პირველი დღე
1
შემოდგომა იწყება და ხეებს ყვითელი, წითელი და ყავისფერი ედება; ლამაზ ხეობაში გაშენებული პატარა საკურორტო ქალაქი თითქოს ხანძრის ალშია გახვეული. თაღების ქვეშ ქალები გადი-გამოდიან და წყაროებს ეწაფებიან. ამ ქალებს შვილები არ უჩნდებათ და ამ თერმულ წყლებში ნაყოფიერებას ეძებენ.
სნეულთა შორის მამაკაცი ბევრად ნაკლებია, თუმცა აქა-იქ მაინც გადააწყდებით, რადგან, როგორც ჩანს, ეს წყლები, გარდა იმისა, რომ გინეკოლოგიური ღირსებებითაა დაჯილდოებული, გულისთვისაც ფრიად მარგებელია. მიუხედავად ყველაფრისა, ერთ მამრ სნეულზე ცხრა მდედრი მოდის. ეს ამბავი კი სულ მთლად აცოფებს ერთ ახალგაზრდა გასათხოვარ ქალს, რომელიც აქ ექთნად მუშაობს და, კერძოდ, უშვილობის სამკურნალოდ ჩამოსული ქალების აუზი აბარია.
რუჟენა აქ დაიბადა და გაიზარდა, მამაც აქა ჰყავს და დედაც. ნეტა ოდესმე თუ გაუღიმებს ბედი და თუ დააღწევს თავს აქაურობას, სადაც ქალები ასე საშინლად ფუთფუთებენ?
ორშაბათია და სამუშაო დღე უკვე იწურება. კიდევ რამდენიმე მსუქანი ქალი უნდა გაახვიოს ზეწარში, მოსასვენებელ საწოლზე გააწვინოს, სახე მოუმშრალოს და გაუღიმოს.
-ჰა, დაურეკავ? -ეკითხებიან რუჟენას თანამშრომლები -ერთი ორმოციოდე წლის ფერხორციანი ქალი და მეორე უფრო ახალგაზრდა და ტანთხელი გოგო.
-რატომაც არა! -პასუხობს რუჟენა.
-მიდი, მიდი! ნუ გეშინია! -ამხნევებს ფერხორციანი და გასახდელის უკან მიუძღვება, სადაც ექთნებს კარადა, მაგიდა და ტელეფონი აქვთ.
-ახია მაგაზე, სახლში დაურეკო, -ბოროტად შენიშნავს გამხდარი და სამივენი აკისკისდებიან.
-მარტო თეატრის ნომერი ვიცი, -ეუბნება რუჟენა, როცა სიცილ-კისკისი მიწყნარდება.
2
საუბარი საშინელი გამოდგა. ყურმილში რუჟენას ხმა რომ გაიგონა, ელდა ეცა.
ქალები ყოველთვის შიშის ზარს სცემდნენ, თუმცა არც ერთ მათგანს ეს არ სჯეროდა და ამ ამბავს კეკლუცურ ოხუნჯობაში უთვლიდნენ.
-როგორა ხარ? -ჰკითხა კაცმა.
-ვერა ვარ კარგად, -უპასუხა ქალმა.
-რა არის?
-უნდა დაგელაპარაკო, -პათეტიკურად მიუგო ქალმა.
სწორედ ასეთ პათეტიკურ ტონს ელოდა ძრწოლით წლების მანძილზე.
-რა? -მოგუდული ხმით ჰკითხა კაცმა.
რუჟენამ გაიმეორა:
-უსათუოდ უნდა დაგელაპარაკო.
-რა ხდება?
-ხდება რაღაც, რაც ჩვენ, ორივეს, გვეხება.
კაცს კრიჭა შეეკრა. ცოტა ხნის მერე გაიმეორა:
-რა ხდება-მეთქი?
-ექვსი კვირაა, ის არ მომსვლია.
კაცმა რის ვაივაგლახით მოთოკა თავი და თქვა:
-მერე რა, ეგეთები ხდება. ეგ არაფერსაც არ ნიშნავს.
-არა, ამჯერად ეგაა.
-შეუძლებელია. გამორიცხულია. ყოველ შემთხვევაში, ჩემი ბრალი ვერაფრით ვერ იქნება.
რუჟენა გაღიზიანდა.
-შენ მე ვინ გგონივარ?
კაცს შეეშინდა, არ შეურაცხვყოო, რადგან უეცრად ყველაფრის შეეშინდა.
-არა, საწყენად კი არ გეუბნები, რა სისულელეა, რად მინდა შენი წყენინება. უბრალოდ იმის თქმა მინდოდა, რომ შეუძლებელია, მე დამმართოდა ეს, რომ შენ არაფრის არ უნდა გეშინოდეს. ეს ამბავი სრულიად შეუძლებელია… ფიზიოლოგიურადაა შეუძლებელი.
-მაშინ აზრი არა ჰქონია, -თქვა სულ უფრო და უფრო გაღიზიანებულმა გოგომ. -მაპატიე, რომ შეგაწუხე.
კაცს შეეშინდა, ყურმილი არ დაკიდოსო.
-არა, არა, ნამდვილად არ შეგიწუხებივარ. პირიქით, კარგი ქენი, რომ დარეკე! სიამოვნებით დაგეხმარები, რასაკვირველია. ნამდვილად მოგვარდება ყველაფერი.
-„მოგვარდებაში“ რას გულისხმობ?
კაცმა უხერხულობა იგრძნო. ვერ ბედავდა, ყველაფრისთვის თავისი სახელი დაერქმია:
-ჰო… კი… აბა რა… ისააა… მოგვარდება.
-ვიცი, რის თქმაც გინდა. ჰოდა, არც იფიქრო! დაივიწყე ეგ აზრი. მთელი ცხოვრებაც რომ გამიმწაროს ამ ამბავმა, მაინც არ ვიზამ.
კაცს ისევ დამბლა დაეცა ძრწოლისგან, მაგრამ ამჯერად მორცხვად გადავიდა შეტევაზე:
-მაშინ რატომღა მირეკავ, თუკი ჩემთან ლაპარაკი არ გინდა? გინდა ჩემთან ერთად მაგის განხილვა თუ უკვე მიღებული გაქვს გადაწყვეტილება?
-შენთან ერთად განხილვა მინდა.
-მაშინ ჩამოვალ და გნახავ.
-როდის?
-შეგატყობინებ წინასწარ.
-კარგი.
-მაშ, ნახვამდის, ჰო?
-ნახვამდის.
კაცმა ყურმილი დაკიდა და მიაშურა ოთახს, სადაც ორკესტრი ელოდებოდა.
-ბატონებო, რეპეტიცია დამთავრებულია, -თქვა მან. -ამჯერად არაფრის თავი აღარ მაქვს.
3
ყურმილი რომ დაკიდა, რუჟენა ბრაზისგან მთლად გაწითლებულიყო. კლიმას ქცევამ ამ ამბის გაგებისას ნამდვილად შეურაცხყო გოგო. სხვათა შორის, უკვე დიდი ხანი იყო, რაც ისედაც შეურაცხყოფილად გრძნობდა თავს.
ერთმანეთი ორი თვის წინ, ერთ საღამოს გაიცნეს, როდესაც სახელმოხვეჭილმა მესაყვირემ თავის ჯგუფთან ერთად ამ საკურორტო ქალაქში დაუკრა. კონცერტის მერე წაიქეიფეს და გოგოც მიიპატიჟეს. მესაყვირემ ის სხვებს შორის გამოარჩია და ღამეც ერთად გაატარეს.
მას შემდეგ კაცს სიცოცხლის ნიშანწყალი არ მოუცია. გოგომ ორი ღია ბარათი გაუგზავნა, მაგრამ კაცს არც ერთზე არ გაუცია პასუხი. ერთ დღეს, როცა გოგო გავლით იყო დედაქალაქში, თეატრში დაურეკა, სადაც, მისი ცნობით, კაცი თავის ჯგუფთან ერთად ატარებდა ხოლმე რეპეტიციებს. ვიღაც კაცმა, რომელმაც ყურმილი აიღო, ვინ ბრძანდებითო, ჰკითხა და მერე უთხრა, ახლავე დავუძახებ კლიმასო. როდესაც დაბრუნდა,