ავტორისგან
ჩემი გმირის, ალექსეი ფიოდოროვიჩ კარამაზოვის ცხოვრების აღწერას ვიწყებ, მაგრამ ერთგვარ საგონებელში გახლავართ ჩავარდნილი. სახელდობრ: ალექსეი ფიოდოროვიჩი ჩემს გმირად კი მოვიხსენიე, მაგრამ თავადაც ვიცი, რომ იგი დიდი ადამიანი სრულიადაც არ არის და ამის გამო უეჭველად მოველი ამგვარ შეკითხვებს: რით არის გამორჩეული თქვენი ალექსეი ფიოდოროვიჩი, გმირად რომ ამოირჩიეთ? რა ქმნა ასეთი? ვისთვის ან რით არის ცნობილი? მე, მკითხველმა, მისი ცხოვრების ფაქტთა შესწავლაზე დრო რად უნდა დავკარგო?
ბოლო კითხვა ყველაზე საჩოთიროა, რამეთუ მხოლოდ ეს შემიძლია, გიპასუხოთ: „შესაძლოა, ეგ თავად რომანში ნახოთ.“ მაგრამ თუ რომანს წაიკითხავენ და ვერას ნახავენ, ალექსეი ფიოდოროვიჩის გამორჩეულობას არ ირწმუნებენ? ამას იმიტომ მოგახსენებთ, რომ ამგვარ რამეს გულისწუხილით ვჭვრეტ. ჩემი თვალთახედვით იგი გამორჩეულია, მაგრამ დიდად ვეჭვობ, შევძლებ კი, მკითხველიც დავარწმუნო? საქმე ისაა, რომ იგი მართლაც მოღვაწეა, ოღონდ გამოუკვეთელი, სიცხადენაკლული. თუმცა ახლა, ჩვენს დროში, უცნაური იქნებოდა, ადამიანისთვის სიცხადე მოგვეთხოვა. ერთი რამ კი, უთუოდ, უეჭველია: ჩემი გმირი უცნაური, ლამის ახირებულიც კი გახლავთ. თუმცაღა, უცნაურობა და ახირებულობა საზიანო უფროა, ვიდრე უფლების მომცემი ყურადღების მიპყრობისა, განსაკუთრებით მაშინ, როცა ყველა ცდილობს, ცალკერძობანი ერთიანყოს და საყოველთაო აბდაუბდას რაიმე ერთიანი აზრი გამოუძებნოს. ახირებული კაცი კი უმეტესად განცალკევებული და განკერძოებულია. ასე არ არის?
ხოლო თუ ამ ბოლო თეზისს არ დაეთანხმებით და იტყვით: ასე არ არის, ანდა ყოველთვის ასე არ არისო, მაშინ მართლა გავმხნევდები ჩემი გმირის, ალექსეი ფიოდოროვიჩის გამორჩეულობის თაობაზე საუბრისას. რადგან ახირებული კაცი არათუ „ყოველთვის“ არ არის განცალკევებული და განკერძოებული, პირიქით, ისიც ხდება, რომ ზოგჯერ სწორედ იგი გახლავთ თავის არსებაში მთლიანის შემცველი, სხვანი კი მისი ეპოქისა, ყველანი, საიდანღაც მოვარდნილ ქარს ამ ერთიანისგან რატომღაც დროებით გაურიყავს...
თუმცაღა, ამ ძალზე უინტერესო და ბუნდოვან ახსნა-განმარტებებს არ მივმართავდი და, უბრალოდ, შესავლის გარეშე დავიწყებდი; ვისაც მოეწონება, წაიკითხავს კიდევაც. მაგრამ უბედურება ის გახლავთ, რომ ცხოვრების აღწერა ერთი მაქვს, რომანი კი ორი. მთავარი რომანი მეორეა - ჩემი გმირის ქმედება უკვე ჩვენს დროში, ამჟამინდელ, მიმდინარე მომენტში. პირველი რომანი ცამეტი წლის წინანდელია და რომანი არც კი გახლავთ, მხოლოდ ერთი მომენტია ჩემი გმირის სიყმაწვილის ჟამისა. ამ პირველ რომანს გვერდს ვერ ავუვლიდი, რადგან მეორე რომანში ბევრი რამ გაუგებარი იქნებოდა. ამის გამო კი ჩემი თავდაპირველი გასაჭირი უფრო რთულდება: თუკი თავად მე, ანუ ბიოგრაფს, მიმაჩნია, რომ ასეთ მოკრძალებულ და გამოუკვეთელ გმირს ერთი რომანიც კი, შესაძლოა, მოსჭარბდეს, მაშინ რაღა საჭიროა ორის შემოთავაზება და რით უნდა აიხსნას ჩემი ასეთი ქედმაღლობა?
ამ საკითხთა გადაწყვეტა თავგზას მიბნევს და ვარჩევ, გვერდი ავუარო ყოველგვარი გადაწყვეტის გარეშე. გამჭრიახი მკითხველი, რა თქმა უნდა, კარგა ხანია, მიხვდა, რომ თავიდანვე ამას ვაპირებდი და შემომწყრა, უნაყოფო სიტყვებს და ძვირფას დროს ამაოდ რას ხარჯავსო. ამაზე კი უყოყმანოდ ვუპასუხებ: უნაყოფო სიტყვებს და ძვირფას დროს ვხარჯავდი, ჯერ ერთი, თავაზიანობის გამო და, ამას გარდა, ვეშმაკობდი: ასე თუ ისე, წინასწარ ხომ გაგაფრთხილეთ-მეთქი. თუმცაღა, მიხარია კიდევაც, რომანი თავისთავად ორ მოთხრობად რომ გაიპო „მთლიანობის არსებითად შენარჩუნებით“. პირველ მოთხრობას როცა გაეცნობა, მკითხველი თვითონ გადაწყვეტს, ღირს თუ არა მეორეს ხელი მოჰკიდოს. რა თქმა უნდა, არავინ ვალდებული არ არის, შეუძლიათ, პირველივე წიგნი ორიოდე გვერდის წაკითხვისთანავე მიატოვონ და აღარასოდეს გადაშალონ. მაგრამ ხომ არიან ისეთი წესიერი მკითხველები, რომელნიც უსათუოდ მოინდომებენ, ბოლომდე ჩაიკითხონ, რათა მიუკერძოებელი განსჯისას არ შეცდნენ. ასეთნი არიან, მაგალითად, რუსი კრიტიკოსები, ყველანი ერთიანად. ასეთ მკითხველთა წინაშე მაინც გულმშვიდად ვიქნები: მათი უსაზღვრო წესიერებისა და კეთილსინდისიერების მიუხედავად, კანონიერ საბაბს ვაძლევ, რომანის კითხვა პირველსავე ეპიზოდზე მიატოვონ. აჰა, ესეც მთელი წინასიტყვაობა. ნამდვილად გეთანხმებით, რომ იგი ზედმეტია, მაგრამ რაკიღა დავწერე, მაშ დარჩეს კიდევაც.
ახლა კი საქმეს შევუდგეთ.