თავი 1 სისხლით გაჟღენთილი გოგო ვარ.
ჩემ წინ სხეულია. კაცის დაჩეჩქვილი მორგვი. წაღები მისი სისხლით დამსველებია. ვცდილობ, კაცის თვალები დავინახო, მაგრამ არ უჩანს, მქრქალი ქუთუთოების ქვეშ მიმალვია.
სუსხიანი ჰაერი სუნთქვას მიმძიმებს და მიყინავს. თითოეულ ამოსუნთქვასთან ერთად ვხვდები, რა გრძნობაა ეს: სხვისი კონტროლი, სხვისი სხეულის დამორჩილება შენი ნებისადმი.
ნეტა ამას თუ გრძნობდა წინასწარმეტყველი იმ წამს, როდესაც ჩემი ხელების მოკვეთა ბრძანა.
ზემოთ, ხიდზე, მანქანა ღმუილით მიჰქრის. ქუჩის სინათლეების ყვითელ ბურუსში ფრჩხილისხელა ფანტელები ცვივა, ბნელ ცაში კი რამდენიმე ცივი ვარსკვლავი ბჟუტავს. მინდა, ფანტელებს ხელისგული შევაგებო, როგორც ბავშვობაში ვშვრებოდი. მაგრამ მახსენდება, რომ ხელები აღარ მაქვს და აღარც ხუთი წლის ვარ. ის გოგონა, რომელიც მე ვიყავი, თითქმის მკვდარია.
თოვლის ნამქერთან ჩავცუცქდი, ვუყურებ, როგორ ეკვრება ყინული დაღვრილ სისხლს. უცებ სიცივემ ამიტანა, თვით ამ ჰაერზე უფრო დიდმა სიცივემ. ცხოვრებაში არასდროს ავუტანივარ ასეთ სიცივეს.