არავინ იცინებს - 1
- კიდევ ერთი ჭიქა სლივოვიცა დამისხიო, - კლარამ მთხოვა და უარი ვერ ვუთხარი. ბოთლის გასახსნელად საბაბი გამოვნახეთ, რომელიც არაფრით გამორჩეული არ იყო, მაგრამ მაინც ვარგოდა: იმ დღეს კაი გვარიანი თანხა ავიღე ერთ დიდ გამოკვლევაში, რომელიც ხელოვნების ისტორიის ერთ-ერთ ჟურნალში დაიბეჭდა.
ჩემი ეს გამოკვლევა ბოლოს და ბოლოს კი დაიბეჭდა, მაგრამ არც ისე იოლად. ჩემი ნაწერი ეკლიანი აღმოჩნდა და ეგებ პოლემიკაც გამოეწვია. სწორედ ამიტომ ჟურნალმა „სახვითმა აზროვნებამ“ და მისმა მხცოვანმა და ფრთხილმა რედაქციამ წიხლი მიკრა ტექსტზე, რომელიც საბოლოოდ სხვა, მეტოქე ჟურნალს მივანდე. მართალია, ეს ჟურნალი ნაკლებად მნიშვნელოვანია, მაგრამ რედაქტორები აქ უფრო ჯეელები და თავქარიანები არიან.
ფოსტალიონმა ფული ფაკულტეტზე მომართვა და თან რაღაც წერილიც მოაყოლა. უმნიშვნელო წერილი, რომელსაც გადიდკაცებულმა მხოლოდ თვალი გადავავლე იმავე დილას. მაგრამ, როდესაც სახლში დავბრუნდი, შუაღამე მოახლოვდა და ბოთლში სითხის დონემ თანდათანობით იკლო, გადავწყვიტე, გასართობად კლარასთვის წამეკითხა:
„ძვირფასო ამხანაგო - თავს უფლებას მივცემ, ამგვარად გიწოდოთ, - ძვირფასო კოლეგავ, გთხოვთ, მიუტევოთ ადამიანს, რომელსაც ცხოვრებაში არ შეხვედრიხართ, სითამამე და თქვენთვის წერილის მოწერის კადნიერება. მოგმართავთ თხოვნით, წაიკითხოთ თანდართული სტატია. მე თქვენ პირადად არ გიცნობთ, მაგრამ დიდად გაფასებთ, რადგან ჩემს თვალში თქვენ ბრძანდებით ადამიანი, რომლის შეხედულებები, აზროვნება და დასკვნები ყოველთვის საოცარ საყრდენად მადგებოდა ჩემი კვლევის შედეგების შეჯამებისას...“ ამას ჩემი დამსახურებების უსაზღვრო ხოტბა და ერთი თხოვნა მოსდევდა, რეცენზიის სახით დამეწერა ჩემი მოსაზრება სტატიის თაობაზე ჟურნალ „სახვით აზროვნებაში“ წარსადგენად, რომელიც აგერ უკვე ექვსი თვე იყო, რაც მას უარით ისტუმრებდა და სტატიას რაღაც გაუგებარ შარს სდებდა. მისთვის ეთქვათ, რომ ჩემი აზრი გადამწყვეტი იქნებოდა. ასე და ამგვარად, მე უკანასკნელი იმედი, ერთადერთი ნათელი წერტილი აღმოვჩნდი მის ჯიუტ წყვდიადში.
მე და კლარამ ბევრი ვიხალისეთ და ვიხუმრეთ ამ ვიღაც ბატონ ზატურეცკიზე, რომლის მაღალფარდოვანი გვარი ჩვენზე ერთობ მომაჯადოებლად მოქმედებდა. რასაკვირველია, სრულიად გულითადად ვხუმრობდით, რადგან ჩემი მისამართით გამოთქმული ქება-დიდება ძალიან დიდსულოვანსა და ამაღლებულს მხდიდა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც შესანიშნავი სლივოვიცას ბოთლი ჩემგან სულ რაღაც ერთი ხელის გაწვდენაზე იდგა. იმდენად დიდსულოვანი და მოწყალე ვიყავ, რომ იმ დაუვიწყარ წამებში მთელი მსოფლიოს მიმართ განვიცდიდი სიყვარულს. აბა მთელ მსოფლიოს საჩუქრებს ხომ ვერ ჩამოვურიგებდი! ჰოდა, კლარას ვჩუქნიდი რაღაც-რაღაცეებს. საჩუქრებს თუ არა, ყოველ შემთხვევაში, დაპირებებს მაინც.
კლარა კარგი ოჯახიდან გამოსული ოცი წლის გოგო იყო. არა, რა კარგი… ბრწყინვალე ოჯახიდან! მამამისი, ბანკის ყოფილი დირექტორი და, აქედან გამომდინარე, დიდი ბურჟუაზიის წარმომადგენელი, სადღაც 1950 წელს პრაღიდან გააძევეს. ისიც ადგა და დედაქალაქიდან კარგა მოშორებით, სოფელ ჩელაკოვიცაში დასახლდა. მისი ქალიშვილი, რომელიც კადრების განყოფილებას დიდად თვალში არ მოსდიოდა, მკერავად მუშაობდა და საკერავ მანქანას უჯდა პრაღის მზა ტანსაცმლის რომელიღაცა საწარმოს უზარმაზარ ატელიეში. იმ საღამოს პირისპირ ვეჯექი, მის ჩემდამი ლტოლვას ყველანაირად ხელს ვუწყობდი და მსუბუქად ვაქებდი იმ ადგილის სასიკეთო მხარეებს, რომლის (მისთვის) მოპოვებასაც ჩემი მეგობრების იმედით ვპირდებოდი. ვამტკიცებდი, დაუშვებელია ასეთმა მომხიბლავმა გოგომ თავისი სილამაზე საკერავი მანქანის წინ მოაცდინოს-მეთქი, და გადავწყვიტე, რომ აუცილებლად მანეკენი უნდა გამხდარიყო.
კლარა კრიჭაში არ ჩამდგომია და ღამეც სრულ სიამტკბილობაში გავატარეთ.