ამურის სამი ისარი
უცნაური რამ არის სიყვარული. უკვე მრავალი საუკუნეა, რაც კაცობრიობა ცდილობს გაიგოს საიდან იბადება ეს გრძნობა და რა კანონზომიერებებს ექვემდებარება. მაგრამ, როგორც ცნობილია, ყველა ეს მცდელობა უშედეგოდ დამთავრდა, რადგანაც ვერავინ შეძლო, სიყვარულის ფორმულა გამოეყვანა. ამას ხომ ძალიან მარტივი ახსნა აქვს, ანტიკური ხანიდან არის ცნობილი, რომ სიყვარულს პატარა ცელქი ამურები განაგებენ, და ყველაფერი მათ კაპრიზებზეა დამოკიდებული. და თუკი ამურის მიერ ნატყორცნი ისარი ორ გულს განგმირავს (ერთი ისარი ორ გულს), ამ ორ ადამიანს ერთმანეთი შეუყვარდება.
* * *
ის დიდ ხანს ვარჯიშობდა ისრის სროლაში. ახლა კი ნერვიულობდა. ახლა ძალიან ნერვიულობდა, რადგანაც პირველად თავის ცხოვრებაში, ნამდვილი ისრები ეჭირა ხელში, სიყვარულით სავსე ისრები. მას ეშინოდა, რომ მიზანში ვერ მოარტყამდა, ეს ხომ არც ისე ადვილია, ერთი ისრით ორი გული განგმირო. ამური ფრთების ნერვიული ქნევით ერთ ადგილას გაშეშდა. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანებისთვის იგი უხილავი იყო, თავად მშვენივრად ხედავდა გამხდარ, სათვალიან ახალგაზრდას, რომელიც პარკში მისეირნობდა. იქვე შორიახლოს, ახალგაზრდა გოგონა იჯდა დიდი წიგნით ხელში და კითხულობდა. აჰა, გაიფიქრა ამურმა და მშვილდი მომართა. იგი გულდასმით უმიზნებდა, უმიზნებდა, უმიზნებდა და ბოლოს გაისროლა. გაისროლა და ააცდინა. ისარმა გამხდარი ახალგაზრდას გული განგმირა და სადღაც გაუჩინარდა. ეს ძალიან სევდიანია, პირველი გასროლა და... ეჰ გაიფიქრა ამურმა, მაგრამ იმედი არ დაკარგა და თავიდან მომართა მშვილდი. იგი პირველზე უფრო დიდი მონდომებით უმიზნებდა, პირველზე უფრო დიდხანს ემზადებოდა და ბოლოს გაისროლა. მეორე გასროლა და მეორე წარუმატებლობა. ისარმა გოგონას გული განგმირა და სადღაც გაუჩინარდა. აი ეს კი ნამეტანია, გაიფიქრა ამურმა. ერთი მოწყენილი წრე დაარტყა ჰაერში და თავისი წარუმატებლობის ადგილს გაეცალა.