიბოძეთ, პირდაპირ გკითხოთ: ერთი ქალბატონი ხომ არ გინახავთ? აი, სულ ეს არის ჩემი თხოვნა! – როგორც იქნა, გადაჭრით განაცხადა ენოტისქურქიანმა ბატონმა.
– ქალბატონი?
– დიახ, ერთი ქალბატონი.
– დავინახე... მაგრამ გამოგიტყდებით, აქ იმდენმა ჩაიარა...
– მართალს ბრძანებთ, – მიუგო იდუმალებით მოცულმა კაცმა მწარე ღიმილით, – თავგზა მებნევა, მაპატიეთ, სხვა რამ მაინტერესებდა; მინდოდა მეკითხა, ხომ არ მოგიკრავთ თვალი ერთი ქალბატონისთვის მელიის ბეწვის სალოფით, ხავერდის მუქი კაპორითა და შავი პირბადით?
– არა, ასეთი არ მინახავს... არა, ვგონებ, არ შემიმჩნევია.
– ა-ა! თუ ასეა, მაპატიეთ!
ახალგაზრდა კაცს რაღაცის კითხვა უნდოდა, მაგრამ ენოტისქურქიანი ბატონი კვლავ გაუჩინარდა და თავისი მომთმენი მსმენელი ისევ გახევებული დატოვა. „აი, ეშმაკმა წაიღოს მისი თავი!“ – გაიფიქრა აშკარად გულმოსულმა, ბეკეშიანმა ახალგაზრდამ.
გაჯავრებულმა თახვის ბეწვი შეისწორა და ურიცხვსართულიანი სახლის კარის წინ ფრთხილად განაგრძო ბოლთის ცემა. ბრაზობდა.
„რატომ არ გამოდის? – გაიფიქრა მან, – მალე რვა საათი გახდება!“ კოშკზე საათმა რვაჯერ ჩამოჰკრა.
– ოჰ! ეშმაკმა წაგიღოთ!
– მაპატიეთ!..
– თქვენ მაპატიეთ, რომ ასე... მაგრამ ისე მოულოდნელად აღმოჩნდით ჩემს ფეხებთან, რომ ძალიან შემაშინეთ, – სახე შეიჭმუხნა და მოიბოდიშა გამვლელმა. – კვლავ თქვენთან მოვედი. ცხადია, ალბათ, მოუსვენარი და უცნაური ადამიანი გგონივართ.