წინათქმა
რიჩარდ ლომგული, XII საუკუნის მეფე და რაინდი, ისტორიული პიროვნებაა, მაგრამ სინამდვილეში ის, როგორც მოვლენა, გაცილებით მეტია, ვიდრე წარსულში რეალურად არსებული ერთი კონკრეტული მმართველი, რომლის ცხოვრება - გმირობები იქნება თუ საბედისწერო წარუმატებლობანი - მემატიანეებს საკმარისად დეტალურად აქვთ აღწერილი...
რიჩარდ ლომგული ლეგენდარული, განუმეორებელი ფიგურაა, - თუნდაც მხოლოდ მისი უნიკალური მეტსახელი რად ღირს: „ლომგული“ (ინგლისურად - Richard the Lionheart, ფრანგულად - Richard Cœur de Lion). მიუხედავად იმისა, რომ მას მთელი ათი საუკუნე გვაშორებს (ცხოვრობდა 1157-1199 წლებში), მეფე რიჩარდი ჩვენი თანამედროვე, XXI საუკუნის კულტურის შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს სწორედ იმიტომ, რომ ლეგენდადაა ქცეული. თუმცა, გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რიჩარდ ლომგული სიცოცხლეში უკვე წარმოადგენდა ლეგენდას - მეტსახელი „ლომგული“ უელსელმა ჟირო დე ბარიმ, სენტ-დევიდის ეპისკოპოსმა, მაშინ შეარქვა, როდესაც რიჩარდი ჯერ ოცი წლისაც არ იყო! - ხოლო მისი ტრაგიკული დაღუპვის შემდეგ ამ ლეგენდამ ახალ-ახალი ფერები, სიღრმე და მასშტაბი შეიძინა.
ევროპულ ცივილიზაციაში მისი პიროვნების პოპულარობას განსაკუთრებით შეუწყო ხელი შესანიშნავი ინგლისელი მწერლის, ვალტერ სკოტის რომანებმა, XX-XXI საუკუნეების მასობრივ კულტურაში კი - კინემატოგრაფმა: რიჩარდ ლომგულზე არაერთი მხატვრული თუ სამეცნიერო-პოპულარული ფილმია გადაღებული.
მაგრამ ერთია ლეგენდა და მეორე - რეალური პოროვნება. როგორი იყო რიჩარდ ლომგული სინამდვილეში? მისი ხასიათის რა თვისებებმა, ანდა კონკრეტულად რა მოქმედებამ თუ საქციელმა განაპირობა ლეგენდის დაბადება? რამდენადაა გაზვიადებული მასზე არსებული სტერეოტიპული წარმოდგენები? ჩვენს წიგნში ამ და სხვა მსგავს კითხვებს ვეცდებით, დასაბუთებული, არგუმენტირებული პასუხი გავცეთ...
რიჩარდ ლომგულის რეალური ცხოვრება არათუ გამოდგება რაინდულ-სათავგადასავლო რომანის სიუჟეტად, არამედ თავისთავად წარმოადგენს კიდეც ასეთ რომანს. თუმცა წინასწარვე უნდა შევნიშნოთ - მეფე რიჩარდი ძალზე რთული, წინააღმდეგობრივი, იმპულსური პიროვნება გახლდათ, ამიტომ მასზე გამარტივებულად და სწორხაზოვნად წერა არ ეგების. უფრო მეტიც, შეუძლებელიც კი არის, თუკი მკვლევარი ანდა მწერალ-პოპულარიზატორი საქმეს კეთილსინდისიერად მიუდგება. ეს გარემოება, რა თქმა უნდა, გარკვეულ სირთულეებს ქმნის მისი ცხოვრებისა და მოღვაწეობის აღწერისას, მით უფრო, რომ თანამედროვე მკითხველისთვის, უმეტესად, უცნობია იმ ეპოქის საზოგადოებრივი კონტექსტი და რეალიები, რომელთა გააზრების გარეშე ძალზე ძნელია ადეკვატური წარმოდგენა შეიქმნა XII საუკუნის ყოფა-ცხოვრებასა თუ ურთიერთობების თავისებურებებზე. ამიტომ, იძულებული ვიქნებით, რამდენადაც შესაძლებელია, გარკვეული ყურადღება დავუთმოთ ისეთი კულტურულ-ისტორიული ფენომენების დახასიათებას, როგორიცაა, ვთქვათ, შუა საუკუნეების კურტუაზული კულტურა თუ ტრუბადურების პოეზია.
ასევე, განსაკუთრებულ ყურადღებასა და სიფრთხილეს მოითხოვს ცალკეული ისტორიული პიროვნებისა და მოვლენის აღწერა-დახასიათება თუ მიმოხილვა. ისეთი პიროვნებების, როგორიცაა, ვთქვათ, სალადინი, რომელიც თავად გახლდათ ლეგენდარული ფიგურა, რიჩარდ ლომგულის მთავარი მიწინააღმდეგე მესამე ჯვაროსნული ლაშქრობისას (რომლის გმირიც სწორედ მეფე რიჩარდი იყო), ანდა ლაშქრობის პროცესში მისი მოკავშირე, იმავდროულად მეტოქე, და შემდგომ, მტერი, საფრანგეთის მეფე ფილიპე ავგუსტი, ანდა რიჩარდის მშობლები, ჰენრიხ II და ალიენორა აკვიტანელი. ასევე ვერაფრით ავარიდებთ თავს საკუთრივ ჯვაროსნული ლაშქრობების, როგორც ისტორიული მოვლენის, განხილვასა და ერთგვარ, მოკრძალებულ შეფასებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენი წიგნი რიჩარდ ლომგულზე არასრული იქნება და შეიძლება მკითხველს სახელოვან გმირზე არასწორი წარმოდგენა შეექმნას.
თუმცა რიჩარდ ლომგულის ცხოვრებისა და მოღვაწეობის, მისი თანადროული ისტორიული რეალიების, მოვლენებისა თუ პიროვნებების აღწერისას ვეცდებით ზომიერება დავიცვათ, რათა ტექსტი ზედმეტად არ გადავტვირთოთ და არ დავამძიმოთ. სწორედ ამიტომ, წყაროებისა და მეცნიერული ნაშრომების ციტირებას მინიმალურად მოვახდენთ, წიგნი ცოცხალი, მსუბუქი საკითხავი რომ იყოს.
საერთო ჯამში, ჩვენი წიგნი სამეცნიერო-პოპულარული ჟანრის კომპილაციური ნაშრომია, - სამეცნიერო-პოპულარულ შრომებში ასახულ ისტორიულ დოკუმენტებსა და წყაროებზე დაფუძნებული თხრობაა, ერთგვარი მოზაიკური სურათია, რომლის მიზანია რიჩარდ ლომგულის მოცულობითი პორტრეტის დახატვა, რაც საშუალებას მოგვცემს, მისი პიროვნება შეძლებისდაგვარად ახლოს გავიცნოთ და მეტ-ნაკლებად შევიგრძნოთ ეპოქის სურნელიც...