პირველი ნაწილი-I 28 აგვისტო
ბილიკი კბოდეს მიუყვებოდა. აქეთ-იქით აყვავებული კალამინები
გასდევდა, მიწა კი შემჭკნარი ბურუსულების გაშავებული ფურცლებით დაფარულიყო. პირბასრ მწერებს უთვალავი პატარ-პატარა ორმო გაეთხარათ და ამ დაჩვრეტილ მიწაზე დაბიჯებისას კაცი იფიქრებდა, სიცივისგან მკვდარი ღრუბელიაო.
მკვდარჟაკი მისეირნობდა და დასცქეროდა კალამინებს, რომელთაც მუქი წითელი გულები მზეზე უფეთქავდათ. ყოველ ძგერაზე მტვრის პატარა ღრუბელი ზევით ავარდებოდა ხოლმე და შემდეგ ნელი რხევით ეშვებოდა მოქანავე ფოთლებზე. დაბნეული ფუტკრები უსაქმოდ დაფრინავდნენ.
კბოდის ძირიდან ტალღების ნაზი და ჩახლეჩილი ჩქაფუნი ყრუდ ამოისმოდა. მკვდარჟაკი ვიწრო ნაწიბურზე შედგა და ქვევით ჩაიხედა. ერთი ნაბიჯიც და უფსკრულში გადაიჩეხებოდა. ძირს ძალიან შორეული და მოუხელთებელი ჩანდა ყველაფერი, მიუვალი ტინის ნაპრალებში კი ქაფი ივლისის ყინვადაკრულ ლაბასავით თანთალებდა. ნაკვერჩხალზე შებრაწული წყალმცენარეების სუნი იდგა. თავბრუდახვეულმა მკვდარჟაკმა ზაფხულის გახუნებულ ბალახზე ჩაიმუხლა და გაშლილი ხელები ძირს დააყრდნო. ბალახში თხის უცნაურად უსწორმასწოროკონტურებიან კურკლებს წააწყდა და დაასკვნა, რომ აქ მოკუნტრუშე ცხოველთა შორის სოდომის ვაციც ერია, რომლის ჯიშიც უკვე კარგა ხნის გადაშენებული ეგონა.
ახლა ისე აღარ ეშინოდა და ისევ გაბედა კბოდეზე გადახრა. წითელი კლდის უშველებელი ფილები მოწყვეტით ცვიოდნენ თავთხელ წყალში. იქიდან მყისვე ამოყვინთავდნენ ხოლმე და უკვე თავად ქმნიდნენ წითელ კბოდეს, რომლის თხემზე ჩამუხლული მკვდარჟაკიც დროგამოშვებით წინ იხრებოდა.
ალაგ-ალაგ ტალღების უკუქცევით გაპოხილ და ორთქლის რგოლებით დამშვენებულ შავ ბრაგებს ამოეყოთ თავები. მზე ზღვის ზედაპირს ჩიჩქნიდა და თან უხამსი ნახატებით აბინძურებდა.
მკვდარჟაკი წამოდგა და გზას გაუყვა. ბილიკი უხვევდა. მარცხნივ წითურწინწკლებიანი გვიმრები და აყვავებული მანანები დაინახა. მოშიშვლებულ კლდეებზე სათევზაო კატარღებით მოტანილი მარილის კრისტალები ბზინავდა. ხმელეთზე, სიღრმეში გზა ციცაბო აღმართს მიუყვებოდა. თხის ახალ-ახალი კურკლებით ზოგან ნიშანდასმული ბილიკი გვერდს უვლიდა შავი გრანიტის თვალუწვდენელ გროვებს. თვითონ თხები არსად ჩანდნენ. კურკლების გამო მებაჟეები მათ მუსრს ავლებდნენ.
მკვდარჟაკმა ფეხს აუჩქარა და მზის სხივებს, რომლებიც ვეღარ ეწეოდნენ, უეცრად ჩრდილში შეასწრო. სიგრილისგან შვებამიცემულმა ნაბიჯს კიდევ უფრო აუჩქარა. კალამინების ყვავილები კი მარადიული ცეცხლის ენებივით უფრიალებდა თვალწინ.
გარკვეული ნიშნებით მიხვდა, რომ უახლოვდებოდა და თადარიგი დაიჭირა - წითური და შეთხელებული წვერი მოიწესრიგა. შემდეგ მხიარულად განაგრძო სვლა. წამით სახლი ერთიანად დალანდა გრანიტის ორ ლოდს შუა. ეროზიისგან ნაწუწნი კანფეტივით გალეული ლოდები ბილიკს უზარმაზარი ალაყაფის საყრდენებივით იქცევდნენ შუაში. გზა ისევ უხვევდა და სახლიც თვალს მიეფარა - კბოდიდან კარგა მოშორებით, მაღლობზე იდგა. როდესაც მკვდარჟაკმა ორ მუქ ლოდს შორის გაიარა, უჩვეულო ხეებით გარშემორტყმული და ძალიან თეთრი სახლი მთლიანად გამოჩნდა. რაღაც ბაცი ხაზი კარიბჭიდან გამოდიოდა, ზანტად მოიკლაკნებოდა გორაკზე და ბოლოს ბილიკს უერთდებოდა. მკვდარჟაკიც ამ ხაზს გაუყვა. მოექცა თუ არა თავზე ფერდობს, ყვირილის ხმები შემოესმა და სირბილით მოსწყდა ადგილს.
ბოლომდე გადახსნილი ჭიშკრიდან სადარბაზო შესასვლელამდე ვიღაცის წინდახედულ ხელს წითელი აბრეშუმის ლენტი გაება. ლენტი კიბეს მიუყვებოდა და ოთახში შედიოდა. მკვდარჟაკი ლენტს გაჰყვა. საწოლზე მშობიარობის ასცამეტი ტკივილისგან გათანგული დედა იწვა. მკვდარჟაკმა ტყავის აბგა ძირს დააგდო, სახელოები დაიკაპიწა და დაუმუშავებელი ლავის გეჯაში ხელები დაისაპნა.