1. კარლო კაჭარავა - ***(შენ დაიბადე ფოთის ელევატორთან ნიკო ნიკოლაძის ქალაქში)
შენ დაიბადე ფოთის ელევატორთან ნიკო ნიკოლაძის ქალაქში.
გვერდით ოთახში ეკიდა აკაკი წერეთლის ღიმილი ცუდ რეპროდუქციაზე.
შენი კუთვნილი, მათ შემდეგ მოსულმა, შენმა უკვდავმა ბაბუებმა შეჭამეს.
რომლებიც დღესაც ჭამენ და ხორციან საჭმელს
შენზე სადღეგრძელოებს აყოლებენ.
შენ გასწავლიდნენ ცოტა ზრდილობას, ცოტა კეთილგონიერებას, უფრო მეტად ტყუილს,
და მაღალფარდოვნებას, მაღალფარდოვნებას, მაღალფარდოვნებას.
რომლითაც უნდა მოკლა, რომლითაც უნდა ილოცო, რომლითაც უნდა დასცინო,
რომ უკვდავ ბაბუათა სუფრასთან გეღირსოს ლუკმა -
და არა ნახევრადმშიერთა პური - ფურაჟი.
შენ არ უნდა იოცნებო მაღაროზე, სადაც იპოვი რამეს.
შენ სხვას უნდა წაართვა უკვდავი წინაპრების სახელით,
რადგან წინაპრებშიც არიან უკვდავნი და მკვდარნი.
როგორც ჩანს მიხვდი, რომ ეგნატე ნინოშვილი,
გიორგი ქუჩიშვილი, კოტე კაპანელი, ვალერიან გაფრინდაშვილი,
შალვა კარმელი და ტიციანი
შენი წინაპრები არ უნდა იყვნენ.
შიმშილით კვდომა სამარცხვინოა ღვთისმშობლის ქვეყანაში.
შალვა ქიქოძის "ქორწილი გურიაში" აქ არ დახატულა.
"იმერეთი დედაჩემი" ერთი საწყალი მოხუცი ქალია, რომელიც სადღაც ქსოვს.
მისი გახსენება მხოლოდ ბაბუათა სუფრაზეა კარგი.
მაღალფარდოვნებით, მაღალფარდოვნებით, მაღალფარდოვნებით.
იმ სიტყვებით, რომლებიც არ იცოდა სპირიდონ მცირიშვილმა.
იმ სიტყვებით, რომლებიც ცუდად ესმოდათ ილიას,
გაბრიელს, მოჯამაგირე პოეტს
შენ დაიბადე ფოთის ელევატორთან.
შენ დაიბადე ზღვასთან.
შენ დაიბადე პალიასტომთან, ღარიბი ექიმის გვამთან,
რომანტიკულ მეძავთან,
ბულვარის ფოტოგრაფთან, იაფ სასადილოში, რომელიც დღეს სამოთხედ ჩანს.
რომელიც დღეს მართლა იავნანაა ნახევრადმშიერთა მოხეტიალე გუნდებისათვის.
სიზმარში შენ გინახავს ტოლსტოი, შვარცნეგერი, ბიოლი და ცოტა გარსია
ლორკაც.
იქ, სადაც არ ისვრიან შენი სამშობლო აღარაა.
"მამავ, მამავ, მომეცი ცოტა ფული და ხეტიალის უნარი
და ნუ დაივიწყებ დასავლეთ საქართველოს წვიმიან სასაფლაოებს.
ჩემს ცას, რომელსაც მთელი ცხოვრება მართმევენ ჩემიანები"
შენ ეს არ გითქვამს, შენ არ გძინავს, შენ თოფით იცდი
შენ მებაჟე ხარ.