საერთობა ორი ციტატა ამ წიგნიდან:
„...კავკასია, ვითარცა გზაშესაყარი კულტურათა, ცივილიზაციათა და ასევე პოლიტიკურ სწრაფვათა, იმთავითვე, თავისთავად, ყოველგვარი იძულების გარეშეც შინაგან ჭიდილში არის და იქნება – ხან აღმოსავლეთისკენ გადახრის თავის კულტურულ თუ პოლიტიკურ ვექტორს და ხან დასავლეთისკენ“;
„ქართველი, აზერბაიჯანელი და სომეხი მწერლები [ლიტერატურული ფესტივალის მონაწილენი] დიდი სიამოვნებით ჩაკირკიტებდნენ სიტყვებს, რომლებიც სამივე ენაზე დასტურდებოდა და, რაც მთავარია, ერთი და იმავე მნიშვნელობით. სიტყვების საერთოობა სასიამოვნო განცდას იწვევდა...“.
პირველ ციტატაში კარგად ჩანს, რომ ავტორს ჩინებულად ესმის კავკასიის ხალხთა კულტურების ერთ-ერთი მთავარი თავისებურება, სპეციფიკა, რაც მათი განვითგარების, შინაგანი დინამიკის უმნიშვნელოვანეს წყაროს წარმოადგენს, და რითაც, ბოლოს და ბოლოს, ეს კულტურები ღირებულნი არიან მთელი მსოფლიოსთვის – მაშრიყისთვისაც და მაღრიბისთვისაც; მეორე ციტატა გვიმხელს ჟრუანტელის მომგვრელ სიყვარულს სიტყვისადმი, ენებისადმი, რომელიც უფრო მაშინ იჩენს თავს, როცა სიტყვათა თავგადასავლებს ეზიარები და მიხვდები – იმდენი რამ ჰქონიათ საერთო ერთმანეთისგან თითქოს სრულიად განსხვავებულ ენებს, რომ მარტო ამის გამოც შეიძლება შენიანად მიიჩნიო სხვა ტომის კაცი.
საქართველოს ახსოვს მოღვაწენი, რომლებიც ორი ან სამივე სამხრეთკავკასიური სახელმწიფოს კულტურას მსახურებდნენ. ამ წიგნის ახალგაზრდა ავტორი ერთ-ერთი მათგანია – ეთნიკური აზერბაიჯანელი, განათლებით – ქართული ფილოლოგიის სპეციალისტი (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული), მოწოდებით – პოეტი, სარწმუნოებით – მუსლიმი.
როგორ იცის მან ქართული კლასიკური მწერლობა ამას ამ წიგნის მკითხველი ვაჟა-ფშაველას „გოგოთურ და აფშინასა“ და „აბოს წამებაზე“ დაწერილი მისი თხზულებებით შეიტყობს; რაოდენ ღრმად ფლობს ქართულს, ეს ყოველ წერილში საგრძნობია და მეტადრე იმ რეცენზიით გახდება საცნაური, რომლითაც „დათა თუთაშხიას“ აზერბაიჯანული თარგმანი შეუფასებია (ჩვენი თანამოქალაქის, ცნობილი ლიტერატორის ბატონ ემინ მაჰმუდოვის მიერ შესრულებული); ქართული პოეტური (სალექსო) კულტურა რომ ჩინებულად აუთვისებია, მისი ის თარგმანები მოწმობს, უხვად რომ შეგხვდებათ თურქი პოეტის ფაჰრი აიდოსისა და აზერბაიჯანელი პოეტის სალიმ ბაბულაოღლის შემოქმედების შესახებ დაწერილ ნარკვევებში; ლიტერატურულ კრიტიკაში გაუკვალავი გზებით სიარულს რომ არ უფრთხის, ამის დასტური ისიც გახლავთ, რომ წიგნში შესული წერილების თითქმის ნახევარი თავისი თანატოლი, ანუ ახალგაზრდა, ქართველი მწერლების (გიორგი კეკელიძის, გიორგი ბუნდოვანის, სალომე ბენიძის, გურამ მეგრელიშვილის, ზვიად კვარაცხელიას) შემოქმედებისთვის მიუძღვნია, რაც ფრიად დასაფასებელია, ვინაიდან ერთობ იშვიათი მოვლენა გახლავთ.
ორიგინალური აზრები, მახვილგონივრული მიგნებები, ზუსტი ფორმულირებები, თხრობის ლაღი მანერა ოქტაი ქაზუმოვის, ვითარცა ლიტერატორის, თვალსაჩინო ღირსებებია.
ლევან ბრეგაძე
ვუძღვნი რეზო სირაძის
ნათელ ხსოვნას