სუსტი გული
მეოთხე სართულზე, ერთ ბინაში, ერთ ჭერქვეშ, ორი ახალგაზრდა თანამშრომელი ცხოვრობდა: არკადი ივანოვიჩ ნეფედევიჩი და ვასია შუმკოვი... ავტორი, ცხადია, გრძნობს იმის ახსნის აუცილებლობას, თუ რატომ გაცნობთ ერთ გმირს სრული, მეორეს კი კნინობითი სახელით, მაგალითად, თუნდაც იმიტომ, რომ გამოხატვის ეს ფორმა აუგად სახსენებლად ან, ნაწილობრივ, ფამილარობად არ მიიჩნიოთ. ოღონდ, ამისთვის საჭირო იქნებოდა მოქმედ პირთა ჩინის, წლოვანების, წოდების, თანამდებობისა და, ბოლოს, რა თქმა უნდა, ხასიათის აღწერაც კი. მაგრამ, ვინაიდან ასე ბევრი მწერალი იწყებს, წინამდებარე მოთხრობის ავტორი, მხოლოდ იმიტომ, რომ მათ არ დაემსგავსოს (ან როგორც შესაძლოა, ზოგიერთმა თქვას, უსაზღვრო თავმოყვარეობის გამო), გადაწყვეტს, შესავლად ეს იკმაროს და პირდაპირ მოქმედება შემოგთავაზოთ.
ახალი წლის წინადღეს, საღამოს ექვსი საათისთვის, შუმკოვი შინ დაბრუნდა. საწოლზე წამოწოლილმა არკადი ივანოვიჩმა გაიღვიძა და ჩუმად გახედა თავის მეგობარს. ძალიან განცვიფრდა, როდესაც დაინახა, რომ მას საუცხოო პარტიკულარული კოსტიუმი და ქათქათა პერანგი ეცვა. „ნეტავ სად იყო ასე გამოწყობილი? შინაც არ უსადილია!“ ამასობაში შუმკოვმა სანთელი აანთო და არკადი ივანოვიჩი მყისვე მიხვდა, რომ იგი მის, ვითომდა, უნებლიეთ გაღვიძებას აპირებდა. მართლაც, ვასიამ ორჯერ ჩაახველა, ორჯერ გაიარ-გამოიარა ოთახში და ბოლოს, სრულიად შემთხვევით, ხელი გაუშვა და ძირს დააგდო ჩიბუხი, რომლის დატენასაც კუთხეში, ღუმლის გვერდით შეუდგა. არკადი ივანოვიჩს გუნებაში გაეცინა.
- ვასია, გეყოფა ეშმაკობა! - თქვა მან.
- არკაშა, არ გძინავს?
- ღმერთმანი, დაზუსტებით ვერ გეტყვი; მგონი, არ მძინავს.
- ოჰ, არკაშა! გამარჯობა, ჩემო კარგო! ძმობილო! ძამიკო! შენ ხომ არ იცი, რის თქმას ვაპირებ!
- ნამდვილად არ ვიცი; ახლოს მოდი და ისე მიამბე.
ვასია, თითქოს ამას ელოდაო, მაშინვე მორჩილად მიეახლა მას, რას წარმოიდგენდა, რომ მხიარულების მოყვარულ არკადი ივანოვიჩს მზაკვრობა ჩაეფიქრებინა. მან მარჯვედ გაუკავა ხელები, გადაუტრიალა, იღლიის ქვეშ მოიქცია და, როგორც იტყვიან ხოლმე, „გაგუდვა“ დაუწყო მსხვერპლს. სახეზე ეტყობოდა, რომ ეს უდიდეს სიამოვნებას ანიჭებდა.
- გაები! - შესძახა მან, - ხომ გაები!
- არკაშა, არკაშა, რას აკეთებ? გამიშვი, ღვთის გულისთვის, ფრაკი დამეჭმუჭნება!..
- მერე რა? ფრაკი რაში გჭირდება? რატომ ხარ ასეთი მიმნდობი? რატომ ებმები მახეში საკუთარი ნებით? აბა, მითხარი, სად ბრძანდებოდი, ვისთან ისადილე?
- არკაშა, ღვთის გულისთვის, გამიშვი!
- სად ისადილე-მეთქი?
- სწორედ ამის შესახებ უნდა მომეყოლა.
- ჰოდა, მოჰყევი.
- ჯერ გამიშვი.
- არა, ბატონო, არ გაგიშვებ, სანამ არ მომიყვები!
- არკაშა, არკაშა! როგორ ვერ ხვდები, რომ ასე არ შეიძლება, არაფრით შეიძლება! - ყვიროდა სუსტი ვასია და მოწინააღმდეგის ღონიერი მკლავებიდან თავის დაღწევას ცდილობდა, - ხომ არსებობს ისეთი მატერიები!..
- როგორი მატერიები?..
- ისეთი, რომ, თუ მათ შესახებ ასეთ მდგომარეობაში დაიწყებ მოყოლას, ღირსება შეგელახება; არაფრით შეიძლება: სასაცილო გამოვა - არადა, ეს სასაცილო კი არა, მნიშვნელოვანი საქმეა.
- მოიგონა რა, მნიშვნელოვანიო! დამიჯერე: აჯობებს, ისე მომიყვე, რომ სიცილი ვერ შევიკავო; მნიშვნელოვანი კი არ მინდა; წინააღმდეგ შემთხვევაში, აბა, სადაური მეგობარი იქნები? ჰო, მითხარი, სადაური მეგობარი იქნები! ჰა?
- არკაშა, არ შეიძლება, ღმერთმანი!
- გაგონებაც არ მინდა...
- კარგი, არკაშა! - დაიწყო საწოლზე გარდიგარდმო გაწოლილმა ვასიამ და შეეცადა, თავისი სიტყვებისთვის მეტი მნიშვნელობა მიეცა, - არკაშა! რაც არის, არის, გეტყვი; ოღონდ...
- ოღონდ რა?..
- ის, რომ დაქორწინებას ვაპირებ!
არკადი ივანოვიჩმა სიტყვის უთქმელად ბავშვივით ხელში აიყვანა ვასია, მიუხედავად იმისა, რომ ეს უკანასკნელი დაბალი კი არა, საკმაოდ მაღალი იყო, ოღონდ გამხდარი, და მარჯვედ შეუდგა მის ტარებას ოთახის ერთი კუთხიდან მეორეში, თანაც ისეთი სახით, თითქოს რწევა-რწევით დაძინებას უპირებდა.
- ახლა სასიძოს სახვევებში გავახვევ, - თქვა მან. მაგრამ, როდესაც დაინახა, რომ ვასია მორჩილად, გაუნძრევლად იწვა მის ხელებში და კრინტს აღარ ძრავდა, მაშინვე გონს მოეგო და გაიფიქრა, რომ ხუმრობა-ხუმრობაში ზედმეტი მოუვიდა. მან იგი შუა ოთახში ჩამოსვა და გულწრფელად, მეგობრულად აკოცა ლოყაზე.
- ვასია, ხომ არ მიბრაზდები?..
- არკაშა, მომისმინე...
- კარგი რა, ახალი წელი მოდის.
- ისეთს არაფერს გეუბნები; მაგრამ, რატომ ხარ ასეთი გიჟი და გადარეული? რამდენჯერ გითხარი: არკაშა, ღმერთმანი, არ არის სასაცილო, არ არის-მეთქი!
- მაშ, არ მიბრაზდები?
- არა, განა ვინმეზე ვბრაზობ ხოლმე? მაგრამ იცოდე, რომ მაწყენინე!
- გაწყენინე? როგორ?
- შენთან ისე მოვდიოდი, როგორც მეგობართან, რათა გული გადამეშალა, ჩემი ბედნიერების შესახებ მეამბნა...
- რა ბედნიერების? მერედა, რატომ არ მეუბნები?