შესავალი ციმბირის მივარდნილ მხარეებში, ტრამალებში, მთებსა თუ გაუვალ ტყეებს შორის, აქა-იქ შეხვდებით პატარა ქალაქებს ერთი, ან ორიოდე ათასი მცხოვრებით, ხის უშნო სახლებითა და ორი ეკლესიით ერთი ქალაქში დგას, მეორე კი სასაფლაოზე. ეს დასახლებები მოსკოვის გარეუბნის კარგ სოფლებს უფრო ჰგვანან, ვიდრე ქალაქებს. აქ მრავლად არიან მაზრის პოლიციის უფროსები, პროკურორები და უმცროსი ოფიცრები. ციმბირის სიცივის მიუხედავად, აქაური ჩინოვნიკები განსაკუთრებით თბილად გრძნობენ თავს. აქ ცხოვრობენ უბრალო, არალიბერალი, ტრადიციების მიმდევარი ადამიანები. ჩინოვნიკები ოფიციალურად ციმბირის თავადაზნაურობას წარმოადგენენ. ისინი ან ადგილობრივები არიან, ან ძველი ციმბირელები, ანდა რუსეთიდან, უმეტესად, დედაქალაქიდან ჩამოსულები, რომლებიც მოიხიბლნენ ხელფასით, ორმაგი სამგზავრო ანაზღაურებითა და მომავლის მაცდუნებელი იმედით.
დროთა განმავლობაში ზოგი მათგანი, ვინც ცხოვრებას ალღოს უღებს, ციმბირში სიამოვნებით მკვიდრდება და უხვ და ტკბილ ნაყოფს მოი პოვებს. თუმცა ქარაფშუტები თავს ვერ ირჩენენ. მათ ციმბირი მალე ბეზრდებათ და ნაღვლიანად ეკითხებიან საკუთარ თავს: აქ რატომ ჩამოვედითო. ისინი მოუთმენლად იხდიან სამსახურის კანონიერ ვადას, სამ წელიწადს, რომლის გასვლისთანავე დაუყოვნებლივ ხლაფორთობენ გადაყვანაზე და შინ ბრუნდებიან. ციმბირს კი ლანძღავენ და დასცინიან, თუმცა, სულ ტყუილად.
ციმბირში არა მარტო სამსახურებრივი, არამედ ბევრი სხვა კუთხითაც განცხრომით ცხოვრებაა შესაძლებელი. ჰავა შესანიშნავია; ბევრია მდიდარი და სტუმართმოყვარე ვაჭარი; მრავლად არიან შეძლებული უცხოელები. ქალიშვილები ვარდებივით ჰყვავიან და მკაცრად იცავენ ზნეობას. გარეული ფრინველი ქუჩებში დაფრინავს და მონადირეს თავზე დასტრიალებს. აქ უზომოდ ბევრ შამპანურს სვამენ. ხიზილალა საუცხოოა. ზოგ ადგილას მოსავალი უხვად მოდის. საერთოდ, კურთხეული მიწა-წყალია. მთავარია, კარგად დაამუშაონ, რასაც ციმბირში ნამდვილად ახერხებენ.
ერთ ასეთ მხიარულ და საკუთარი თავით კმაყოფილ, საყვარელი ადამიანებით დასახლებულ პატარა ქალაქში, რომლის მოგონება სამუდამოდ დარჩება ჩემს მეხსიერებაში, გადმოსახლებულ თავადს ალექსანდრ პეტროვიჩ გორიანჩიკოვს შევხვდი. ის რუსეთში დაიბადა; შემდეგ ცოლის მკვლელობისთვის მეორე თანრიგის გადასახლებულ-კატორღელი გახდა. ათწლიანი კატორღული სასჯელის მოხდის შემდეგ პატარა ქალაქ კ.-ში დასახლდა, სადაც სიცოცხლის დარჩენილ დღეებს მორჩილად და უჩუმრად ატარებდა. უფრო სწორად, ის მიწერილი იყო ერთი გარეუბნის თემზე, მაგრამ ქალაქში ცხოვრობდა და თავს ბავშვების მეცადინეობით ირჩენდა.
ციმბირის ქალაქებში ხშირად შეხვდებით გადმოსახლებულ მასწავლებლებს. ისინი ძირითადად ასწავლიან ფრანგულ ენას, რაც ცხოვრების ასპარეზზე გამოსასვლელად ძალიან საჭიროა. ამაზე ციმბირის შორეულ მხარეებში წარმოდგენაც კი არ ჰქონდათ.
ალექსანდრ პეტროვიჩს პირველად შევხვდი ერთ ძველ, დამსახურებულ, სტუმართმოყვარე მოხელე ივან ივანიჩ გვოზდიკოვთან, რომელსაც იმედის მომცემი ხუთი ქალიშვილი ჰყავდა. ალექსანდრ პეტროვიჩი მათ კვირაში ოთხჯერ ამეცადინებდა. თითო გაკვეთილში ვერცხლის ფულით 30 კაპიკს იღებდა. მისმა გარეგნობამ დამაინტერესა. ეს იყო მეტისმეტად ფერმკრთალი და გამხდარი, შუახნის ოცდათხუთმეტიოდე წლის, ჩია კაცი. ყოველთვის ძალიან სუფთად, ევროპულ ყაიდაზე ეცვა. თუ დაელაპარაკებოდით, ძალზე დაკვირვებითა და ყურადღებით შემოგხედავდათ; თქვენს ყოველ სიტყვას თავაზიანად, დაფიქრებით მოისმენდა, თითქოს თქვენი კითხვით ამოცანა დაუსახეთ ან მისგან რაღაც საიდუმლოს გაგება გინდოდათ; ბოლოს, მოკლედ და მკაფიოდ გი პასუხებდათ, თუმცა მანამდე თავის თითოეულ სიტყვას გააანალიზებდა, ამასობაში თქვენ რატომღაც თავს უხერხულად იგრძნობდით და საუბრის დასრულებამდე ერთი სული გექნებოდათ.
ივან ივანიჩს მაშინვე მისი ამბავი გამოვკითხე. მითხრა, გორიანჩიკოვი უმწიკვლოდ და პატიოსნად ცხოვრობს, თორემ არც კი მოვიწვევდი ჩემი ქალიშვილების მასწავლებლადო. თუმცა, ძალზედ მიუკარებელია, ყველას ემალება, უაღრესად განათლებულია, ბევრს კითხულობს, მაგრამ ძალიან ცოტას ლაპარაკობს და მასთან საუბარი რთულიაო. სხვები ამტკიცებდნენ, უთუოდ შეშლილიაო, თუმცა ამ ნაკლის უმნიშვნელობასაც აღნიშნავდნენ; ქალაქის ბევრი საპატიო წევრი მზად არის ყოველნაირად მფარველობდეს ალექსანდრე პეტროვიჩსო; ის გამოსადეგი კაცია, განცხადების წერა შეუძლია და ასე შემდეგო. ვარაუდობდნენ, რუსეთში კარგი ნათესაობა უნდა ჰყავდესო. თუმცა გადმოსახლების დღიდანვე მათთან ყოველგვარი ურთიერთობა გაწყვიტა, ერთი სიტყვით, საკუთარი თავის მტერიაო. ამასთანავე, ყველამ იცოდა მისი თავგადასავალი ცოლი ქორწინების პირველსავე წელს ეჭვიანობის ნიადაგზე მოკლა და დანაშაული თავადვე აღიარა (რამაც ძალზე შეუმსუბუქა სასჯელი). ასეთ დანაშაულს კი ყოველთვის უბედურებად თვლიან და დამნაშავე ებრალებათ. მაგრამ, მიუხედავად ამისა, ეს უცნაური კაცი ჯიუტად გაურბოდა ყველას და კარდაკარ მხოლოდ მოსწავლეებთან დადიოდა.
თავდაპირველად განსაკუთრებულ ყურადღებას არ ვაქცევდი; შემდეგ, თვითონაც არ ვიცი რატომ, თანდათან დამაინტერესა. მისი იდუმალება მიზიდავდა. ვერავინ გაესაუბრებოდა. რასაკვირველია, შეკითხვაზე ყოველთვის მპასუხობდა, თანაც ისეთი სახით, თითქოს ამას თავის უპირველეს მოვალეობად მიიჩნევდა; თუმცა, მისი პასუხის შემდეგ საუბრის გაგრძელება რატომღაც მიჭირდა: ასეთი საუბრების შემდეგ სახეზე ყოველთვის ერთგვარი ტანჯვისა და დაღლილობის ნიშანი აღებეჭდებოდა ხოლმე.
მახსოვს, ზაფხულის ერთ მშვენიერ საღამოს ივან ივანიჩისგან ერთად ვბრუნდებოდით. უცებ აზრად მომივიდა, თუთუნის გასაბოლებლად შინ მიმეწვია. სახეზე ენითაუწერელი შიში გამოეხატა. დაიბნა. რაღაცას