საგიეტ ელ-ჰამრა, 1909-1910 წლის ზამთარი
ისინი ქვიშის ბორცვების თავზე გამოჩნდნენ. თავი სიზმარში გეგონებოდა. ფეხებით დაყენებულ ქვიშის ბორიაყში ძნელად გამოარჩევდი _ ზანტად მიუყვებოდნენ ხეობის ოდნავ შესამჩნევ კვალს. ქარავანს შალის ლაბადებში გახვეული, ლურჯ პირბადეჩამოფარებული კაცები მიუძღოდნენ. მათ ორი თუ სამი დრომადერი, თხები და ცხვრები მიჰყვებოდნენ, რომელთაც ბიჭუნები არ აძლევდნენ მოსვენებას. უკან კი ქალები აბოლოებდნენ ქარავანს. მძიმე ლაბადებში გამოჭედილებს სილუეტები დამძიმებოდათ, ინდიგოსფერი პირბადეები კიდურებისა და შუბლის კანს კიდევ უფრო უმუქებდა.
ნელა, უხმაუროდ მიარღვევდნენ ქვიშას. არ ენაღვლებოდათ, საით მიდიოდნენ. დღისით ცხელი, ღამით კი ცივი უდაბნოს ქარი განუწყვეტლივ ზუზუნებდა. ირგვლივ ქვიშის ბუღი ტრიალებდა, აქლემებს ფეხებშუა უვლიდა, ქალებს სახეში სცემდა, აიძულებდა, ლურჯი ტილო წამდაუწუმ თვალებზე ჩამოეფარებინათ. ბავშვები დარბოდნენ. დედების ზურგზე ჩამოკიდებული, ლურჯ სახვევებში გამოკრული ჩვილები ტიროდნენ, აქლემები ბღაოდნენ, ფრუტუნებდნენ. არავინ იცოდა, საით მიდიოდნენ.
მზე ჯერ ისევ მოკრიალებულ ცისწვერზე იყო. ქარი ხმაურსა და სუნს ფანტავდა. მგზავრებს სახეზე ოფლი წვეთ-წვეთად ჩამოსდიოდათ, ლოყებზე, მკლავებსა და ფეხების მთელ სიგრძეზე ისედაც ჩამუქებულ კანს ინდიგოსფერი დასდებოდა. ქალებს შუბლზე ლურჯი სვირინგები ხოჭოებივით უბრწყინავდათ. შავი, პაწაწა ლითონის წვეთების მსგავსი თვალები ქვიშის სივრცეებს ვერ სწვდებოდა, ტალღოვან ბორცვებს შორის გზის ნაკვალევს დაეძებდა.
სხვა არაფერი და არავინ იყო ამ მიწაზე. უდაბნოში ნაშობნი სხვა გზას ვერ აირჩევდნენ. არაფერს ამბობდნენ, არაფერი სურდათ. ქარი თავზე ისე უვლიდა, ისე ატანდა ძვალ-რბილში, თითქოს ბორცვებზე ძეხორციელი არ ყოფილიყო. გამთენიისთანავე გზას ადგებოდნენ, არ ჩერდებოდნენ, შიმშილი და წყურვილი გარსივით შემოჰკვროდათ. წყურვილს ენა და ტუჩები დაეშრო. შიმშილი კუჭს უღრღნიდათ. ძალიანაც რომ ეცადათ, ხმასაც ვერ ამოიღებდნენ. უკვე კარგა ხანია, უდაბნოსავით დამუნჯებულიყვნენ. დილის მზის შუქით ავსილნი, ღამით უძრავი ვარსკვლავების ქვეშ იყინებოდნენ.
ხეობის სიღრმეში ნელ-ნელა ეშვებოდნენ. გვერდს უქცევდნენ, თუკი ფეხქვეშ სილა ეცლებოდათ. კაცები არც კი უყურებდნენ იმ ადგილს, სადაც ფეხი უნდა დაედგათ. თითქოს უხილავი ნაკვალევი მარტოობის მეორე მხარეს, ღამისკენ მიუძღოდა. თოფი მხოლოდ ერთს ჰქონდა. ჩაშავებული ბრინჯაოს მოგრძოლულიანი ქვის კარაბინი გულზე ჩამოეკიდა და ლულა ორივე ხელით დროშის ტარივით მაღლა აეშვირა. გვერდით, ლაბადებში გახვეული, ტვირთის სიმძიმით წელში ოდნავ მოხრილი ძმები მიჰყვებოდნენ. ლაბადებქვეშ, ეკლებისგან შემოგლეჯილი, ქვიშისაგან გაცვეთილი, ჩამოძენძილი ლურჯი ტანსაცმელი მოუჩანდათ. ქანცგაწყვეტილი ადამიანების უკან, თოფიანი კაცის ვაჟი, ნური, დედასა და დებს წინ მიუძოდა. მზისაგან გარუჯული, ჩამუქებული სახე ჰქონდა, მოელვარე თვალებიდან თითქმის ზებუნებრივი სხივი გამოუკრთოდა.
ისინი ქვიშის, ქარის, სინათლის, ღამის ადამიანები იყვნენ. ქვიშის ბორცვებზე გამოჩნდნენ, სიზმარში რომ ხდება ისე, თითქოს უღრუბლო ცამ შვაო. კიდურებზე ამ მკაცრი სივრცის კვალი დამჩნეოდათ. თან სდევდათ შიმშილი, წყურვილი, მათთვის ტუჩები რომ დაესისხლიანებინა და მკაცრი სიჩუმე, რომელშიც მზე, ცივი ღამეები, ირმის ნახტომის ციაგი, მთვარე არეკლილიყო; თან დაჰყვებოდათ მზის ჩასვლისას მათივე უზარმაზარი ჩრდილები, გაუკვალავი ქვიშის ტალღები, დაშორიშორებული ფეხის თითებით რომ ეხებოდნენ, მიუწვდომელი ჰორიზონტი. განსაკუთრებით კი მზერის სხივი, ასე ნათლად რომ გამოკრთოდა მათი თვალების სკლერებიდან.
ცხვრებისა და მოყავისფრო-მონაცრისფრო თხების ფარა ბავშვების წინ მიიზლაზნებოდა. პირუტყვმაც არ იცოდა, სად მიდიოდა, ისე ადგამდა გაკვალულ ნაფეხურებზე ჩლიქებს. ქვიშა მათ თათებშუა კორიანტელს აყენებდა, ჭუჭყიან ბეწვს ეკვროდა. ვიღაც დრომადერებს მიერეკებოდა, მხოლოდ თუ შეუძახებდა, მათსავით ბღაოდა და იპურჭყებოდა. სუნთქვის ხრინწიანი ხმა ქარს ერეოდა და უმალ სამხრეთით, ქვიშიან ხევში იკარგებოდა. აქ ქარს, გვალვას, შიმშილს, მართლაც აზრი დაჰკარგვოდა. ადამიანები და ფარა ტაატით მაინც წინ მიიწევდნენ, ხეობაში, ღრმად ჩადიოდნენ, იქ, სადაც არც წყალი იყო და ვერც ჩრდილს შეაფარებდი თავს.
კვირების, თვეების წინ აყრილიყვნენ, ერთი ჭიდან მეორეზე გადადიოდნენ, ქვიშაში ჩაკარგულ, ამომშრალ ჩანჩქერებს კვეთდნენ, კლდოვან გორებზე, ზეგნებზე გადადიოდნენ. ფარა ლორთქო ბალახს ძოვდა _ თავცეცხლას, რძიანას ადამიანებთან ინაწილებდა. დაბინდებისას, როცა მზე ცისკიდეს უახლოვდებოდა და ბუჩქების ჩრდილი უზომოდ გრძელდებოდა, ადამიანები და ცხოველები ჩერდებოდნენ. კაცებს აქლემებიდან ტვირთი გადმოჰქონდათ, ყავისფერი შალის დიდ კარავს კედრის ერთადერთ საბჯენზე ჭიმავდნენ. ქალები ცეცხლს ანთებდნენ _ ფეტვის ფაფის, მაწვნის, კარაქის, ხურმის საჭმელად ემზადებოდნენ. მალე ღამდებოდა. უზარმაზარი, ცივი ცა ჩაბნელებულ დედამიწაზე გადაიხსნებოდა, იმავ წამს სივრცეში ათასობით ვარსკვლავი მიმოიბნეოდა და ადგილიდან აღარ იძვროდა.
თოფიანი კაცი, რომელიც ხალხს წინ მიუძღოდა, ნურს დაუძახებდა და პატარა დათვის გამონაწვერზე განმარტოებულ ვარსკვლავს _ ქაბრს აჩვენებდა, თანავარსკვლავედის მოპირდაპირე მხარეს კი ლურჯ ვარსკვლავს _ ქოშაბს. შემდეგ აღმოსავლეთისკენ გაახედებდა, სადაც ხუთი ვარსკვლავი _ ალქაიდი, მიზარი, ალიოსი, მეგრეზი, ფეკდა კიაფობდა. კიდევ უფრო აღმოსავლეთით, ფერფლისფერ ჰორიზონტზე ოდნავ მაღლა, ორიონი გამოანათებდა, ალნილამთან ერთად გემის ანძასავით ოდნავ გადახრილი. ყველა