ალიბი
დავკითხოთ სიტყვები
ყოველი მათგანის მნიშვნელობა ყალბი ალიბია
რომლის მიღმა სისხლი იმალება
დანაშაულის კუდი მოჩანს აბზაცის ბოლოდან
სისხლითაა მოქსოვილი მისი გარსი
ფარდასავით უნდა გადასწიო გაქვავებული მნიშვნელობები
და აღმოაჩენ სიტყვა „კარადაში“ გადამალულ სიტყვა „გვამს“
სიტყვა „სიყვარულში“ ჩაშენებულ სიტყვა „ეჭვს“
სიტყვა „თავისუფლების“ უკან მიმალულ ლაჩარს
წარმოსახვის ფრაგმენტებს ვეღარ აწებებს ცხელი სინტაქსი
დავკითხოთ სიტყვები
ცრუმოწმეა მათი საზრისი
კვალს გვირევენ
რომ სამუდამოდ ჩავიკარგოთ ფუძეკუმშვადი სიტყვის ნაპრალში
შეხედე
სიტყვა „პატარა“ უფრო დიდია ვიდრე სიტყვა „დიდი“
თვითმფრინავის შავი ყუთი არის ნარინჯისფერი
სიყვარული კი... აბა რა გითხრა...
ოდესღაც მეც ვიცოდი მისი მნიშვნელობა
ახლა კი საიდანაც უნდა გადმოხტე
მაინც ენის ფსკერზე ეცემი.