შემთხვევა
ეს მოხდა 1982 წლის 21 მარტს, კვირას, დღის 3 საათზე მეტროში, გაჩერებაზე „პოლიტექნიკური ინსტიტუტი“. ბაქანზე ოც კაცამდე თუ იქნებოდა (სამწუხაროდ, ზუსტი რაოდენობა შემდგომმა კვლევაძიებამ ვერ დაადგინა, ამ ამბის თვითმხილველთა უმეტესობა ამტკიცებს, რომ თავიდანვე ცხრამეტნი იყვნენ, მაგრამ, ზოგიერთი ცნობით, თავდაპირველად ოცი კაცი იყო და მერე ერთი უკვალოდ გაქრა. ასეა თუ ისე, ჩვენ ხელთა გვაქვს ჩვიდმეტი მგზავრის და მეტროპოლიტენის ორი მუშაკის ჩვენებები).
3 საათსა და 1 წუთზე მატარებელი გავიდა სადგურ „წერეთ
ლის მოედნისაკენ“.
3 საათსა და 2 წუთზე იმავე ხაზზე გვირაბიდან გამოჩნდა მატარებლის მოძრაობის საწინააღმდეგო მიმართულებით მომავალი პროცესია.
ლიანდაგზე აქლემების ქარავანი მოდიოდა.
წინ მედიდურად და ამაყად მოაბიჯებდა ლამაზად მორთული ერთკუზიანი თეთრი აქლემი. თეთრ ხილაბანდში გახვეულ მხედარს მაღლა აწვდილ, თითქოს გაშეშებულ ხელში ნახევარმთვარის მოყვანილობის მბზინავი ხმალი ეჭირა. შავგვრემან სახეს პირბადე უფარავდა. იერი მშვიდი და მკაცრი ჰქონდა. მას მოჰყვებოდნენ მძიმედ დატვირთული ჩვეულებრივი ორკუზიანი აქლემები, რომლებსაც, როგორც ჩანს, რიგითი ბედუინები მართავდნენ, სახეებზე გულგრილ, გაყინულ თავდარწმუნებასთან ერთად დაღლაც ეტყობოდათ.
მძლავრად და სწრაფად მოდიოდნენ.
სულ ათიდან ოცდაათამდე აქლემი იყო (ამ საკითხში ჩვენე
ბები მნიშვნელოვნად ეწინააღმდეგება ერთმანეთს).
უკანასკნელ აქლემს თავიდან მხედარი თითქოს არ ჰყოლია, შემდეგ კი გაუჩნდა (?! ესეც გაურკვეველი მომენტია).
ქარავნის ფეხის ხმა ყრუ დგაფუნივით ისმოდა, დადგა ზოო
პარკის, ოფლის მძაფრი და მჟავე სუნი.
3 საათსა და 4 წუთზე ქარავანი გვირაბში გაუჩინარდა.
3 საათსა და 5 წუთზე ჩამოდგა მატარებელი, რომელიც, რასაკვირველია, არავის არ დასჯახებია და რომლის მემანქანესა და მგზავრებს არაჩვეულებრივი არაფერი შეუმჩნევიათ.
ბაქანზე მყოფი ცხრამეტი ადამიანი მარმარილოს ქანდაკებების სკულპტურული ჯგუფის შთაბეჭდილებას ტოვებდა, როგორც ფერით, ასევე გახევებულობით.
სიცოცხლის ნიშანწყალი პირველს დაეტყო ვინმე გაიოზ გობრონის ძე გიგაურს (34 წლის, უმუშევარი, გამოუსწორებელი ლოთი და მუქთახორა, ნასამართლევი წვრილმანი ხულიგნობისთვის), რომელიც, ექსპერტიზის დასკვნით, იმყოფებოდა არაფხიზელ მდგომარეობაში. 3 საათსა და 6 წუთზე მან აუტანელი ხარხარი ატეხა, ნანახი ალკოჰოლით გამოწვეული ჰალუცინაცია ეგონა. იცინოდა გაუჩერებლად 25 წუთის განმავლობაში, შემდეგ გული შეუწუხდა. ამ საზარელი ხმის გაგონებაზე მოქალაქე ზინაიდა ტერენტის ასულ ჯანიაშვილს (37 წლის, ზოოვეტერინარული ინსტიტუტის ლაბორანტი, გაუთხოვარი) დაეწყო ისტერიული კრუნჩხვები და მშობიარობა (უნდა აღინიშნოს, ჯანიაშვილი ამტკიცებს, თითქოს
იგი არამცთუ ფეხმძიმედ არ ყოფილა, არამედ ქალწული იყო).
ამ დროს მოქალაქე როზა რობერტის ასული გაგლოევა (51 წლის, დიასახლისი) გონებამიხდილი ძირს დაენარცხა და თავი გაიტეხა (ახლა გაგლოევა უჩივის მეტროპოლიტენის სამმართველოს, მოითხოვს ფულად კომპენსაციას 500 მან. ოდენობით, თუმცა კომოციო სუსტი ფორმისა მიიღო).
მატარებლიდან გადმოსული მგზავრები დაუყოვნებლივ მისცვივდნენ ჯანიაშვილსა და გაგლოევას კეთილშობილური სურვილით, აღმოეჩინათ პირველადი დახმარება, მაგრამ აქ მათი ყურადღება მიიპყრო და შეაფერხა შემდეგმა ფაქტმა, ერთდროულად კიდევ თოთხმეტ მოქალაქეს წაუვიდა გული (რვა ქალსა და ექვს მამაკაცს), ხოლო ვინმე პავლე მიტროფანესძე პეტროვი (67 წლის, პენსიონერი) მუხლებზე დაემხო და მხურვალე ლოცვა და ქვითინი მორთო, თან მკერდში გამეტებით იცემდა მჯიღს.
ჯუმბერ მარლენისძე ქობულაშვილს (42 წლის, პარტიული, თბილკოოპვაჭრობის ¹20 მაღაზიის გამგე), თმები გაუთეთრდა, გასცვივდა და კვლავ ამოუვიდა ერთი წუთის განმავლობაში.
ასეთ მძიმე მდგომარეობაში არ დაიბნა მოქალაქე მერაბ ზურაბის ძე ზურიკაშვილი (26 წლის, კომკავშირელი, სპის სტუდენტი), რომელიც ის იყო ბაქანზე შემოვიდა მან მსწრაფლ გამოიძახა მილიციაცა და სასწრაფო დახმარებაც, შემდეგ, შეძლებისდაგვარად, მიეხმარა ჯანიაშვილს.
ნახევარ საათში ცხრამეტივე დაზარალებული და ახალშობილი (ბიჭი, 4 კგ) მორიგე საავადმყოფოში მოათავსეს. აღიძრა საქმე, დაიწყო ძიება.
ოპერატიულმა ჯგუფმა, კაპიტან ამირან ტოროშელიძის მეთაურობით, შეისწავლა შემთხვევის ადგილი და აღმოაჩინა პირველი, და როგორც რამდენიმე დღეში გახდა ცხადი, ერთად
ერთი მატერიალური საბუთი, რომელიც, გარკვეულწილად, ადასტურებდა ცხრამეტი მოქალაქის მონათხრობს, მოშავომოყავისფრო ფერის, მძაფრი არასასიამოვნო სუნის მქონე მკვრივი კონსისტენციის ნივთიერება (500 გრ).
საგანგებო კომისიამ, რომელშიც შევიდნენ სპეციალისტები სხვადასხვა კომპეტენტური უწყებებიდან, გულმოდგინე ანალიზის შემდეგ დაასკვნა, რომ ეს იყო საქონლის ჩვეულებრივი ექსკრემენტი, ანუ ნეხვი (სავსებით დასაშვებია, აქლემისაც).
დეტალური და ჯვარედინი დაკითხვის შედეგად აღდგა, უფრო ზუსტად, რეკონსტრუირებულ იქნა შემთხვევის სურათი, მისი თანამიმდევრობა და ხანგრძლივობა, მაგრამ ამან, სამწუხაროდ, ნათელი ვერ მოჰფინა უჩვეულო ინციდენტს.
გამოძიების მსვლელობისას ბევრი საინტერესო ფაქტი ამოტივტივდა, თუმცა არცერთი მათგანი 21 მარტს მომხდარ შემთხვევას უშუალოდ არ ეხებოდა (ასე მაგალითად, ჯ.მ. ქობულაშვილმა გულახდილად აღიარა სამრეწველო საქონლის დატაცების მრავალრიცხოვანი შემთხვევები, გ.გ. გიგაური გამოტყდა ფულის გამოძალვის მცდელობაში, ს.ჯ. ყარალაშვილმა აღიარა სისტემატური მექრთამეობა, ა.ტ. ლაბაძეს ჰყოლია ოთხი ცოლი რესპუბლიკის სხვადასხვა რაიონებში და ა.შ. თითქმის ყველას აღმოაჩნდა