უხილავი მუზეუმი ნოა
13 წლის
ყველაფერი ასე დაიწყო.
ზეფირი და ფრაი - სამეზობლოში მთავარი სოციოპათები - ტორპედოსავით მოქრიან ტყეში ჩემ უკან და ფეხებქვეშ მიწა გუგუნებს, ხეებს შორის მივარღვევ ჰაერს, შიშისგან გაფითრებული.
- დაგერხა, შე ბუშტო! - ღრიალებს ფრაი.
მერე ზეფირი მეწევა, ჯერ ცალ, შემდეგ მეორე ხელს ზურგს უკან მიგრეხს, ფრაი კი რვეულს მართმევს. მისკენ ვიწევი, მაგრამ უხელო ვარ, უმწეო. ვცდილობ, როგორმე დავუსხლტე ზეფირს, მაგრამ ვერა. თვალებს ვახამხამებ, იქნებ პეპლებად იქცნენ. არა. მაინც რამხელები არიან - ოთხმეტრნახევრიანი გამოლენჩებული მეათეკლასელები, რომლებიც ზუსტად ჩემნაირ სიცოცხლით სავსე 13 წლის ბავშვებს გასართობად კლდიდან ყრიან.
ზეფირი უკნიდან კისერზე მავლებს ხელს და მკერდით ზურგზე მაწვება, მეც ზურგით ზედ ვეკრობი. ორივენი ოფლში ვცურავთ. ფრაი რვეულს ფურცლავს.
- რას ხატავდი, ბუშტო? - წარმოვიდგენ, როგორ გადაუვლის სატვირთო, - ზეფ, ნახე, შიშველი კაცები დაუხატავს.
ჩემს სხეულში სისხლის მოძრაობას წყვეტს.
- ეს შიშველი კაცი კი არა, დავითია(დავითი — რენესანსული პერიოდის მიქელანჯელოს მარმარილოს ქანდაკება, რომელიც შეიქმნა 1501-1504 წლებში. მისი სიმაღლე 5,17 მეტრს შეადგენს. ქანდაკება გამოსახავს ბიბლიურ პერსონაჟს, ისრაელის მეორე მეფე დავითს. ), - ვლუღლუღებ მე, თან გულში ვლოცულობ, ეს პასუხი იდიოტურად არ მოეჩვენოთ; ვლოცულობ, რომ რვეული კიდევ არ გადაფურცლოს და სხვა ნახატები არ ნახოს, რომლებიც დღეს დავხატე, როცა ვუთვალთვალებდი. მათი ნახატები, როდესაც ისინი წყლიდან ამოდიან, იღლიაში სერფინგის დაფები აქვთ ამოჩრილი, არც ჰიდროკოსტიუმები აცვიათ, არც არაფერი, სულ ბრწყინავენ. ჰო, მართლა: ხელიხელჩაკიდებული არიან. საკუთარ თავს იმპროვიზაციის უფლება მივეცი. და ისინი იფიქრებენ, რომ... ჯერ ცემით სიკვდილის პირას მიმიყვანენ, მერე კი მომკლავენ. აი, რას იზამენ. გარშემო ყველაფერი ტრიალს იწყებს. ფრაის სახეში ვახლი სიტყვებს:
- მიქელანჯელო(მიქელანჯელო დი ლოდოვიკო ბუონაროტი სიმონი (1475-1564), ცნობილი როგორც მიქელანჯელო — იტალიური რენესანსის პერიოდის მოქანდაკე, მხატვარი, არქიტექტორი და პოეტი.) არ იცი? არასდროს გსმენია? - იძულებული ვარ, მე მე აღარ ვიყო. ისე მოიქეცი, თითქოს მაგარი ბიჭი ხარ და მართლა მაგარი იქნები, როგორც გამუდმებით მიმეორებს მამაჩემი, თითქოს გატეხილი ქოლგა(გატეხილი ქოლგა (იდიომ.) - ნიშნავს მხდალს, უნებისყოფოს, სუსტს, ქალაჩუნას.) ვიყო.
- კი, გამიგია, - დიდი, გაბერილი ტუჩებით ამბობს ფრაი, მსოფლიოში ყველაზე მასიური შუბლის ქვემოთ სახის ყველა ნაკვთი დაბერილი აქვს და ძალიან ჰგავს ბეჰემოთს. ის რვეულიდან ფურცელს ხევს, - მგონი, პედერასტი იყო.
ეს მეც ვიცი - დედაჩემმა ამაზე მთელი წიგნი დაწერა - მაგრამ ფრაიმ საიდან უნდა იცოდეს. ის ყველას პედერასტს ეძახის, ან ქალაჩუნას, და მეც პედერასტს, ქალაჩუნასა და კიდევ, ბუშტს მიწოდებს.
ზეფირი დემონის ბოროტი ღიმილით იღიმის. ტანში ჟრუანტელი მივლის.
ფრაი მომდევნო ნახატს უჩვენებს. კვლავ დავითი. მისი უკანა ნაწილი. დეტალური ესკიზია. მთლად ვცივდები.
ახლა უკვე ორივე ხარხარებს. ტყეში ექო ხმიანობს. ჩიტებიც კი კისკისებენ.
კიდევ ერთხელ ვცდილობ, თავი დავაღწიო ზეფირის კლანჭებს, რათა ფრაის რვეული ხელიდან გამოვგლიჯო, მაგრამ ზეფირი უფრო მაგრად მიჭერს. თითქოს თორი(თორი — სკანდინავიურ მითოლოგიაში ელვისა და ქუხილის ღმერთი.) იყოს ეგ ოხერი. ცალი ხელით კისერზე მეხვევა, მეორით უსაფრთხოების ღვედივით შემომსალტვია წელზე. ტანზევით შიშველია, ეს-ესაა, პლაჟიდან დაბრუნდა და მისი სხეულის სითბო ჩემს მაისურში აღწევს. ცხვირსა და მთელ თავში მირტყამს ქოქოსის გასარუჯი კრემის სუნი. ოკეანის მძაფრი სუნიც ასდის, თითქოს ზურგზე ჰქონდეს მოკიდებული... ტალღა მის უკან დაბერტყილი პლედივით ირხევა... კარგია, ზუსტად ისაა, რაც მჭირდება.
(პორტრეტი: ბიჭი, რომელმაც ზღვა თან წაიღო.)
მაგრამ ახლა არა, ნოა, იმის დრო არაა, ეს კრეტინი წარმოსახვაში დახატო. მე ვიკლაკნები, ტუჩებზე მარილის გემოს ვგრძნობ, და მახსენდება, რომ მალე მოვკვდები.
ზეფირის წყალმცენარესავით გრძელი თმა სველია და წყალი კისერსა და მხრებზე მეწვეთება. უცებ ვამჩნევ, რომ სინქრონულად ვსუნთქავთ, ღრმად და მძიმედ. ვცდილობ, თანაბრად ვისუნთქო. ვცდილობ, მიზიდულობის კანონი დავძლიო და ავფრინდე. არაფერი გამომდის. არაფერი შემიძლია. ჩემს ნახატებს - ახლა უკვე უმეტესად ოჯახურ პორტრეტებს - ქარი ხელიდან სტაცებს ფრაის, რომელიც მათ ერთიმეორის მიყოლებით გლეჯს რვეულიდან. სურათს, სადაც მე ჯუდთან ერთად ვარ, შუაზე ხევს და ერთმანეთისგან გვაცალკევებს.
ვხედავ, როგორ მიმაფრენს ქარი.
ვხედავ, როგორ უახლოვდება ფრაი იმ ნახატებს, რომელთა ნახვის შემდეგ აუცილებლად მომკლავენ.
პულსი მიჩქარდება და მისი ხმა ყურებში მცემს.
მერე ზეფირი ამბობს:
- არ დახიო, ფრაი. მისი და ამბობს, კარგი ბიჭიაო, - ნუთუ იმიტომ, რომ ჯუდი მოსწონს? ბევრს მართლაც მოსწონს ჯუდი, რადგან ყველაზე მაგარი სერფერია, მოსწონს ფრიალო