ვუძღვნი ჩემს ოჯახს, ყველაზე მეტად კი - კლერს მაშ, ვადღეგრძელოთ დღეს სეზონი უბედურების
მდინარე, სადაც იძირება ჩვენი სულები,
ავწიოთ ჭიქა, და დავლოცოთ მოლიპული გზა,
ჭერში მოსახლე, იდუმალი მოჩვენებები.
გავიგონე თუ არა, როგორ იმეორებდა ბი სიტყვებს, ისეთი შეგრძნება დამეუფლა, თითქოს ხერხემალზე პატარ-პატარა მწერები ამიფუთფუთდნენ და ამ სიტყვების შესაცვლელად მოემზადნენ. შემეძლო, ავფეთქებულიყავი, წელში მოვკაკულიყავი, ან რაღაც მსგავსი დამმართოდა... ნიღბების ქვეშ საფეთქლები გაგვიოფლიანდა, მაგრამ მაინც არ ვიხსნიდით, თითქოს კანზე შეგვეზარდნენ.
ცეცხლი ოთახის შუაგულში გაჩნდა, აკვნესდა და კარის თაღებიც აჩურჩულდნენ. არ ვიცი, როგორ მივხვდი, სემს თვალები რომ ჰქონდა დახუჭული, ან ელისს სპაზმი რომ დაეწყო. მხოლოდ ერთი რამის გაცნობიერება მოვასწარი, ყველა მე ვიყავი: აღელვებისა თუ შიშისგან პირდაღებული ელისი, მუშტებშეკრული სემი, ბი, რომელსაც ოფლისგან დასველებული წითელი კაბა ეცვა და ჩვენ წინ ქანაობდა, თვით მე, კარა, კანიდან რომ ვაპირებდი ამოხტომას. ბიმ ფეხები ააბაკუნა იატაკზე, ხმას უმატა. მალე ყველა ავმოძრავდით და იატაკის ფიცრების ქვეშ ქვედა სართულის ჭერი შექანდა. ღვინო ჭიქებიდან გადმოიღვარა და სისხლივით დაიქცა იატაკზე.
სანამ მთავარი საძინებლის ნაშთში კოცონს გარს ფეხების ბაკუნით ვუვლიდით, რაღაც გავაღვიძეთ ზემოთ. იქნებ ის, რაც ჩვენში იყო: იდუმალი რამ, ჩვენს ყოველ ძვალთან რომ ჰქონდა კავშირი და კბილს კბილზე გვაჭერინებდა. იქნებ ის რაღაც ჩვენ შორის იყო, ჰაერში ან ცეცხლის იმ ალში, რომელიც გარს გვეკრა. იქნებ ის თავად სახლი გახლდათ, კედლებს შუა ჩასახლებული მოჩვენება, ან საკეტებში გამომწყვდეული მოგონებები, იატაკის ფიცრების ბზარებში ჩაბუდებული ამბები. ალბათ მალე ნაწილ-ნაწილ დავიშლებოდით, ორად გავიხერხებოდით და ისევ შევერთდებოდით, ჯადოქრის დანას ავირიდებდით და ყველაზე მაღალ კარუსელზე დავსხდებოდით... უბედური შემთხვევების სეზონის უკანასკნელ დღეს, მოჩვენებების სახლში სიკვდილს არ ვაპირებდით.