ნაწილი პირველი - სად ვდგავარ - 1
ძალიან ძნელია ლაპარაკი, როცა თავის მოკვლა გსურს. ეს ყველაფერზე მაღლა და ყველაფრის მიღმა დგას, – ძნელია პირის გაღება და სიტყვების წარმოთქმა. სიტყვები არ მოდის გასაგებად, როგორც ნორმალურ ადამიანებთან, არამედ ნატეხ-ნატეხ, როგორც დამსხვრეული ყინული. ბორძიკობ მათზე, როდესაც ქვედა ტუჩის უკან გიგროვდება, და უბრალოდ, ხმას არ იღებ.
– ოდესმე თუ შეგიმჩნევიათ, როგორ უყურებენ ადამიანები ტელევიზორს ყველა სატელევიზო რეკლამაში? – კითხულობს ერთი.
– გადაეცი, შვილო, – ეს მეორეა.
– არა, ეგ მართლა ეგრეა, – ამბობს მესამე, – ვიღაც ყოველთვის დივანზეა დაბრძანებული, თუ ალერგიის რეკლამა არ არის და მინდორში არ იმყოფებიან.
– ან ცხენზე, ზღვასთან.
– ეს რეკლამები მუდამ ჰერპესს უკავშირდება.
სიცილი.
– საერთოდ, როგორ უნდა უთხრა ვინმეს, რომ ეგ გჭირს? – ეს არონია, ჩვენ მის სახლში ვართ, – საკმაოდ უცნაური საუბარი უნდა იყოს: "ჰეი, სანამ ამას მოვიმოქმედებთ, უნდა იცოდეთ..."
– წუხელ დედათქვენებს აინუნში არ ჩაუგდიათ ეს.
– ოოოჰ!
– შვილო!
არონი მუშტს წაჰკრავს რონის – ტანმორჩილს და სამკაულიანს, რომელმაც ერთხელ მითხრა: "კრეგ, როდესაც კაცი პირველ სამკაულს გაიკეთებს, მერე ვეღარ გადაეჩვევა". ახლა მუშტს მუშტით პასუხობს.მის ხელზე თავისუფლად მოქანავე ოქროს სამაჯურს არონის საათი ხვდება და წკრიალებს.
– შვილო, რას უპირებ ჩემს ოქროს, ჰა? – რონი მაჯას არხევს და ყურადღება მარიხუანაზე გადააქვს.
არონის სახლში ყოველთვის არის მარიხუანა. მის ოთახს, რომელიც მშობლებს შეეძლოთ გაექირავებინათ, როგორც მეორე ბინა, აქვს სრულებით დამოუკიდებელი სავენტილაციო სისტემა და საკეტიანი კარი. სინათლის ჩამრთველს ფისის ზოლები შემოვლებია და არონის ზეწარიც შავ წრეებს დაუწინწკლავს. იქვეა მბზინავი ლაქები, რომლებიც მეტყველებს გარკვეულ აქტივობაზე არონსა და მის მეგობარ გოგოს შორის. ვუყურებ მათ – ლაქებს – და მშურს. მერე აღარ მშურს.
– გინდა, კრეგ?
მარიხუანას მაწვდიან, მაგრამ მე სხვას ვაწვდი. ექსპერიმენტს ვუტარებ ჩემს ტვინს: იქნებ მარიხუანაა პრობლემა, იქნებ ის შემოიჭრა ჩემში და გამქურდა? ამას საკმაოდ ხშირად ვშვრები ამ ბოლო კვირებში, მერე კი ბევრ მარიხუანას ვეწევი მხოლოდ იმის გასარკვევად, იქნებ სწორედაც მისი უკმარისობა მძარცვავს.
– ხო კარგად ხარ, ძმაო?
ეს ჩემი სახელი უნდა იყოს.
– აჰ... – ენა მებმის.
– ნუ ახურებ, კრეგ, – ეს რონია.
– ჰო, – ვამოძრავებ ღიმილის კუნთებს, – უბრალოდ... ასე ვთქვათ... იცი...
ხო ხედავ, როგორ მოდის სიტყვები? ტუჩებზე ცურდება და განზე მიდის.
– ცუდად ხო არ ხარ? – მეკითხება ნია, არონის მეგობარი გოგო, რომელიც მუდმივ კონტაქტშია არონთან. ამწუთას იატაკზე ზის მის ფეხთან. დიდი თვალები აქვს.
– კარგად ვარ, – ვეუბნები. როცა ნია თავს ატრიალებს, ჩვენ პირდაპირ ჩამოკიდებული ბრტყელეკრანიანი ტელევიზორი მის თვალებს ირეკლავს და ლურჯ ათინათს ისვრის. ვუყურებთ დოკუმენტურ ფილმს ოკეანის სიღრმეზე.
– ხო აზრზე ხართ! ერთი ამას უყურეთ, – ამბობს რონი და მარიხუანას კვამლს უშვებს. ეკრანზე მოჩანს წყლის სიღრმეში მცურავი გიგანტურყურებიანი, ნახევრად გამჭვირვალე რვაფეხა.
"მეცნიერებმა ხუმრობით დაარქვეს ამ ეგზემპლარს დუმბო", ამბობს დიქტორი.
გუნებაში ვიღიმი. მე საიდუმლო მაქვს: მსურს, ვიყო რვაფეხა დუმბო. ოკეანის გაყინულ წყალთან ადაპტირებული, თავისუფლად ვიცურებდი მის წყლებში. ჩემი ცხოვრების საზრუნავი ის იქნებოდა, თუ რომელი ზღვის ფსკერის შლამით გამომეკვება თავი. თუმცა, ასეთი ყოფა დიდად არ განსხვავდება ჩემი დღევანდელობისგან. გარდა ამისა, არ მეყოლებოდა ბუნებრივი მტერი. თუმცა, არც ახლა მყავს ასეთი და ეს დიდი ვერაფერი სიკეთეა. და მაინც: მსურს რვაფეხასავით ვიცურო ზღვის სიღრმეში.
– მოვალ, – ვთქვი და დივნიდან წამოვდექი. იმავე წამს, სკრუგსმა, რომელიც მანამდე იატაკზე იჯდა, მეყსეულად დაიჭირა ჩემი ადგილი ერთი მოქნილი მოძრაობით.
– შენ არ დაგიძახია ერთი და ხუთი, – თქვა ამ დროს.
– ერთი და ხუთი? – დავიბენი.
– დაგაგვიანდა.
მხრებს ვიჩეჩავ, ხალიჩებზე და ფეხებზე მივბობღავ ჩალისფერი კარისკენ, რომლიდანაც გავდივარ და მივაბიჯებ მარჯვნივ – არონის ტუალეტისკენ.
ტუალეტებთან მთელი სისტემა მაკავშირებს. ბევრ დროს ვატარებ ამ თავშესაფრებში, თავისუფლების ამ საჯარო ადგილებში, მთელ დედამიწაზე რომ მოფენილა ჩემნაირი ხალხისთვის. არონის ტუალეტში შევდივარ და განვაგრძობ დროის გაყვანის ჩემს ჩვეულებრივ რუტინას. ჯერ სინათლეს ვაქრობ. მერე ვოხრავ. მერე ვტრიალდები, ვუყურებ წამის წინ მიხურულ კარს და, კი არ ვჯდები, ვვარდები უნიტაზზე, გვამივით ვვარდები. მერე ვფსამ. ყოველთვის ვცდილობდი სიხარულით შევხვედროდი ამ პროცესს, გამეცნობიერებინა, რომ ჩემი სხეული შვრებოდა იმას, რაც უნდა ექნა, როგორც ჭამის დროს, თუმცა დიდი ვერაფერიშვილი მჭამელი ვარ. სახეს ხელებში