პროლოგი
ქოლდვოთერი, მენი
სამი თვის წინ
პრიალა შავი „აუდი“ სასაფლაოს ზემოთ მდებარე ავტოსადგომზე გაჩერდა. თუმცა, მანქანაში მჯდომ არც ერთ კაცს მიცვალებულთათვის პატივის მიგების სურვილი არ ჰქონია. უკვე შუაღამეს გადაცდენოდა და აქაურობაც ოფიციალურად დაკეტილიყო. ირგვლივ უცნაური, მოღუშული მოჩვენების მსგავსი ზაფხულის ნისლი იდგა. მთვარეც კი, რომელიც უკვე ვიწროვდებოდა, მოხუჭულ თვალს წააგავდა. სანამ გზის მტვერი ჩაცხრებოდა, მძღოლი მანქანიდან გადმოხტა და უკანა კარი გააღო.
პირველად ბლეიქლი გადმოვიდა. მაღალი, შენაცრისფრებულთმიანი კაცი იყო და მტკიცე, კუთხოვანი სახე ჰქონდა. ადამიანის თვალში დაახლოებით ოცდაათი წლის იქნებოდა, თუმცა ნეფილიმები ბევრად დიდხანს ცხოვრობდნენ. მას მოჰყვა მეორე ნეფილიმი, სახელად ჰენკ მილარი. ჰენკი უჩვეულოდ მაღალი, ქერათმიანი და ლურჯთვალება კაცი იყო. გამოხედვაში რაღაც ქარიზმატული ჰქონდა. მის ცხოვრებისეულ კრედოს „სამართლიანობა შემწყნარებლობაზე უპირატესია“ წარმოადგენდა. სწორედ ამგვარი ხედვით მან ბოლო რამდენიმე წელიწადში ნეფილიმებს შორის საგრძნობ ძალაუფლებას მიაღწია. მას უწოდებდნენ სამართლიანობის მუშტს, რკინის მუშტს, ყველაზე ხშირად კი შავ ხელს. თავისი ხალხის თვალში ის ერთგვარი ლიდერი, მხსნელი იყო. უფრო ვიწრო წრეებში მას სისხლიან ხელადაც კი მოიხსენიებდნენ. თუმცა, მხოლოდ ჩურჩულით თუ უწოდებდნენ სისხლიან დიქტატორს - აბსოლუტური ძალაუფლებით, კონკურენტის გარეშე. თავად ჰენკის იმედი ჰქონდა, რომ ოდესმე ამ ჭორებს გაამართლებდა.
ჰენკიმ ნაბიჯი წინ წადგა და სიგარეტს მოუკიდა. ღრმად მოქაჩა და თქვა: - ჩემები მზად არიან?
- ათი კაცი ტყეშია, ჩვენ ზევით, - უპასუხა ბლეიქიმ, - ათიც მანქანებში, ორივე გასასვლელთან. კიდევ ხუთი სასაფლაოს სხვადასხვა წერტილში იმალება, სამი მავზოლეუმში, ორიც ღობის გასწვრივ. მეტნი რომ ვიყოთ, აუცილებლად დავიწვებოდით. თან, ვისაც დღეს ხვდებით, ისიც წესით თავისი ხალხით მოვა.
ჰენკიმ სიბნელეში გაიღიმა. - ო, ეგ ძალიან მეეჭვება.
ბლეიქლიმ თვალები დაახამხამა. - თქვენი საუკეთესო ოცდახუთი ნეფილიმი ერთი კაცისთვის შეკრიბეთ?
- კაცისთვის არა, - შენიშნა ჰენკიმ. - არ მინდა, ამაღამ რაიმე შეგვეშალოს.
- ჩვენ ნორა გვყავს. თუ სიტუაცია გართულდება, ის უბრალოდ ტელეფონზე დაალაპარაკეთ. ამბობენ, ანგელოზები შეხებას ვერ გრძნობენ, მაგრამ ემოციებთან დიდი ბოდიში. დარწმუნებული ვარ, გოგონას ყვირილი მასზე იმოქმედებს. ამ დროისთვის დეგერი უკვე მზად იქნება.
ჰენკი ბლეიქლის მიუბრუნდა და დინჯად, შემფასებლურად გაუღიმა. - ნორასთან დეგერია? ეგ ხომ სრულ ჭკუაზე არ არის.
- თქვით, რომ გინდოდათ სულით გაგეტეხათ.
- ეგრე ვთქვი? - ჩაილაპარაკა ჰენკიმ. ნორა ოთხი დღის წინ დელფიკის გასართობ პარკში ერთ-ერთი ფარდულიდან მოიტაცა და მას მერე სურდა მისთვის რამდენიმე გაკვეთილი ესწავლებინა. პირველი - არასოდეს დაემცირებინა ჰენკი თავისი ხალხის წინ. მეორე - პატივი ეცა ნეფილიმური წარმომავლობისთვის. და ყველაზე მნიშვნელოვანი - პატივი ეცა საკუთარი მამისთვის.
ბლეიქლიმ ჰენკის პატარა მექანიკური მოწყობილობა გადასცა, რომელსაც ცენტრში მისტიკური ლურჯი ღილაკი ჰქონდა. - ჯიბეში ჩაიდეთ. როცა ამ ღილაკს დააჭერთ, თქვენი ხალხი მოქმედებას დაიწყებს.
- ეშმაკისეული ძალით არის გაჯერებული? - იკითხა ჰენკიმ.
თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია. - რა თქმა უნდა. მისი აქტივაციით ანგელოზის დროებით გაუვნებლებას შეძლებთ. ეს პროტოტიპია და, შესაბამისად, მოქმედებაში არასდროს მინახავს. კარგი, აქ დიდხანს ვეღარ დავრჩები.
- ვინმესთან რამე ხომ არ გითქვამს?
- მიბრძანეთ, რომ არაფერი მეთქვა.
კმაყოფილმა ჰენკიმ მოწყობილობა ჯიბეში ჩაიდო. - წარმატებები მისურვე, ბლეიქლი.
მეგობარმა მხარზე ხელი მოუთათუნა. - არ დაგჭირდებათ.
ჰენკიმ სიგარეტი გვერდზე გადააგდო და სასაფლაოსკენ მიმავალ ქვის კიბეებზე დაეშვა. ნისლი აქაურობას კიდევ უფრო იდუმალს ხდიდა. ჰენკის სურდა, რომ ანგელოზს პირველი შეხვედროდა. ზემოდან მოჰქცეოდა. ამასთან, თავისი კარგად გაწვრთნილი ხალხის დიდი იმედიც ჰქონდა.
კიბეების ძირთან ჰენკიმ თვალი მოავლო სასაფლაოს, რომელიც ბოლო პერიოდში საგრძნობლად გაზრდილიყო. აქაურობა მხოლოდ საფლავის ქვებს ეკავა და სულაც არ იყო გასაკვირი, რომ ბლეიქლის შეხვედრის ადგილად სწორედ ეს სასაფლაო აერჩია, სადაც კაციშვილი ვერ გაიგებდა ამ საღამოს მომხდარი ამბების შესახებ.
აი, გამოჩნდა. ანგელოზი ერთ-ერთ ქვას მიჰყუდებოდა. ჰენკის დანახვაზე გასწორდა. ჩვეული შავი სამოსი ეცვა, შავი ფერისვე მოტოციკლისტის ტყავის ქურთუკით. უკვე რამდენიმე დღე წვერი არ გაეპარსა, თმაც უაზროდ აჩეჩოდა. ტუჩების ირგვლივ ღარები ეტყობოდა. რა გასაკვირია. როგორც ჩანს, შეყვარებულის გაუჩინარებას გლოვობდა.
- მთლად კარგად ვერ გამოიყურები... პაჩი. ასე გქვია, ჰო? - უთხრა ჰენკიმ და მისგან რამდენიმე ფუტის მოშორებით გაჩერდა.
ანგელოზმა გაუღიმა, მაგრამ ეს არ იყო სასიამოვნო ღიმილი. - მე კი მეგონა, შენი სისხლის და ხორცის გასაჭირი