ავტორისაგან
ბოდიშს მოვუხდი ჩემს მკითხველს, ვინაიდან, ჩვეული ფორმის „დღიურის“ ნაცვლად, მას მხოლოდ მოთხრობას ვთავაზობ. მაგრამ თვის უმეტესი ნაწილი სწორედ ამ მოთხრობას შევალიე. ყოველ შემთხვევაში, მკითხველებს ვთხოვ, შემწყნარებლობა გამოიჩინონ.
ახლა თვითონ მოთხრობის შესახებ. მე მას „ფანტასტიკური“ ვუწოდე, თუმცა იგი უაღრესად რეალისტური მგონია. მაგრამ აქ რაღაც ფანტასტიკური მართლაც არის, კერძოდ, მოთხრობის ფორმა, ამიტომ აუცილებლობად მიმაჩნია წინასწარი ახსნა-განმარტება.
საქმე ისაა, რომ ეს არც მოთხრობაა და არც ჩანაწერები. წარმოიდგინეთ ქმარი, რომელსაც მაგიდაზე ცოლი უწევს, თვითმკვლელი, რამდენიმე საათის წინ ფანჯრიდან გადმომხტარი. იგი შფოთავს, ჯერაც ვერ მოუყრია თავი აზრებისთვის. ოთახიდან ოთახში დადის და მომხდარის გააზრებას, „საკუთარი აზრების ერთ წერტილში თავმოყრას“ ცდილობს. ჰოდა, თავის თავს ელაპარაკება, საქმის შესახებ უყვება, დეტალებს არკვევს. მოჩვენებითი თანამიმდევრულობის მიუხედავად, რამდენჯერმე ლოგიკასა და გრძნობებთან დაკავშირებით წინააღმდეგობრივ დასკვნებს აკეთებს. თავს იმართლებს, ქალს ადანაშაულებს და მეორეხარისხოვან განმარტებებს მიმართავს: აქ აზრისა და გულის უხეშობაც ჩანს და ღრმა გრძნობაც. თანდათანობით ახერხებს კიდეც საქმის გასიგრძეგანებასა და „აზრების ერთ წერტილში“ მოქცევას. მოხმობილ მოგონებებს იგი, ბოლოს და ბოლოს, უცილობლად მიჰყავს სიმართლემდე; სიმართლე გარდაუვლად უწყობს ხელს მისი გონებისა და გულის ამაღლებას. დასასრულისკენ თხრობის კილოც კი იცვლება მის უთავბოლო დასაწყისთან შედარებით. უბედურს ჭეშმარიტება საკმაოდ მკაფიო სახით, გარკვევით წარმოუდგება. ყოველ შემთხვევაში, მას ასე ჰგონია.
აი, თემა. ცხადია, თხრობის პროცესი რამდენიმე საათს გრძელდება, შიგადაშიგ გადახტომ-გადმოხტომებით, ჩანაცვლებითა და უთავბოლო ფორმით: ის ხან საკუთარ თავს ელაპარაკება, ხანაც – თითქოს უხილავ მსმენელს, ვიღაც მოსამართლეს მიმართავს. სინამდვილეშიც ხომ ყოველთვის ასე ხდება. აი, სტენოგრაფს მისი მოსმენა და ყველაფრის ჩაწერა რომ მოეხერხებინა, უფრო მქისე, დაუმუშავებელი გამოვიდოდა, ვიდრე ეს ჩემთანაა წარმოდგენილი, თუმცა, როგორც მგონია, ფსიქოლოგიური თანამიმდევრობა შესაძლოა, იგივე დარჩენილიყო. აი, სწორედ ეს ვარაუდი ყველაფრის სტენოგრაფის მიერ ჩაწერასთან დაკავშირებით (რის შემდეგაც ჩანაწერს დავამუშავებდი) არის ის, რასაც ამ მოთხრობაში ფანტასტიკურს ვუწოდებ. მაგრამ მსგავსი რამ, ნაწილობრივ, უკვე არაერთხელ შეგვხვედრია ხელოვნებაში: ვიქტორ ჰიუგომ, მაგალითად, თავის შედევრში, სახელწოდებით „სიკვდილმისჯილის უკანასკნელი დღე“, თითქმის ასეთივე ხერხით ისარგებლა და, თუმცა სტენოგრაფი არ გამოუყენებია, უფრო მეტი არარეალობა შემოგვთავაზა, როცა ივარაუდა, რომ სიკვდილმისჯილს შეუძლია (და დროც აქვს) ჩანაწერები არა მხოლოდ საკუთარი სიცოცხლის უკანასკნელ დღეს გააკეთოს, არამედ უკანასკნელ საათს და ლამის ბოლო წუთსაც კი. მაგრამ ამ ფანტაზიის გარეშე თვით ის ნაწარმოებიც არ იარსებებდა – მის მიერ დაწერილ ნაწარმოებთაგან ყველაზე ნამდვილი და მართალი.