გოგონა, რომელსაც ფრენა შეეძლო მრავალი წლის წინ, როდესაც ჯერ სულ ათი წლის იყო, მამამისმა დიდი ყვითელი ავტობუსით პლანეტარიუმში წაიყვანა.
მის თავს ზემოთ - ჭერში მილიონობით მოციმციმე ნაპერწკალი ენთო. ბიჭი ყბაჩამოვარდნილი ათვალიერებდა ამ სანახაობას. თავი მაღლა აეწია, პატარა თითებით კი მთელი ძალით ჩაჰფრენოდა ხის მერხს, რომელზეც იჯდა. ზემოთ თეთრი ხანძრის ქინძისთავები ბრუნავდნენ, ისეთივე ნათელნი, ისეთივე წმინდანი, როგორიც იმ დღეს, დედამიწა ჯერ კიდევ ცარიელი, უსახური, უსიცოცხლო გიგანტური ლოდი რომ იყო, რომელსაც არაფერი მოსავდა, რომელზეც არაფერი ცოცხალი არ იძვროდა, საშუალო ზომის პლანეტა ერთ ჩვეულებრივ ვარსკვლავს - მზეს გალაქტიკაში რომ მისდევდა, დაუსაბამო, უსასრულო სამყაროში.
"აი, ესეც დიდი ციცხვი, ორიონი, დიდი დათვი", ისმოდა ასტრონომის მონოტონური ხმა. სანახაობას თვალდაუხამხამებლად მიჩერებული, ყბებჩამოვარდნილი ბავშვური სახეები... და ბიჭი გრძნობდა, რაოდენ უსასრულოდ პატარა იყო ამ უზარმაზარი ხელოვნური ცის ქვეშ.
ამ დღეს არასდროს დაივიწყებდა.
წლების შემდეგ მისი ქალიშვილი - სულ თოთო, სულ პაწაწინა - მოუქნელად, რბილად პირველ, გაუბედავ ნაბიჯებს გადადგამს მამისკენ. პატარა ფაფუკი მკლავები გაუშლია, თვალები კი სიხარულისა და მოლოდინისგან უბრწყინავს. ისმის მხიარული ყიჟინა: "მამა, მამიკო!" ციცქნა თითები ფართოდ იშლებიან, მამისკენ იწევიან, ზეცაში იჭრებიან.
და გოგონა ხტება, უშიშრად იჭრება ცარიელ კოსმოსში, რადგან ის უბრალოდ მამა კი არა, მამიკოა! მამა მას ყოველთვის დაიჭერს. მამიკო მას დაცემის საშუალებას არ მისცემს.
გაჰყვირის: "გაფრინდი, მამიკო, გაფრინდი!"
და აი, გოგონა მიფრინავს, უსაზღვრო ზეცის უსასრულობისკენ რაკეტასავით მიისწრაფვის. უსასრულობასთან შესაგებებლად ხელები გაუშლია, თავი უკან გადაუგდია და იქით მიფრინავს, სადაც ერთმანეთს შიში და აღფრთოვანება ხვდება. მის ხმაში უწონადობისა და თავისუფლების შეგრძნებით გამოწვეული ლაღი, წმინდა სიხარული ისმის. მამიკოს ძლიერ მკლავებში თავს უსაფრთხოდ, დაცულად გრძნობს.
კასიოპეა.
პლანეტარიუმში გატარებული იმ დღის შემდეგ, როდესაც მის დაბადებამდე ჯერ კიდევ თხუთმეტი წელი რჩებოდა, ბიჭმა უკვე იცოდა, რას დაარქმევდა თავის ასულს.