გრანელის ლანდს ადევნებული
ლერი ალიმონაკი მოღვაწე კაცია.
სხვა ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, მან ქართულ ენაზე საკაცობრიო თხზულებანი – „დაო დე ძინი“ და „უპანიშადები“ უბოძა ქართველ ხალხს, დავიწყებას გამოსტაცა ბოლშევიკური რეჟიმისგან დევნილი XX საუკუნის დიდი ქართველი პოეტი ტერენტი გრანელი. წლების მანძილზე, 60-70-იან წლებში, როდესაც საქართველოში ჯერ კიდევ ტოტალიტარიზმი ბოგინებდა და გრანელის სახელს ტაბუ ედო, მის ერთგულ მესაჭურვლედ და მეჩირაღდნედ უფალმა ლერი ალიმონაკი დაადგინა. არ დარჩენია მოუჩხრეკავი არქივი, წიგნსაცავი თუ ოჯახი, სადაც ჟამის უკუღმართობით დაღუპული პოეტის მტვერწაყრილი შედევრები არ მოეძიოს და მის მეგობართა ხსოვნაში შემონახული მოგონებები წიგნებად არ გამოეცეს, პოეზიის პარნასიდან გაძევებისგან არ ეხსნას. ლერი ალიმონაკი რომ არა, ვინ იცის, იქნებ დღეს გრანელის საფლავიც ისეთივე საძებარი გაგვხდომოდა, როგორც გენიალური ნიკო ფიროსმანაშვილისა.
ეს ნარეკლიანი გზა იყო, მე მოწამე ვარ ამისა.
იმ კომუნისტურ ხანაში, როდესაც ფესვებმომპალი ღირებულებანი დაფუტუროვებული პერგამენტივით იფშვნებოდა და დროის ქარცეცხლში აღორძინებული ჰუმანისტური აზრი უღმერთობით გაუკაცრიელებულ გზას სულიერი მაშვრალობით იკაფავდა, ლერი ალიმონაკის „კვირის წირვები“ (1983, 1988, 1991), ჭეშმარიტად ახალი წიგნი, შეიყვარა ქართველმა მკითხველმა. ხოლო „გრანელის ლანდი“ გადმოგვცემს, თუ 60-80-იან წლებში რა წინააღმდეგობებით მიმდინარეობდა მისი მოღვაწეობა ამ მძიმე გზაზე, რა სულისკვეთებით იყო გამსჭვალული ეს რთული, პერიპეტიებით აღსავსე ხანა.
ასე და ამ გზით, ტერენტი გრანელის ნაგვემი სული, საუკუნოვან ომს გადაიხდის ყოფნა-არყოფნის კანონმდებელთან – დროსთან, დავიწყების წყვდიადი დანთქავს მისი მოწამეობრივი ცხოვრების აბუჩად ამგდებთ, ხოლო მის ყარიბულ სამოსქვეშ სასოებით გადამალული „სისხლიანი რვეული“, ბოროტების მძლეველი ლოცვით, გამოაღწევს ოცდამეერთე საუკუნის კარიბჭეს და ფენიქსებრ აღმდგარი, როგორც ძველი სახლის სხვენში ნაპოვნი სტრადივარიუსის ვიოლინო, იწყებს ახალ სიცოცხლეს.
გოგი წერეთელი