მამოძრავებელი მიზანი
ალბათ არაფერია იმაზე მეტად მოსაწყენი, როგორც უმიზნოდ ცხოვრება. როცა არ იცი ზუსტად რატომ უნდა ადგე დილით საწოლიდან, რატომ უნდა წახვიდე სამსახურში ან სასწავლებელში, ვისთვის უნდა იმუშავო, რატომ უნდა აკეთო ის, რაც უნდა აკეთო.
ერთხელ, მახსოვს, ექიმი ვნახე, რომელიც მხოლოდ 3-5 წუთს უთმობდა საშუალოდ თითო პაციენტს, იმისათვის, რომ მის კარებთან მდგარ უშველებელ რიგს მომსახურებოდა. ძალიან ეჩხუბებოდა ნებისმიერს, ვისაც ადრე უკვე ჰქონდა მისი მკურნალობა გავლილი და იგივე დაავადებით ბრუნდებოდა იმის გამო, რომ მისი გაფრთხილება არ გაითვალისწინა - ჩხუბობდა, რატომ მაკარგვინებთ დროსო. სპეციალურ ჟურნალს აწარმოებდა, სადაც ყველა პაციენტს ნომრავდა და იწერდა მათზე ინფორმაციას. სულ გადაშლილი წიგნები და ჟურნალები ეწყო სამუშაო მაგიდაზე. მედიკამენტებთან ერთად იყენებდა ლაზერსაც და რაღაც ბალახებს ატანდა კიდევ პაციენტებს რათა საბოლოოდ განკურნებულიყვნენ. ერთხელ, მახსოვს, მაღალი სიცხით იყო და მაინც ენერგიული და თვალებანთებული იღებდა ავადმყოფებს. სულ მიკვირდა, რა აძლევდა ამ ადამიანს ამდენი მუშაობის ძალას. სანამ ერთხელ მის ხელის საბან ნიჟარასთან წარწერა არ შევნიშნე - “ასი ათასი განკურნებული პაციენტი”.
ადამიანები, რომლებსაც რაღაცა რთული, კონკრეტული და ამასთან ძალიან სასურველი მიზანი აქვთ დასახული ბევრად უფრო მეტის გაკეთებას ასწრებენ, ბევრად უფრო საინტერესოდ ცხოვრობენ, ბევრად უფრო ენერგიულები, ორგანიზებულები და პროდუქტიულები არიან. მათთვის პატარა დამარცხებებიც სასარგებლო გაკვეთილებია, ყველაზე დიდი გამარჯვებებიც კი უბრალოდ საშუალებებია კიდევ უფრო მეტის და უფრო კარგად საკეთებელად. ასეთი ადამიანები დიდ ყურადღებას უთმობენ იმას, თუ სად არიან, რას აკეთებენ, ყოველდღე ცდილობენ ბევრი და ნაყოფიერად იმუშაონ და მუდმივად სწავლობენ როგორ აკეთონ საკუთარი საქმე კიდევ უფრო კარგად და კიდევ უფრო მეტი იმისათვის, რათა დასახულ მიზანს მიაღწიონ.