1
ჰარიეტ მანერსი მქვია და გიკი ვარ.
ვიცი, გიკი რომ ვარ, რადგან ეს-ესაა, ოქსფორდის ინგლისური ენის ლექსიკონში სიტყვის განმარტება ამოვიკითხე და მოვნიშნე ყველა სიმპტომი, რომელიც - ვაღიარებ - მახასიათებს.
გულახდილად თუ ვიტყვი, ეს მოულოდნელი არ ყოფილა. ოქსფორდის ინგლისური ენის ლექსიკონის მიხედვით, რომელიც სასთუმალთან მიდევს და რომელშიც დღედაღამ თავი მაქვს ჩარგული, - ეს პირველი ნიშანია. ისიც ფაქტია, რომ ლექსიკონის გვერდით ფანქარი დევს, საბუნებისმეტყველო ისტორიის მუზეუმში რომ ვიყიდე. სახაზავიც აქვეა. საინტერესო სიტყვებს ხაზგასმით აღვნიშნავ ხოლმე.
ჰო, და კიდევ, ჩემი სასკოლო ჩანთის გარეთა ჯიბეზე წითელი ფანქრით წერია გეეკ. გუშინდლიდან.
გეეკეს მე არ ჩამიდენია. ძალიან სასაცილო იქნებოდა, საკუთარ ზურგჩანთას ამგვარად მოვქცეოდი. ჩანთის გაფუჭება რომ არ მანაღვლებდეს, ზედ სხვა რამეს მივაწერდი, მაგალითად, გონებამახვილურ ციტატას რომელიმე მართლაც კარგი წიგნიდან, ან ისეთ რამეს, ბევრმა რომ არ იცის. და არავითარ შემთხვევაში არ გამოვიყენებდი წითელ ფერს. შავად ან ლურჯად დავაწერდი, შესაძლოა, მწვანედაც. წითლის დიდი მოყვარული არ გახლავართ იმის მიუხედავად, რომ იმ ფერებს შორის, რომელთა სინათლის ტალღის გარჩევა ადამიანის თვალს შეუძლია, წითლის ტალღა ყველაზე გრძელია.
სრულიად გულწრფელად გეუბნებით, არ ვიცი, ვინ გადაწყვიტა, ჩემი ზურგჩანთა შეემკო. რასაკვირველია, ვარაუდები მაქვს, მაგრამ ხელწერის გარჩევა თითქმის შეუძლებელია. როგორც ჩანს, ამ წარწერის შემსრულებელს არ მოუსმენია გასულ კვირას ინგლისური ენის გაკვეთილზე რომ გვითხრეს, ხელწერა, ადამიანის თვითგამოხატვის ძალიან მნიშვნელოვანი საშუალება არისო. თუ სათანადო ფერის კალამი ვიშოვე, შემიძლია გ-სა და ე-ს შორის ასო-ბგერა ღ ჩავამატო და ამით ძველი მსოფლიოს ისტორიისა და ბერძნული სახეობის ყველის, ფეტასადმი ჩემს ინტერესზე მივანიშნო.
მართალია, უპირატესობას მაინც ჩედერს ვანიჭებ, მაგრამ ეს არავინ იცის.
ასეა თუ ისე, ფაქტი სახეზეა: ჩემი ზურგჩანთა, ანონიმი ვანდალი და ოქსფორდის ინგლისური ენის ლექსიკონი ერთმანეთთან სრულ თანხმობაშია, რის გამოც მხოლოდ ერთს ვასკვნი - მართლაც გიკი ვარ.
მაგალითად, იცოდით თუ არა, რომ ძველად „გიკს“ უწოდებდნენ მოხეტიალე დასის მსახიობს, რომელსაც სპექტაკლის მიმდინარეობისას თავი უნდა მოეჭამა ცოცხალი წიწილის, გველის ან ღამურასთვის?
მართალია. ასეთი რამ მხოლოდ გიკმა შეიძლება იცოდეს.
ჩემი აზრით, ირონიაც ზუსტად ესაა.