პროლოგი
დღეს, ოდნავ ადრე
სკოტს მოჩვენებების არასდროს სჯეროდა, მკვდრები თავიანთ საფლავებში რჩებიანო. თუმცა, ახლა დელფიკის გასართობი პარკის ქვეშ ამ გვირაბებში სიარულისას და ჩურჩულის მსგავსი შრაშუნის ექოსებრი ხმების მოსმენისას ამაში დარწმუნებული აღარ იყო. დაუფიქრებლად, გონებრივად ისევ ჰარისონ გრეიმდე მიდიოდა. არ სურდა საკუთარი თავისთვის ამ კაცის სიკვდილში თანამონაწილეობის შეხსენება. დაბალი ჭერიდან წყალი წვეთავდა და სკოტს სისხლი აგონდებოდა. მისი ჩირაღდნის ცეცხლი ცივი კედლების ზედაპირს, რომელსაც სველი მიწის სუნი ასდიოდა, მოცახცახე ჩრდილებად ეფინებოდა. სკოტი საფლავებზე დაფიქრდა.
კეფაში გამყინავმა ჟრუანტელმა დაუარა. უკან, სიბნელეში უნდობლად გაიხედა. არავინ იცოდა, რომ მან ჰარისონ გრეის ნორას დაცვა შეჰფიცა. - ჰეი, ძმაო, ბოდიში, რომ მოგკალი, - მან საკუთარ თავსაც შეჰფიცა, რომ ჰარისონის გოგოს ყურადღებას მიაქცევდა. ცხადია, საბოდიშოდ ეს საკმარისი არ იყო, მაგრამ უკეთესზე ვერც ვერაფერზე ფიქრობდა. სკოტს იმისაც აღარ სჯეროდა, რომ მკვდარი კაცისთვის მიცემულ ფიცს რაიმე ძალა ჰქონდა.
თუმცა, შორეულმა ყრუ ხმამ მაინც გაახსენა, რომ ეს ასე იყო.
- მოდიხარ?
სკოტი წინ დანტეს მხრების მხოლოდ მცირე სილუეტს ამჩნევდა.
- კიდევ ბევრი დარჩა?
- ხუთი წუთი, - ჩაიცინა დანტემ. - გეშინია?
- თან როგორ! - უპასუხა სკოტმა და ნაბიჯს აუჩქარა. - რა ხდება ხოლმე ასეთ შეკრებებზე? აქამდე არასოდეს ვყოფილვარ, - დაამატა. იმედი ჰქონდა, რომ ისე სულელურად არ ჟღერდა, როგორც თავად ეგონა.
- ნორასთან შეხვედრა სერიოზულ ხალხს უნდა. ის ახლა მეთაურია.
- ანუ ნეფილიმებმა „შავი ხელის“ სიკვდილის ფაქტი მიიღეს? - სკოტს ამის ბოლომდე თავადაც არ სჯეროდა. თითქოს, ისიც, სხვა ნეფილიმების მსგავსად უკვდავი უნდა ყოფილიყო. ნეტავ ვინ შეძლო მისი მოკვლა?
სკოტს ამ კითხვაზე პასუხის მოსმენა არ სურდა. თუ ამ გზას ნორამ მიაგნო... თუ მას პაჩი დაეხმარა...
აზრი არ ჰქონდა, რაოდენ კარგად დამალავდნენ კვალს. რაღაც მაინც გამოეპარებოდათ. ყოველთვის ასე იყო. ეს ახლაც მხოლოდ დროის ამბავი უნდა ყოფილიყო.
თუ „შავი ხელი“ ნორამ მოკლა, ის ახლა საფრთხის ქვეშ იყო.
- მათ ჩემი ბეჭედი დაინახეს, - მიუგო დანტემ.
ეს მანამდე სკოტსაც ენახა. ბეჭედი ქვის სიღრმიდან მომდინარე ლურჯი ნათებით ბრიალებდა. მას ახლაც ცივი, მომაკვდინებელი სილურჯე დასტყობოდა. დანტეს თქმით, სწორედ ამგვარად იწინასწარმეტყველა „შავმა ხელმა“ თავისი სიკვდილი.
- სხეულს მიაგნეს?
- არა.
- და ასე მარტივად შეეგუვნენ ნორას მეთაურობას? - არ მოეშვა სკოტი. - ის „შავ ხელს“ არაფრით ჰგავს.
წუხელ სისხლით შეჰფიცა და ფიცი „შავი ხელის“ სიკვდილისთანავე ამოქმედდა. მეთაური ახლა ის არის, მიუხედავად იმისა, მოსწონთ ეს თუ არა. შესაძლოა შეცვალონ კიდეც, თუმცა მანამდე გამოცდიან და გაარკვევენ, რატომ აირჩია ჰენკმა სწორედ ის.
სკოტს ეს სიტყვები არ მოეწონა.
- და თუ შეცვლიან?
დანტემ ზურგს უკან ბნელი მზერა ესროლა.
- ის მოკვდება. ფიცის წესები ასეთია.
- ამას არ დავუშვებთ.
- არა.
- ანუ, ყველაფერი გასაგებია, - თქვა სკოტმა დარწმუნების ნიშნად. უბრალოდ ნორა უნდა დაეცვა.
- თუ წესებით ითამაშებს.
სკოტს ნორას ცოტა ხნის წინანდელი სიტყვები გაახსენდა. „ნეფილიმს შევხვდები და ჩემს აზრს მკაფიოდ მოვახსენებ. შესაძლოა, ეს ომი ჰენკმა დაიწყო, მაგრამ მე დავასრულებ. ომი ზავით დასრულდება. სულ არ მადარდებს, ამის გაგონება სურთ თუ არა“. შემდეგ ცხვირის ძგიდე მოისრისა. საქმე ნამდვილად ბევრი ჰქონდა.
გზა განაგრძო, თან გუბურებს აკვირდებოდა, რომლებიც კალეიდოსკოპს დამსგავსებოდნენ, თუმცა შემთხვევით ერთ-ერთში მაინც ჩავარდა და კოჭამდე დასველდა. - პაჩს ვუთხარი, რომ ნორას თვალს არ მოვაცილებ.
დანტემ ჩაიფრუტუნა.
- მისიც გეშინია, არა?
- არა. - თუმცა, ეშინოდა. და დანტესაც შეეშინდებოდა, პაჩის შესახებ საკმარისი ინფორმაცია რომ ჰქონოდა. - გოგო შეკრებაზე ჩვენთან ერთად რატომ ვერ წამოვიდა? - ნორასთან განცალკევება სკოტს თავს უსიამოვნოდ აგრძნობინებდა და წინანდელი კამათის გამო თავსაც წყევლიდა.
- ეგ კი არა, რასაც ვაკეთებთ, იმის ნახევარიც არ ვიცი. ჩვენ, უბრალოდ, ჯარისკაცები ვართ. ბრძანებებს ვიღებთ.
სკოტს პაჩის სიტყვები გაახსენდა. „ის თვალს გადევნებს. საქმე არ ჩააფლავო“. ამ მუქარამ მთელი მისი სხეული მოიცვა. პაჩი ფიქრობდა, ერთადერთი ვარ, ვინც ნორაზე ზრუნავსო, თუმცა ასე არ იყო. ბოლო პერიოდში ნორა სკოტისთვის დასავით იქცა და მის გვერდით ისეთ მომენტში დარჩა, როცა სკოტი სულ მარტო იყო. ნორამ