ანტიკრიზისული მენეჯმენტი
განსაკუთრებით, აქ ჩვენთან, სადაც მოვლენები ხშირად ელვის სისწრაფით ვითარდება და შეიძლება ერთ კვირაში, ან სულაც ერთ დღეში აღმოჩნდეს, რომ სულ სხვა ქვეყანაში ცხოვრობ. ასეთი ცვლილებები გვაიძულებს ყოველთვის ვიყოთ ფორმაში, აღვიქვავდეთ და ვაკონტროლებდეთ გარემოს და სწორად ვრეაგირებდეთ მასში მიმდინარე პროცესებზე.
ანტიკრიზისული მენეჯმენტი, ეს არის ავარიული მოქმედებების კომპლექსი, რომელიც ორგანიზაციებს ეხმარება გაცილებით უფრო მოქნილები, მობილურები და სიცოცხლისუნარიანები იყვნენ განსაკუთრებულად შეცვლილ გარემოში. ანუ იქ, სადაც გუშინდელი მეთოდები, მიდგომები, წესები და ჩვევები შედეგებს ვეღარ იძლევა, იქ, სადაც ცხოვრება სულ სხვა კალაპოტში იწყებს სვლას, იქ სადაც, ახალი ორგანიზაცია, ახალი სიცოცხლე და ახალი სისხლი ხდება საჭირო.
ანტიკრიზისული მენეჯმენტი ეხმარება ორგანიზაციებს გადარჩნენ, გაერკვნენ, მოერგონ ახალ გარემოს, შეინარჩუნონ ყველაზე ღირებული, შეიძინონ აუცილებელი და ჩამოიცილონ ის, რაც შესაძლოა მნიშვნელოვანი, ან სულაც მთავარი იყო ძველ გარემოში, მაგრამ ახალში, შესაძლოა ორგანიზაციის დაღუპვის ძირითადი მიზეზი გახდეს.
ანტიკრიზისული მენეჯმენტი არ შეიძლება იყოს ორგანიზაციის მუდმივი მდგომარეობა, ჩვეულ გარემოში ორგანიზაცია როგორც წესი, საერთოდ განსხვავებული სქემითა და მიდგომებით იმართება, მაგრამ ორგანიზაციები აყალიბებენ მართვის ავარიულ რეჟიმს, რომელიც ირთვება, როცა გარკვეული ინდიკატორები სათანადო სიგნალს იძლევიან. მაგალითად, როდესაც შემოსავლები კლებულობს კატასტროფული სიჩქარით, დიდი გადინება ხდება ვალდებულებებში, ან აქტივების სწრაფი გაუფასურების სახით, ან რისკების ზრდის სახით. ამ დროს საფრთხეები მწვავდება განსაკუთრებით. სწორედ ასეთ დროს, იმისათვის, რომ დრო არ დაკარგო, სწრაფად იგრძნო საფრთხე, და დროულად და ადეკვატურად იმოქმედო, საჭიროა გქონდეს წინასწარ ჩამოყალიბებული, კარგად გააზრებული ავარიული მოქმედებების გეგმა, რომელიც მოგცემს საშუალებას ორგანიზაცია ჩვეულიდან ექსტრემალური მენეჯმენტის რეჟიმში გადართო.
ანტიკრიზისული მენეჯმენტი არის პროცესი, რომელიც მოიცავს წინაკრიზისულ მენეჯმენტს, კრიზისის მართვას, პოსტკრიზისულ მოქმედებებსა და გადაწყვეტილებებს.