თავი პირველი - ზამთრის შვილი დაზუსტებით არ იცოდა, სიცივეს მოჰყავდა ყინულის დრაკონი თუ ყინულის დრაკონს - სიცივე. თუმცა, ეს დიდად არც აინტერესებდა. ასეთი კითხვები უფრო მეტად მის ძმას, ჯეოფს აწუხებდა, რომელიც მასზე ორი წლით უფროსი და საშინლად ცნობისმოყვარე გახლდათ. ადარასთვის კი მთავარი თოვლი, აცივება და ყინულის დრაკონის დროული მოსვლა იყო. ბედნიერებისთვის სხვა არაფერი სჭირდებოდა.
და მან ყოველთვის იცოდა, როდის მოხდებოდა ეს - მის დაბადების დღეზე. ის ზამთრის შვილი იყო. დაიბადა ისეთ ყინვაში, როგორიც არავის ახსოვს, მათ შორის, არც მოხუც ლორას, რომელიც მეზობელ ფერმაში ცხოვრობდა და ისეთი ამბები ახსოვდა, მანამდე რომ ხდებოდა, სანამ ქვეყნიერებაზე ადამიანები გაჩნდებოდნენ. ხალხი ჯერ ისევ ჰყვებოდა იმ ყინვის შესახებ. ადარას ხშირად ესმოდა მათი ხმები.
სხვა რაღაცებსაც იხსენებდნენ. ამბობდნენ, რომ სწორედ სიცივემ მოკლა დედამისი, რომელიც იმ გრძელ ღამეს ადარას მამის მიერ დანთებულ უშველებელ კოცონთან ცდილობდა გათბობას. სამშობიარო ლოგინს კი პლედები ფარავდა და როგორც იძახდნენ, იმ ღამით სიცივემ მის საშოში შეაღწია, მოიცვა ადარას სხეული, დაფარა ის ლურჯი და ყინულოვანი გარსით და მას შემდეგ ადარა აღარ გამთბარა. მას ზამთარი შეეხო, თავისი დაღი დაასვა და დაისაკუთრა.
ადარა მართლაც გამორჩეული ბავშვი იყო. ძალიან სერიოზული პატარა გოგონა თანატოლებთან თამაშით იშვიათად ინტერესდებოდა. ხალხი ამბობდა, რომ ის იყო ლამაზი და თავისებურად გამორჩეული. ჰქონდა ფერმკრთალი კანი, ქერა თმა და დიდი ლურჯი თვალები. იღიმოდა, თუმცა იშვიათად. მისი ტირილი კი არავის უნახავს. ერთხელ, როცა ხუთი წლის იყო, შემთხვევით ფეხი თოვლით დაფარულ ლურსმნიან ფიცარს დააბიჯა და ლურსმანი შიგ შიშველ ფეხში შეესო, თუმცა ადარას კვნესა ან ტირილი არ დასცდენია. უბრალოდ, ფეხი გაითავისუფლა და შინ დაბრუნდა. გზად კი თოვლზე სისხლის კვალი დატოვა. შინ მისულმა მხოლოდ ეს თქვა:
- მამა, ფეხი ვიტკინე, - ჩვეულებრივი, ბავშვური გაბუსხვა და ცრემლები მისთვის უცხო იყო.
ოჯახშიც ხვდებოდნენ, რომ ადარა სხვებისგან გამოირჩეოდა. მამამისი ზორბა, დათვივით მოუხეშავი კაცი იყო და გარშემო მყოფებს დიდ ყურადღებას არასოდეს აქცევდა, თუმცა ჯეოფის გაუთავებელ შეკითხვებზე სახეზე ყოველთვის ღიმილი ეფინებოდა. მუდამ სიცილით და ჩახუტებით ეგებებოდა ტერის - ადარას უფროს დას, რომელიც ოქროსთმიანი და ჭორფლიანი გოგო იყო და ყოველთვის მოურიდებლად ეკეკლუცებოდა ადგილობრივ ბიჭებს. მამა ხანდახან ადარასაც ეხუტებოდა, განსაკუთრებით მაშინ, როცა დალევდა, რაც გრძელი ზამთრის განმავლობაში საკმაოდ ხშირად ხდებოდა. თუმცა არ უღიმოდა, მხოლოდ ოდნავ შემოხვევდა მხრებზე ხელს და მის პატარა სხეულს მიიხუტებდა. შემდეგ გგმინვა აღმოხდებოდა და ღაჟღაჟა ლოყებზე მსხვილი ცრემლები ჩამოუგორდებოდა. ზაფხულის განმავლობაში არასოდეს ჩახუტებია. ამისთვის არ ეცალა.
ზაფხულში ადარას გარდა ყველა ძალიან დაკავებული იყო. ჯეოფი მამასთან ერთად ყანაში მუშაობდა და მას გაუთავებლად შეკითხვებს უსვამდა. სწავლობდა ყველაფერს, რისი ცოდნაც ფერმერისთვის იყო საჭირო. ხოლო როცა არ მუშაობდა, მეგობრებთან ერთად მდინარის ნაპირებზე დარბოდა და თავგადასავლებში ეხვეოდა. ტერი საოჯახო საქმეებს აგვარებდა, საჭმელს ამზადებდა და დატვირთულ სეზონზე გზაჯვარედინზე მდებარე ფუნდუკშიც მუშაობდა. ფუნდუკის მეპატრონის გოგო მისი კარგი მეგობარი იყო, უმცროსი ბიჭი კი მეგობარზე გაცილებით მეტი. ამიტომ შინ დაბრუნებული ყოველთვის სიცილ-კისკისით ჰყვებოდა დღის განმავლობაში მოსმენილ ჭორებს, რომლებიც მოგზაურებს, ჯარისკაცებს თუ მეფის შიკრიკებს მოეყოლათ. ზაფხული ტერისა და ჯეოფისთვის წელიწადის საუკეთესო დრო იყო და ამ დროის განმავლობაში ადარასთვის არც ერთს არ ეცალა.
თუმცა ყველაზე მეტი საქმე მამას ჰქონდა. ყოველდღიურად ათასი რამ იყო გასაკეთებელი, ის ყველაფერს მოამთავრებდა და კიდევ ერთ იმდენ საქმეს პოულობდა. აისიდან დაისამდე მუშაობდა, ზაფხულის განმავლობაში კუნთები ეჭიმებოდა, ეზრდებოდა და ყანიდან დაბრუნებულს მთელი სხეული ოფლით ჰქონდა დაფარული, თუმცა ყოველთვის იღიმოდა. ვახშმის შემდეგ ჯეოფთან დაჯდებოდა, რაღაც ამბებს მოუყვებოდა და მის შეკითხვებს პასუხობდა, ტერის რაიმე ახალი კერძის მომზადებას ასწავლიდა, ან ფუნდუკში ჩადიოდა. მოკლედ, მამა ნამდვილი ზაფხულის კაცი იყო.
ზაფხულში არასოდეს სვამდა. გამონაკლისი იყო მხოლოდ ის შემთხვევები, როცა ძმის სტუმრობას ჭიქა ღვინით აღნიშნავდა ხოლმე.
ეს კიდევ ერთი მიზეზი იყო, რატომაც ტერისა და ჯეოფს უყვარდათ ზაფხული - დრო, როცა სამყარო მწვანით იმოსებოდა, ცხელოდა და სიცოცხლე დუღდა. ძია ჰელი მხოლოდ ზაფხულობით სტუმრობდათ. ის მამის უმცროსი ძმა იყო და მეფის დრაკონ-მხედრად მსახურობდა. მაღალი, თხელი კაცი იყო, დიდგვაროვანის გარეგნობით. დრაკონები ზამთარს ვერ იტანდნენ და ამიტომ, როცა აცივდებოდა, ჰელი და მისი მხლებლების ფრთა სამხრეთისკენ მიფრინავდნენ. თუმცა ყოველ ზაფხულს ჰელი ბრუნდებოდა და ძმას სტუმრობდა. დიდებულად გამოიყურებოდა სამეფო ოქროსფერ-მწვანე სამოსში. დიდხანს ძმასთანაც არ ჩერდებოდა, რადგან მათგან ჩრდილოეთით