შემდგენლისაგან XIX საუკუნის მეორე ნახევარში, ბუნებისმეტყველებისა და პოზიტივისტური მეცნიერული აზროვნებისადმი უსაზღვრო ნდობის ხანაში, ცრურწმენებად წოდებულ ხალხურ რწმენა-წარმოდგენებს განათლებული ადამიანები ნაკლებად სწყალობდნენ, თუმცა შემდეგ თვით მეცნიერებამ – სიღრმისეულმა ფსიქოლოგიამ ანუ ფსიქოანალიზმა – დაისაჭიროვა ისინი: ხალხურ რწმენა-წარმოდგენებზე დაკვირვებით დგინდება ან ზუსტდება საგანთა და მოვლენათა სიმბოლური მნიშვნელობები, რაც აუცილებელია როგორც პიროვნული, ისე კოლექტიური არაცნობიერის წარმატებული კვლევისათვის.
გარდა ამისა ხალხური რწმენა-წარმოდგენები ბევრ მინიშნებას გვაწვდის ძველი საზოგადოებების სოციო-კულტურული ცოდნის შესახებ და მათზე დაკვირვება ამ მხრივაც ძალიან სასარგებლოა.
და კიდევ: გოეთეს მიხედვით, „ცრურწმენა ცხოვრების პოეზიაა“. მასვე სხვა ადგილას ასეთი რამ უწერია: „ცრურწმენა ადამიანის არსების ნაწილია და როცა გვგონია სავსებით განვდევნეთ იგი, მას თურმე საოცარზე საოცარ კუთხე-კუნჭულებისთვის შეუფარებია თავი, საიდანაც ისევ გამოძვრება, როგორც კი რამდენადმე უსაფრთხოდ იგრძნობს თავს“.
წინამდებარე გამოცემაში საქართველოში გავრცელებული ხალხური ყოფითი რწმენა-წარმოდგენები სამ განყოფილებად არის განაწილებული, ესენია: ნიშნები, ტაბუ და რჩევები (თუმცა უნდა ითქვას, რომ ყოველთვის როდი ხერხდება მათ შორის მკვეთრი მიჯნის დადება). უცხოენოვანი ტექსტები, თუ კომენტარებში მთარგმნელი მითითებული არ არის, ქართულად ჩვენ მიერ არის თარგმნილი.
განყოფილებაში „წყაროები, შენიშვნები, კომენტარები“ მითითებულია ძირითადი და დამატებითი წყაროები, რომლითაც ვსარგებლობდით, მოცემულია ძირითად ტექსტში შეტანილ რწმენა-წარმოდგენათა ვარიანტები, მოხმობილია ქართველი და უცხოელი მწერლების მიერ ხალხურ რწმენა-წარმოდგენათა მხატვრული მიზნით გამოყენების ნიმუშები.
მადლობას ვუხდით შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის ფოლკლორისტიკის განყოფილების თანამშრომლებს, მეტადრე განყოფილების ხელმძღვანელს ქალბატონ რუსუდან ჩოლოყაშვილს, საქმიანი შენიშვნებისა და სასარგებლო რჩევებისათვის, რომლებიც ძალიან გამოგვადგა წიგნზე მუშაობისას.