დოსტოევსკი და მისი რომანი „ეშმაკნი“
რისთვის უნდა წაიკითხო დოსტოევსკი?
გასართობად და სახალისოდ მის წიგნს ხელში არავინ აიღებს, - „მძიმე“ მწერლად შემთხვევით კი არ მიიჩნევა! ეს ე.წ. „სიმძიმე“ იმით აიხსნება, რომ დოსტოევსკი აშიშვლებს ადამიანის შინაგან სამყაროს, წარმოგვიჩენს იმ უფსკრულს, რაც ყოველი ჩვენგანის სულის სიღრმეშია, და რომელში ჩახედვასაც გავურბივართ. მწერალი გვეუბნება სიმართლეს ადამიანზე და ეს სიმართლე, ხშირ შემთხვევაში, შემზარავია, - განსაკუთრებით, შემზარავია სიმართლე უღმერთო რევოლუციონერთა შესახებ...
დოსტოევსკი ახალგაზრდობაში თავად იყო რევოლუციონერი. საკუთარი მწარე გამოცდილება ჩააქსოვა რომანში „ეშმაკნი“. საბჭოთა პერიოდში ხსენებული რომანი, ფაქტობრივად, იგნორირებული გახლდათ. ქართულ საბჭოთა ენციკლოპედიაში ვკითხულობთ: „ეშმაკნი“ დოსტოევსკის ყველაზე რეაქციული ნაწარმოებია, იგი იმ დროის რევოლუციური მოძრაობის წინააღმდეგ მიმართული პამფლეტია“. ის ფაქტი, რომ საბჭოთა იდეოლოგები ხსენებულ რომანს ესოდენ უარყოფითად აფასებდნენ, რომანისვე სასარგებლოდ მეტყველებს და განსაკუთრებულ ინტერესს აღძრავს.
ფიოდორ მიხაილოვიჩ დოსტოევსკი დაიბადა 1821 წელს მოსკოვში. მამა მარიინსკის საავადმყოფოს ექიმი გახლდათ. წარმომავლობით დოსტოევსკთა გვარი რტიშჩევების საგვარეულოს განშტოებას წარმოადგენდა, რომელსაც სათავე დაუდო ასლან-ჩელები-მურზამ, რომელიც მოსკოვის მთავარმა დმიტრი დონელმა მონათლა ხივ საუკუნეში. მწერლის ერთ-ერთი წინაპარი ხვ საუკუნეში ლიტვაში გადასულა, სადაც მამულად მიუღია სოფელი დოსტოევო - გვარი დოსტოევსკი აქედან წარმოდგება. მწერლის წინაპრებს ხვი საუკუნიდან პოლონური აზნაურული გერბის ტარების უფლება ჰქონიათ (იმ დროისთვის პოლონეთი და ლიტვა ერთ სახელმწიფოს შეადგენდა).
მწერლის მამა ბევრს სვამდა და მეტად ეჭვიანი, სასტიკი კაცი გახლდათ. როგორც ცნობილია, იგი საკუთარმა ყმა გლეხებმა მოკლეს. დედა - მარია ნეჩაევა - მომხიბლავი, მეტად კეთილი ქალი, მდიდარი ვაჭრის ოჯახიდან იყო. მომავალი მწერლის პიროვნულ ჩამოყალიბებაზე მას დიდი გავლენა მოუხდენია. როდესაც ფიოდორი 16 წლისა შესრულდა, დედა ჭლექისგან გარდაეცვალა. მომავალი მწერალი და მისი უფროსი ძმა, მიხაილი (ოჯახში სულ შვიდი და-ძმანი ყოფილან) მამამ პანსიონში მიაბარა.
1837 წელს მომავალი მწერალი შეიყვანეს პეტერბურგის „მთავარ საინჟინრო სასწავლებელში“, რომელიც სამხედრო სპეციალისტებს ამზადებდა. სასწავლებლის დასრულებიდან ერთ წელიწადში დოსტოევსკიმ სამხედრო სამსახური მიატოვა, გადაწყვიტა პროფესიონალი ლიტერატორი გამხდარიყო. 1844 წელს თარგმნა და გამოაქვეყნა ბალზაკის „ეჟენი გრანდე“, შემდეგ კი დაბეჭდა თავისი პირველი ნაწარმოები „საბრალო ადამიანები“, რომელიც მკითხველმა აღტაცებით მიიღო. „ახალი გოგოლი გამოჩნდა!“ - შესძახა თურმე ნეკრასოვმა.
1846 წელს დოსტოევსკი დაუახლოვდა რევოლუციონერ მიხაილ პეტრაშევსკისა და მის წრეს. საიდუმლო შეკრებებზე ფრანგი სოციალისტ-უტოპისტების ტრაქტატებს, აკრძალულ ლიტერატურას კითხულობდნენ, პოლიტიკური სისტემის შეცვლის - „რუსეთში გადატრიალების მოხდენის“ გზებს განიხილავდნენ. 1849 წელს პეტრაშეველები (მათ შორის, დოსტოევსკიც) დააპატიმრეს, გაასამართლეს და დახვრეტა მიუსაჯეს. დასახვრეტად გაიყვანეს და ბოლო მომენტში გამოუცხადეს, რომ იმპერატორმა შეიწყალა და კატორღაში უშვებს. დოსტოევსკიმ ციმბირში 10 წელიწადი გაატარა, აქედან 4 - კატორღაში, შემდეგ - რიგით ჯარისკაცად. 1859 წელს იგი სანქტ-პეტერბურგში დაბრუნდა, სადაც მოთხრობებისა და რომანების წერა განაახლა. ბეჭდვის უფლება მისცეს, აზნაურისა და ოფიცრის წოდებაც აღუდგინეს. ციმბირმა მწერლის პიროვნებაში სულიერი გადატრიალება მოახდინა (კატორღის დროინდელი განცდები და შთაბეჭდილებები აღწერილია მის „მკვდარი სახლის ჩანაწერებში“), მან უარი თქვა რევოლუციურ შეხედულებებზე, და ადამიანის შინაგან სამყაროს, ღმერთის ძიებას ჩაუღრმავდა.
გადასახლებიდან დაბრუნებული დოსტოევსკი ინტენსიურად ეწევა ლიტერატურულ და ჟურნალისტურ მოღვაწეობას. მისი მთავარი ნაწარმოებებია: „დანაშაული და სასჯელი“, „იდიოტი“, „ეშმაკნი“, „ყმაწვილი“, „ძმები კარამაზოვები“.
დოსტოევსკის ორი ცოლი ჰყავდა: მარია ისაევა (რომელიც ციმბირში გაიცნო) და მისი გარდაცვალების შემდეგ - ანა სნიტკინა, ახალგაზრდა სტენოგრაფისტი ქალი, ვისთანაც ოთხი შვილი შეეძინა, ორი გოგონა და ორი ვაჟი. მწერალი რამდენჯერმე იყო ევროპაში, სადაც დიდხანს ცხოვრობდა, დაავადებული გახლდათ ეპილეფსიით. გარდაიცვალა 1881 წელს პეტერბურგში, დაკრძალულია ალექსანდრე-ნეველის ლავრაში.
რომან „ეშმაკნის“ შესაქმნელად მწერალმა ბიძგი რეალური ცხოვრებიდან მიიღო. 1869 წელს პეტერბურგში რევოლუციონერმა სერგეი ნეჩაევმა და მისი ჯგუფის წევრებმა თავიანთი ამხანაგი, სტუდენტი ივან ივანოვი მოკლეს პოლიტიკური მოტივით - პოლიციაში დაგვასმენსო. გახმაურებულმა დანაშაულმა დოსტოევსკი მეტად ააღელვა, - მაშინ იგი საზღვარგარეთ ცხოვრობდა, - მწერალმა ამ ფაქტში ერთეული კრიმინალი კი არ დაინახა, არამედ ერთ-ერთი პირველი ნიშანი იმ უბედურებისა, რაც რუსეთს ემუქრებოდა. გადაწყვიტა სასწრაფოდ დაეწერა მოკლე პამფლეტი უღმერთო რევოლუციონერებზე, მაგრამ წერის პროცესში აღმოაჩინა, რომ სათქმელი მცირე ფორმაში ვერ ეტევა. ასე შეიქმნა რომანი „ეშმაკნი“ (წიგნში ივანოვის მკვლელობა ფაბულადაა გამოყენებული - ანალოგიური დანაშაულია აღწერილი).
არსებითად თუ ვიტყვით, „ეშმაკნი“, ეს არის რომანი-გაფრთხილება, რომანი-წინასწარმეტყველება, გასაოცარი, შემაძრწუნებელი ანალიზი იმ სულიერი სენისა თუ შეპყრობილობისა, რომელმაც სულ რაღაც ორმოცდაათიოდე წლის შემდეგ საშინელი ნაყოფი გამოიღო - როდესაც ნეჩაევისა და „ნეჩაეველების“ იდეურმა მემკვიდრეებმა ე.წ. ოქტომბრის რევოლუცია მოახდინეს - იმპერია დაამხეს, სისხლის მდინარეები და ზღვები