ქართველი მენეჯერის აღსარება
გამარჯობათ, მე ტიპიური ქართველი მენეჯერი ვარ მისთვის დამახასიათებელი დადებითი და უარყოფითი თვისებებით. მეც მინდა, რომ სწრაფად მივაღწიო დიდ წარმატებებს და აღიარებას, მეც მინდა, რომ დაფასებული ვიყო ყველასთვის, ვისი აზრიც ჩემთვის მნიშვნელოვანია. მეც მინდა, ყველა აღფრთოვანებით საუბრობდეს ჩემზე, ჩემს მიღწევებზე, მინდა ვუყვარდე თანამშრომლებს, ამავე დროს ეშინოდეთ ჩემი, რიდი ჰქონდეთ და პატივისცემა. აღიარებდნენ ჩემს შესაძლებლობებს და უნარებს, ჩემს დიდ წვლილს იმაში, რასაც ჩვენი ორგანიზაცია აკეთებს და მუდმივად ცდილობდნენ, იყვნენ ჩემსავით კარგები, ჭკვიანები და შედეგიანები.
მინდა, მაგრამ, სამწუხაროდ, არ გამომდის. არა, ძალიან ცუდად კი არ არის საქმე, უბრალოდ, მე უფრო მეტი მინდა და ამიტომაც. ერთხელ (ადრე არასდროს მიქნია იგივე) დავჯექი და გადავწყვიტე კარგად დავფიქრებულიყავი – რატომ არ გამოდის ყველაფერი ისე, როგორც მინდა, რატომ ვერ ვაღწევ ამ ყველაფერს, არა მგონია, მაგრამ, შემთხვევით, ჩემი ბრალიც ხომ არ არის ამაში რამე. ასეთ განსჯაში რამოდენიმე დასკვნამდე მივედი. აღმოვაჩინე რაღაცეები, რაც არ მომეწონა ჩემში და მინდა აზრები გაგიზიაროთ, იქნებ თქვენც რამეში გამოგადგეთ ჩემი მიგნებები.