რა გვიშლის ხელს უფრო მეტის და უკეთესად კეთებაში
ორგანიზაციაში, სადაც ვმუშაობთ, ჩვენი ხელმძღვანელების მხრიდან ხშირად ვისმენთ საყვედურის ტონით გამოთქმულ კითხვებს - რატომ არ ვმუშაობთ მეტს, რატომ არ ვაკეთებთ უფრო ღირებულს, რატომ არ გვაქვს უკეთესი შედეგები. და მაშინაც, როცა ისინი ამას არ გვეკითხებიან, მათ უკმაყოფილო გამოხედვაში ეს კითხვები თითქმის ყოველთვის ცხადად იგრძნობა.
შესაძლოა, ეს იმ ჩვევების ბრალია, რომლებმაც ასე ღრმად და მყარად მოიკიდა ფეხი ჩემი და ჩემი კოლეგების ცხოვრებასა და ხასიათში.
როგორ შეიძლება იმუშაო ნაყოფიერად და გააკეთო რაიმე ღირებული როდესაც მუშაობას ოფიციალურად 10 საათზე ვიწყებთ, თანამშრომლების დიდი ნაწილი მხოლოდ 11–ზე მოდის და ხელმძღვანელები 12 საათამდე, თითქმის ყოველთვის, სადღაც შეხვედრაზე ყოვნდებიან. რაღა უნდა მოასწრო დღის დარჩენილ ნაწილში, როცა ყველაზე საუკეთესო და პროდუქტიულ დროს გზაში და ერთმანეთის მისალმება-მოკითხვაში ვატარებთ.
როგორ შეიძლება იმუშაო ნაყოფიერად და რაიმე განსაკუთრებულ შედეგს მიაღწიო როდესაც ყოველ საღამოს 10 საათამდე, ან 11–მდე, ან თათბირის მოლოდინში ხარ, ან დაუმთავრებელ თათბირზე ზიხარ, ან თუ მიზეზი იპოვე და გამოძვერი ოფისიდან სინდისი გქენჯნის იქ დატოვებული კოლეგების გამო. გვგონია, რაც უფრო გვიან ვტოვებთ სამსახურს მით უფრო დიდი შანსი გვაქვს ხელმძღვანელს თავი მოვაწონოთ. ყველას, ვინც ასე არ იქცევა, ვუყურებთ როგორც მტერს, რომელსაც რაღაცა მიაქვს, მიუხედავად იმისა რამდენს და როგორ აკეთებს.
როდის უნდა ვაკეთოთ უფრო მეტი, როცა ჩვენი სამუშაო დღე ერთ დიდ თათბირად, ან თათბირიდან თათბირზე გადასვლად იქცა. საიდანაც თითქოს კი გამოვდივართ ნამუშევრის განწყობით, მაგრამ გულის სიღრმეში მაშინვე, ხოლო მოგვიანებით შედეგებშიც, ვხვდებით, რომ თითქმის ტყუილად დაგვიკარგავს დრო.
რა მუშაობის განწყობა უნდა გვქონდეს და რომელს მაშინ როდესაც, ყველა სახლში ისედაც გვიან დაბრუნებული მთელ ღამეს ტელევოზორის წინ ვატარებთ რეალური ცხოვრების ამსახველი გაუთავებელი მძაფრი სიუჟეტების და დაუსრულებელი პოლიტიკური პერიპეტიებისთვის თვალყურის დევნებაში და მერე მთელ ღამეს ძილ-ღვიძილი გვაწვალებს გაყოლილი შფოთითა და სადარდებელით არეულ-დარეული დროების გამო იმაზე ფიქრით, გვეშველება თუ არ გვეშველება, გადავრჩებით თუ ვერა.
როგორ უნდა ვიმუშაოთ უკეთესად და გავაკეთოთ რამე ღირებული, როცა არც ერთი შაბათ-კვირა პრაქტიკულად დიდი თუ არა მცირე სუფრის გარეშე ვერ ჩაივლის. სადაც ყველას უნდა დავუმტკიცოთ რომ კაცები ვართ, ბევრი უნდა დავლიოთ, ბევრი უნდა ვჭამოთ და მანამ არ უნდა მოვიცვალოთ იქიდან ფეხი, სანამ მდგომარეობა კონტროლიდან არ გამოვა. და მერე მინიმუმ რამოდენიმე დღე უნდა ვიწუწუნოთ და ვიკვნესოთ გაუთავებელი თავის ტკივილისა და უქეიფობის გამო, ხოლო კვირის დარჩენილი დღეებს მაგრად გატარებულ დროზე ტკბილ მოგონებებს ვუზიარებდეთ კოლეგებს.
რა შედეგებს უნდა მივაღწიოთ, როდესაც, დროის უდიდეს ნაწილს, დღესაც და ღამესაც, შაბათ-კვირას თუ სამუშაო დღეებს, ზამთარსა თუ ზაფხულს ისეთ მდგომარეობაში ყოფნით ვატარებთ, როდესაც არც ვმუშაობთ და არც ვისვენებთ. დასვენების ჩვევა ისევე არ გვახასიათებს, როგორც მუშაობის. შეგვიძლია საათები ვიყუროთ ფანაჯარაში, ველაპარაკოთ ერთმანეთს ან კომპიუტერში დაუსრულებლად ვათვალიეროთ სოციალურ ქსელებში, ფორუმებსა და პოპულარულ საიტებზე ატვირთული სიახლეები. ხელფასს თუ მაინც იმდენს მოგვცემენ რა პრობლემაა?
თუ რამეს ვაკეთებთ ძირითადად ერთმანეთის დასანახად. ერთ სამსახურში ყოფნის რაც უფრო დიდ ხნის სტაჟი გვაქვს, მით უფრო ოსტატურად ვახერხებთ, ვიმუშაოთ ზუსტად იმდენი, რამდენიც საყვედურს აგვაცილებს და სამსახურის შენარჩუნების საშუალებას მოგვცემს. ჩვენ შორის ყველაზე მოხერხებულები კი იმასაც ახერხებენ, რომ სულ მინიმალური ძალისხმევით გამოირჩეოდნენ დანარჩენებისგან, თანაც შექებაც კი დაიმსახურონ.
ჩვენ ხომ არც დაწყება ვიცით არაფრის დროულად და ნორმალურად და როცა ვიწყებთ აღარ ვამთავრებთ, სანამ უხერხული არ გახდება. წერტილის დასმა ისევე გვიჭირს, როგორც პირველი ასოს დაწერა. უკვე დიდი ხანია ეს ჩვენი სამუშაო ცხოვრების გამოკვეთილ მახასიათებელად იქცა.
და თუ რამეს ვაკეთებთ, უფრო იმისთვის, რომ ვიღაცას ვაჯობოთ, ან დავანახოთ – რამდენად ჭკვიანები ვართ, რამდენის გაკეთება შეგვიძლია. მაშინაც კი, როცა დიდად არც არავის აინტერესებს ვინ ვართ და რას ვაკეთებთ.
არასდროს, ერთი წამითაც კი არ ვუშვებთ თავში აზრს, რომ იმისთვის ვაკეთოთ, ან ვიფიქროთ, რომ ვიღაცას ვარგოთ, ან ბედნიერება მივანიჭოთ. და თუ მაინც ყველა ბარიერი გამოიარა ამ აზრმა, ჩვენამდე მოაღწია, ვიღიმით და ირონიულად ვამბობთ - კარგი რაა, რა სისულელეა, რეალურ რაღაცეებზე ვიფიქროთ. ჩვენ ხომ მხოლოდ ჩვენთვის შეგვიძლია რაღაცა ვაკეთოთ. აზრიც კი, რომ სხვისთვის გაკეთებული, შეიძლება, უკეთესი გამოვიდეს, მიუღებელი და გაუგებარია.
როგორ შეიძლება, რაიმე სერიოზულ წარმატებას მივაღწიოთ მაშინ, როდესაც სხვისი წარმატება, რამდენად დიდიც არ უნდა იყოს ის, მხოლოდ გამართლებაა, ხოლო ჩვენი სულ პატარა გამარჯვებაც კი ღირსეული შრომის დამსახურებული შედეგია. როცა