წინათქმა
არ ვიცი, ნიკა ჯორჯანელს, როგორც პოეტს, სჭირდება თუ არა ჩემმიერი წარდგენა მკითხველის წინაშე, ვინაიდან მისი ლექსები ადრეც არაერთგზის გამოქვეყნებულა ჩვენს პერიოდულ პრესაში.
მე მაინც მომესურვა ორიოდ სიტყვის საჯაროდ თქმა და ჩემი შთაბეჭდილების გაზიარება იმ მკითხველთათვის, ვისთვისაც ჯერ კიდევ უცნობია ამ ახალგაზრდა პოეტის არცთუ იოლად აღსაქმელი შემოქმედება. პირველი, რაც თვალში მეცა ამ ლექსებთან შეხებისას, იყო სიახლის განცდა. ეს ლექსები უკიდურესი ექსპრესიით, პოეტური აზროვნების სიღრმითა და ორიგინალობით ნამდვილად გამოარჩევს მათ ავტორს არა მხოლოდ თავის თანამედროვეთა შორის, არამედ, საერთოდ, ქართულ პოეზიაში.
ნიკა ჯორჯანელის პოეტური თვალთახედვა, აზროვნების სტილი თუ მანერა საკმაოდ განსხვავდება იმ ტრადიციული ხატოვანი სისტემისაგან, რომელსაც მიჩვეულია ქართველი მკითხველი. აქ არაფერია სადღაც ნანახი თუ გაგონილი, არ არის გადამღერება მრავალგზის ნამღერისა. მეტიც: ამ ლექსებს ვერც ფანდურზე დაამღერებთ და ვერც გიტარაზე. მათ გასაგებად მხოლოდ ანბანის ცოდნა არ კმარა. აქ სიტყვები სტრიქონების ზედაპირზე კი არ ტივტივებენ, არამედ ისეთ სიღრმეებში იძირებიან, სადაც „ყვინთვის“ არმცოდნეთ ვერ ჩაეღწევათ.
აი, თუნდ ერთი მაგალითი ლექსიდან „წყალმარჩხობა“:
„და თუმც ცხოვრება არის თალხი ფარდების ახდა,
სცენის შესახებ იღაღადე წარმტაცი ენით!
გაიგე დარდის მიზეზები ნაზამთრალ ბაღთა
და სიყვარულით ამოავსე უმზეო ღრენი.
მღრინავ ურჩხულებს ნუ პასუხობ მსგავსივე ღრენით.
ეფერე ხელით დამფრთხალ ჰაერს, დენთით რომ წახდა“.
ეს არ გახლავთ დამწყები პოეტის ხმის კანკალით ნათქვამი გაუბედავი აზრი. ეს უკვე დასრულებული შემოქმედის მრწამსია, ავტორისეული „Ars poetica“, ერთგვარი ჰუმანური იმპერატივი, თუ როგორი უნდა იყოს ხელოვანი თავისი ჭეშმარიტი არსით და რა არის მისი მისია ამ ცოდვა-ბრალიან წუთისოფელში.
მე არაერთგზის მარგუნა ბედმა დიდი სიხარული ვყოფილიყავ ნიჭიერ ხელოვანთა აღმომჩენი და მათი შემოქმედების გზის გამკვალავი მკითხველთა თუ მსმენელთა გულამდე.
და აი, დღესაც საჯაროდ ვყივი: გილოცავთ ჭეშმარიტი პოეტის დაბადებას. მას ნიკა ჯორჯანელი ჰქვია.
ვახუშტი კოტეტიშვილი