სადღაც გათენებისკენ
საკუთარი თავის მიმართ ადამიანს ეპითეტები არ ელევა: Homo sapiens, Homo moralis, Homo faber და ასე, დაუსრულებლად...
ჩემთვის დავამატებდი „მოუთვინიერებელი ადამიანი“, რისი ლათინური შესატყვისი არ ვიცი, ამიტომ, მგელი! რომელსაც შეიძლება შეეჩვიო, თავიც შეაყვარო, მაგრამ იქამდე ვერ მოათვინიერებ, რომ ცირკის არენაზე გამოიყვანო და შენი მითითებები შეასრულებინო.
მოთვინიერებულ კაცსაც თავისუფალი აზროვნება უჭირს, ხატოვანი – მით უმეტეს. მზერაში რომ ღმერთი ჩაგიჯდება, ან ეშმაკი და რაღაცას ისეთს დაგანახებს, გგონია, სიტყვას ვერ მოძებნი, სხვისთვის გასაგებს, მაგრამ შეუთანხმდები ამ სიტყვას, შენს ხორცს აჭმევ, სისხლს დააყოლებინებ, მოარიგებ სხვა სიტყვასთან, ისე განაწყობ მათ ერთმანეთის მიმართ, რომ ლექსი გამოგივა. რასაც მეორე ადამიანს გააგონებ კი არა, შეიძლება ძალიან ღრმად, რომელიმე პატარა ნერვიც კი ატკინო.
მგლის საათი, ყველაზე ძნელი, ყველაზე მარტოხელა საათია, სადღაც გათენებისკენ. მგელი, როცა ძალიან ნაღვლიანია, ძალიან მარტოა (სხვა მგლებს მშვიდად სძინავთ), მიდის მთვარესთან, დადგება და უყვება თავის ამბავს. არა მგონია, თანაგრძნობას სთხოვდეს. სულ ცოტა ყურადღება სჭირდება, თუნდაც ასეთი უპასუხო, სულ ცოტა სილამაზე, თუნდაც, ასეთი მოუხელთებელი...
ამიტომ მიყვარს ეს ძლიერი, მარტოსული, რომანტიკოსი მგელი, რომელსაც სულ უფრო ვემსგავსები, თუ მეჩვენება ეს, არ ვიცი.
მთვარესთან ურთიერთობასაც ვახერხებ, ჩემი დამხრჩვალი სახლის ორ ფანჯარასთან თითო ხე მიდგას, ისინი მეხმარებიან.
რაც გინდა, სოცრეალიზმი და ნეობოლშევიზმი წამოახტუნონ საფლავებიდან, შიგადაშიგ, რომანტიკა ძნელი მოსაკლავია, ალბათ...
ლია სტურუა