ორი იბერიის ერთი პრობლემისათვის - „ინტრაისტორია“ და „შიდა-ცხოვრების ისტორია“
„ადამიანის გონებას ყველგან ერთისა და იმავე გზით უვლია თავის წარმატების გზაზედ, ერთნაირს შიშსა და საფრთხეს ერთნაირი წამალი მოჰყოლია და ერთნაირ მიზეზს ერთნაირად გადაუხრია, ერთნაირად გაუტაცნია გონება“.
ილია ჭავჭავაძე
„ადამიანის გონება უნივერსალურია, — მართალი ბრძანებაა, — ოღონდ ცოცხალი და ნაყოფიერი უნივერსალობა იგულისხმება, ეს კი იმდენადვეა ყოველი ცალკეული ადამიანის თვისება, რამდენადაც იგი არის ხორცი ხორცთაგანი ერისა, ენისა, რელიგიისა და ფესვებიც მასში აქვს გადგმული“.
მიგელ დე უნამუნო
ეს ეპიგრაფი, თუ თავისებური მისტიკური დიალოგი ერთგვარი წინათქმაა იმ ვრცელი დიალოგისა, რაც აშკარად იკითხება ამ ორი იბერიის ორი დიდი მოაზროვნის შემოქმედებაში და ცხადად ჩანს მათ მოღვაწეობაში. მათი გვერდიგვერდ ხსენება — ერთი შეხედვით უთუოდ გასაკვირი, — უპირველეს ყოვლისა, განაპირობა „ინტრაისტორიისა“ და „შიდა-ცხოვრების ისტორიის“ კონცეფციამ, რაც თითქმის ერთდროულად ჩამოაყალიბეს საქართველოში ილია ჭავჭავაძემ და ესპანეთში მიგელ დე უნამუნომ, თავ-თავიანთი ქვეყნის ისტორიული გზის, აწმყოსა და მომავლის ღრმად გააზრების საფუძველზე. მაგრამ თუ ყურადღებით მივადევნებთ თვალს მათი მოღვაწეობის გზასა და სფეროს — ერის ისტორიის, ქვეყნის თვითმყოფობის, ტრადიციის, პატრიოტიზმის, პიროვნებისა და საზოგადოების, მამებისა და შვილების ურთიერთდამოკიდებულების, ზნეობისა და მოვალეობის, რწმენის, გრძნობისა და გონების, დროებითისა და მარადიულობის, საერთოდ ქვეყნის სასიცოცხლო პრობლემებს, შემოქმედების დიაპაზონს — პოეზია, პროზა, პუბლიცისტიკა, კრიტიკა, ხელოვნება, ხალხური შემოქმედება, ენისა და ლიტერატურის საკითხები, მწერლის მოვალეობა და სხვა მრავალს, დავინახავთ, რომ საკმაო საფუძველი იქმნება დაიძებნოს ფრიად საყურადღებო ანალოგიები, რაც უდავოდ საინტერესო მსჯელობის საგანი გახდება. ამასთან, თუ კიდევ გავითვალისწინებთ უნამუნოს მოსაზრებას, რომლის თანახმად, ინდივიდში, ინდივიდუალურ აქტში ვლინდება საერთო ეროვნული ნიშან-თვისებები, რაც საუკუნეთა მანძილზეა შემუშავებული და გამოცდილი, თუ მით უმეტეს, ინდივიდი ჭეშმარიტად წარმოგვიდგება, როგორც „ხორცი ხორცთაგანი ერისა, ენისა, რელიგიისა და ფესვებიც მასში აქვს გადგმული“, მათი შემოქმედების უნივერსალურ ხასიათს, რაც ეროვნული სპეციფიკითაა აღბეჭდილი, მათი სულიერი ნათესაობა შეიძლება სარწმუნო გახდეს. ამ მოსაზრების გასამაგრებლად მოვიხმობთ ილიას სიტყვებს:
„ყველა დროს თავისი ტკივილი აქვს და გაგება ამ ტკივილისა ხვედრია მარტო ჩინებული კაცებისა, ამიტომაც ჭეშმარიტი მეისტორიე ვითარცა გამკითხველი, ჯერ ამ დროების ქერქში უნდა ჩაჯდეს და მერე განიკითხოს თავისი დროის შვილნიცა“.
სწორედ ასეთი „ჩინებული კაცები“ გახლავთ დონ მიგელი და ილია მართალი, სწორედ მათ ერგოთ წილად ყოფილიყვნენ თავისი დროის მეისტორიენიც, გამკითხველნიც და მისი ტკივილის მოზიარენიც. ნამდვილად არ ყოფილა მათი სიცოცხლის მანძილზე ისეთი მოვლენა, მეტად თუ ნაკლებად მნიშვნელოვანი, რომელსაც ისინი არ გამოხმაურებოდნენ და არ ეთქვათ თავიანთი მართალი სიტყვა ქვეყნის გასაგონად. ილიაც და უნამუნოც წარმოგვიდგებიან უნამუნოს იდეალური გმირის— „აგონისტის“ ცოცხალ განსახიერებად, ვინც მიწყივ დადის სიკვდილ-სიცოცხლის მიჯნაზე, ბეწვის ხიდზე და ამავე დროს ილტვის მიუწვდომელისკენ, სისრულისკენ, რაკი მათი დევიზი და იმპერატივია“ —
„სისრულე სისრულეთა და ყოველივე სრული“
მიგელ დე უნამუნო
„ნუთუ არ იცი, რას გვამცნობდა ღმერთი ჯვარცმული,
როს ბრძანა: ვითა მამა ზეცის, იყავნ, შენც სრული“...
ილია ჭავჭავაძე
ერთი ფრიად საინტერესო დაკვირვება აქვს ცნობილ ესპანელ ისტორიკოსსა და ლიტერატურათმცოდნეს რამონ დე მენენდეს პიდალს; ხელოვნება ესპანეთში აღიქმება როგორც ცხოვრებისეული იმპულსი და არა როგორც პროფესია, რასაც საგანგებო მომზადება ჭირდება. მწერალი, რომელიც მხოლოდ ლიტერატურულ მოღვაწეობას სჯერდება, საკმაოდ იშვიათი მოვლენაა ჩვენში, ლიტერატორი უწინ მოქმედების ადამიანია, თვით მწერალი-მისტიკოსებიც კი თავიანთ მჭვრეტელობით ცხოვრებას მშვენივრად უთავსებდნენ აქტიურ მოღვაწეობას და მაგალითისთვის წმინდა ტერესა და ხუან დე ლა კრუსიც კმარა; ხოლო ესპანეთში ხმალი და კალამი ანტითეზა რომ არასდროს ყოფილა, ამას მრავალი მწერლის ცხოვრება და შემოქმედებაც მოწმობს. ესპანეთში ხმლისა და კალმის ერთიანობას არაერთი მწერლის ცხოვრებაც ადასტურებს და მათი სახელები საყოველთაოდაა ცნობილი — მიგელ დე სერვანტესი, ლოპე დე ვეგა, კალდერონი, დონ ხუან მანუელი, ხორხე მანრიკე, მარკიზი სანტილიანა და სხვა; მაგრამ ამ მეტად საინტერესო თვისებას არა მხოლოდ ესპანეთის თვითმყოფადი ხელოვნების აყვავების ეპოქაში „ოქროს საუკუნეში“ ვხედავთ, არამედ თითქმის ყველა ეტაპზეც და მით უმეტეს, მეორე „ოქროს საუკუნეში“, როდესაც მთელ ქვეყანაზე გახმიანდა ხხ საუკუნეში გამორჩეული სახელები — მიგელ დე უნამუნო, ანტონიო მაჩადო ი რუისი, პიო ბაროხა, ასორინი, რამონ დელ ვალიე-ინკლანი, გარსია ლორკა და მრავალი სხვა, ვინც კი ცხოვრობდა ესპანეთისთვის ერთ-ერთ ყველაზე ძნელ პერიოდში.
თუ რამ აკავშირებს ორ იბერიას, პირენეისა და კავკასიის იბერიას, ერთი „ხმლისა და კალმის ერთიანობაცაა“, სადაც „ხმალს არასოდეს დაუჟანგებია კალამი და კალამს — ხმალი“. თუ გავიხსენებთ ვაჟა-ფშაველას სიტყვებს — „მკითხველსა ვთხოვ, ამ გზით იფიქროს და თვითონაც მრავალი მაგალითი წარმოუდგება თვალწინ“,