თავი I
როგორ შეიქმნა ინტერნეტი
ყოველდღიურ ცხოვრებაში ხშირად გვესმის ფრაზები, რომლებსაც არ ვუკვირდებით. ზოგიერთი ფრაზა სრულებით უსარგებლოა, ზოგი კი ინფორმაციულად-ტევადი და საინტერესო.
აი, მაგალითად, ფრაზა: гდღეს ინტერნეტი ადამიანის ცხოვრების თითქმის ყველა სფეროში შემოიჭრა“ - ზუსტად ისეთი ფრაზაა, ერთი ყურიდან რომ უნდა შეუშვა და მეორედან გამოუშვა. მეც ასე ვიზამდი, მაგრამ როდესაც ეს ფრაზა რადიოში მოვისმინე, მას საინტერესო განმარტებაც მოჰყვა. რადიოწამყვანი ჰყვებოდა:
– ინტერნეტმა რომ მართლაც ყველაფერი მოიცვა, მაშინ მივხვდი, როდესაც ქუჩაში ორი დიასახლისის საუბარს მოვკარი ყური. ერთი მეორეს რაღაც ყოველდღიური მოხმარების საგანზე ეკითხებოდა, ვერსად ვიყიდე, შენ ხომ არ იცი სად შეიძლება ვნახოო. მეორემ კი უპასუხა, ამა და ამ მისამართზე ინტერნეტში შედი და ინტერნეტითვე იყიდეო. და თუკი უკვე დიასახლისებიც ყოველდღიური მოხმარების ნივთების ყიდვისას ინტერნეტს იყენებენ, მაშინ ინტერნეტი მართლაც ყველგან ყოფილა.
– ამ რადიოგადაცემასაც ინტერნეტით ვუსმენდი.
შეშფოთებული ამერიკელი სამხედროები
ინტერნეტის შექმნის ერთი თარიღი არ არსებობს – სხვადასხვა ადამიანი ათვლის წერტილად სხვადასხვა მოვლენას ასახელებს. კაცობრიობა ტექნოლოგიებს ავითარებდა, ახალი ტექნოლოგიები კი მას ახალ შესაძლებლობებს სთავაზობდნენ, ხანდახან ძალიან მოულოდნელი კუთხითაც კი.
მას შემდეგ, რაც საბჭოთა კავშირმა, 1957 წელს, ხელოვნური თანამგზავრი შექმნა და დედამიწის ორბიტაზე გაუშვა, შეერთებული შტატების თავდაცვის უწყებამ ჩათვალა, რომ საბჭოთა კავშირში ტექნოლოგიები მაღალ დონეზეა განვითარებული და ფართომასშტაბიანი ომის შემთხვევაში ამერიკელებს დასჭირდებათ ინფორმაციის გადაცემის საიმედო სისტემა. იქამდე არსებული სისტემების ერთ-ერთი ნაკლი ის იყო, რომ მათ სამართავი ცენტრი ჰქონდათ, ანუ ადგილი, რომლის გათიშვის შემთხვევაშიც მთელი სისტემა ითიშებოდა. მაგალითად, ტელევიზიაში ცენტრალური სააპარატო თუ გამოირთო, მთელი ტელევიზია გაითიშება. რადიოც იგივე პრინციპზეა აგებული. საჭირო იყო ქსელის შექმნა, რომელსაც არ ექნებოდა ერთიანი მართვის ცენტრი და მისი სეგმენტების გათიშვის შემთხვევაში, დარჩენილი ნაწილები შეუფერხებლად იმუშავებდნენ. ამგვარად, შეიქმნა მოწინავე პროექტების კვლევის სააგენტო (Advanced Research Projects Agency), ცნობილი როგორც ARPA.
საბოლოოდ, 1969 წელს, მიიღეს გადაწყვეტილება კომპიუტერული ქსელის შექმნის შესახებ. ARPANET (Advanced Research Projects Agency Network)-ახლად შექმნილი ქსელი ოთხ ამერიკულ სამეცნიერო ინსტიტუტს აერთიანებდა და ამერიკელი სამხედროების მიერ იყო დაფინანსებული.
ქსელში ჩართული სერვერები რადიკალურად განსხვავდებოდნენ დღევანდელი კომპიუტერებისგან. მაგალითად, კომპიუტერ Honeywell DP-516-ს, მონიტორი საერთოდ არ ჰქონდა. მონიტორის მაგივრად კი ინფორმაცია სპეციალურ პრინტერებზე იბეჭდებოდა.
პირველი ინტერნეტ კავშირი
1969 წლის 29 ოქტომბერს ARPANET-ში ჩართულ ორ ობიექტს შორის პირველი კავშირი შედგა. ისინი ერთმანეთისგან 640 კილომეტრით იყვნენ დაშორებულნი. ერთი კალიფორნიის უნივერსიტეტში, ქალაქ ლოს-ანჯელესში (UCLA), მეორე კი სტენფორდის კვლევათა ინსტიტუტში (SRI) მდებარეობდა. ჩარლი კლაინი (Charley Kline) ცდილობდა სტენფორდის კვლევათა ინსტიტუტის კომპიუტერს დაკავშირებოდა და მისთვის მონაცემები გადაეგზავნა. მონაცემთა გადაცემის პროცესს სტენფორდის კვლევათა ინსტიტუტში ბილ დუვალი (Bill Duvall) აკვირდებოდა. ამ ისტორიული ექსპერიმენტის შედეგებს იგი კოლეგას ტელეფონის საშუალებით ამცნობდა. პირველი სეანსის მიმდინარეობისას მხოლოდ სამი სიმბოლოს გადაგზავნა (LOG) მოხერხდა, რის შემდეგაც ქსელმა შეწყვიტა ფუნქციონირება. გადასაცემი სიტყვა LOGON უნდა ყოფილიყო (ანუ სისტემაში შესვლის ბრძანება). სისტემის სამუშაო რეჟიმში დაბრუნება მხოლოდ საათნახევრის შემდეგ მოხერხდა და შემდეგი ცდა წარმატებით დასრულდა. ზუსტად ეს თარიღი შეიძლება ჩაითვალოს ინტერნეტის დაბადების დღედ.
კომპიუტერი Honeywell
ARPANET-ში სულ უფრო მეტი ამერიკული სასწავლო და სამეცნიერო დაწესებულება ერთიანდებოდა. 1973 წელს ტრანსატლანტიკური კაბელის საშუალებით ქსელში პირველად ჩაერთო არაამერიკული ორგანიზაციები (დიდი ბრიტანეთიდან და ნორვეგიიდან). ამგვარად, ქსელი საერთაშორისო გახდა. სამოცდაათიან წლებში ქსელი, ძირითადად, ელექტრონული გზავნილების (email-ების) მიღებისა და გაგზავნისთვის გამოიყენებოდა. მაშინვე გაჩნდა პირველი Electronic mailing list, News Groups, Bulletin Board System (BBS).
იმ დროისათვის არსებული ქსელი ჯერ კიდევ ვერ ურთიერთქმედებდა თავისუფლად სხვა ქსელებთან, რომლებიც განსხვავებული პრინციპებით იყო აგებული. 1982-83 წლებში შეიქმნა ერთიანი სტანდარტი, რომელსაც TCP/IP ჰქვია. ეს სტანდარტი დღესაც გამოიყენება სხვადასხვა ქსელის გასაერთიანებლად. TCP/IP-პროტოკოლი გულისხმობს, რომ ქსელში ჩართულ ნებისმიერ მოწყობილობას (კომპიუტერს) ენიჭება ნომერი, ანუ IP-მისამართი და ვინაიდან ყველა კომპიუტერს, რომელიც დღეს ინტერნეტშია ჩართული, თავისი უნიკალური ნომერი აქვს, მათ შორის კომუნიკაციაც მოწესრიგებულია.
1983 წელს гინტერნეტი“ ერთიანი ქსელის სახელი გახდა. ქსელისა, რომლის მნიშვნელოვან ნაწილს ARPANET-ი წარმოადგენდა. შეიძლება ითქვას, რომ ARPANET-ი იქცა ინტერნეტად.
1989 წელს ევროპაში, ცერნის ლაბორატორიაში (ფრ. Conseil Européen pour la Recherche Nucléaire, CERN), დაიბადა ვების (World Wide Web (WWW)) კონცეფცია. იგი ბრიტანელმა მეცნიერმა ტიმ ბერნეს ლიმ (Sir Timothy John «Tim» Berners-Lee) წარმოადგინა. იდეა, ერთი შეხედვით, მარტივი და ბუნებრივი იყო – იმის ნაცვლად, რომ ინტერნეტის მომხმარებლებს ერთმანეთისთვის ინფორმაცია გაეგზავნათ, საშუალება უნდა ჰქონოდათ, ინტერნეტში გვერდები შეექმნათ, რომელთა საშუალებითაც, ინფორმაციის ინტერნეტში განთავსება იქნებოდა შესაძლებელი. ასე გაჩნდა ჩვენთვის ნაცნობი ფორმა - ვებგვერდი. ეს გვერდები ერთმანეთთან ბმულებით უნდა ყოფილიყო დაკავშირებული, რათა ადამიანი მისთვის საინტერესო ინფორმაციის აღმოჩენის შემთხვევაში, ადვილად გადასულიყო სხვა გვერდზე და მიეღო დამატებითი მასალა მისთვის საინტერესო თემის შესახებ.
ინტერნეტი ყველგან
1990 წელს ინტერნეტში სატელეფონო ხაზით (Dialup access) შეერთება გახდა შესაძლებელი. ამგვარად, ინტერნეტის მოხმარება მარტივი და ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდა. ამან ინტერნეტში მასობრივ ჩართვას შეუწყო ხელი.
დღესდღეობით, ინტერნეტში ჩართვის უამრავი სხვადასხვა საშუალება არსებობს: თანამგზავრული კავშირი, ტელეფონი, ფიჭური კავშირი, სპეციალური ოპტიკურ-ბოჭკოვანი ხაზები და სხვა. ვები დღევანდელი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა.
ინტერნეტის აუდიტორია ხუთი წლის განმავლობაში 50 მილიონ მომხმარებლამდე გაიზარდა. სხვა მასობრივი საინფორმაციო საშუალებებს მსგავსი რეზულტატის მისაღწევად გაცილებით დიდი დრო დასჭირდათ, მაგალითად რადიოს 38 წელი, ტელევიზიას – 13, ინტერნეტს კი სულ რაღაც 5 წელი.
2010 წლის იანვრიდან ინტერნეტით სარგებლობა საერთაშორისო კოსმოსური სადგურიდანაც გახდა შესაძლებელი. როდესაც ერთ-ერთ კოსმონავტს ჰკითხეს, როგორ გამოიყენა პირველად ინტერნეტი კოსმოსში, მან უპასუხა, რომ კოსმოსიდან თავისი მეუღლისთვის ინტერნეტის საშუალებით საჩუქარი დაუკვეთა.