მენეჯმენტი მენეჯერების გარეშე
უკვე ათ წელიწადზე მეტია, რაც ყოველწლიურად მსოფლიოს ცნობილი კომპანიების ასობით სხვადასხვა მენეჯერი ჩადის ბრაზილიაში, სან-პაულოში, რათა საკუთარი თვალით ნახოს კომპანია, რომელმაც არ იცის, რა არის ადმინისტრაციული ხარჯები, რეცეფცია, მარკეტინგის განყოფილება, სამუშაო ტიტულები; რომლის თითოეული თანამშრომელი თვითონ წყვეტს, რომელ საათზე, რომელ დღეს მოვიდეს სამუშაოზე, რამდენი საათი, რა დატვირთვით, რა თანმიმდევრობით იმუშაოს და როდის, რა ვადით აიღოს შვებულება; რომლის თანამშრომელთა დიდ ნაწილს უფლება აქვს თვითონ განსაზღვროს საკუთარი ხელფასის და სამივლინებო ხარჯების ოდენობა.
და ეს სულაც არაა პატარა კომპანია, მასში ათასამდე ადამიანი “მუშაობს”. დიახ, ბრჭყალებში, რადგან ეს არ არის უბრალო მუშაობა. ისინი ფიქრობენ, ქმნიან და ცხოვრობენ, კომპანიაც მათთან ერთად ცხოვრობს, იზრდება და ვითარდება. თანამშრომლები გრძნობენ, რომ ისინი კომპანიას ეკუთვნიან მისი ნაწილები არიან, ხოლო კომპანია კი - მათ. იგი მათი ცხოვრების ნაწილია. ეს არაა უბრალო კომერციული ორგანიზაცია, ესაა ერთი დიდი ოჯახი, ტომი, რომელიც საკუთარი და საზოგადოებრივი კეთილდღეობის გამო არსებობს და შრომობს არა იმიტომ, რომ ფული იშოვოს, არამედ იმიტომ, რომ უკეთ იცხოვროს და სხვებსაც ცხოვრების უკეთესი პირობები შეუქმნას; ტომი, რომლის ბელადია რიკარდო ზემლერი.
ცოტა ისტორია
“სემკო” ყოველთვის როდი იყო ასეთი ერთ მუშტად შეკრული, დემოკრატიასა და პიროვნული თავისუფლების იდეებზე დაფუძნებული ტომი. ის ვერც იქნებოდა ასეთი, რადგან იმ ხანად, როდესაც ანტონიო კურტ ზემლერმა - ავსტრიელმა კონსტრუქტორმა არგენტინაში რამდენიმეწლიანი წარმატებული საქმიანობის შემდეგ დიდი ეკონომიკური პოტენციალის მქონე ბრაზილიაში საკუთარი ბიზნესის წამოწყება გადაწყვიტა, მსოფლიო მენეჯმენტში ტეილორისეული შეხედულებები ბატონობდა. უფროსმა ზემლერმაც იმდროინდელი მოდის თანახმად, მკაცრად ვერტიკალური სტრუქტურის მქონე “მახინა”, სახელად “ზემლერი და კომპანია” (Semler&Company) ააგო და 1953 წლიდან სხვადასხვა მოწყობილობების წარმოება დაიწყო. სულ ცოტა ხანში კომპანიამ ბრაზილიის სამხედრო ფლოტთან მომგებიანი კონტრაქტი გააფორმა წყლის ტუმბოების წარმოებაზე და მისი საქმეებიც წინ წავიდა, მაგრამ სამოცდაათიანი წლების ბოლოს ბრაზილიაში მომხდარმა ინფლაციამ და ეკონომიკურმა არასტაბილურობამ კომპანიის არსებობა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა. კომპანია ვალებში აღმოჩნდა. მისი ტუმბოები გაკოტრებული სახელმწიფოს ფლოტს აღარ სჭირდებოდა. მოკლედ, აშკარა იყო, რომ რაღაც უნდა შეცვლილიყო.