1 "არაფრით არ მეგონა, თუ ასეთი ადამიანები სინამდვილეშიც არსებობენ".
"ალისფერი კვალი"
სერ ართურ კონან დოილი
როდესაც მას პირველად შევხვდი, ერთ-ერთი ისეთი გაწელილი სასწავლო დღე მიუახლოვდა დასასრულს, რომლის მსგავსს მხოლოდ შერინგფორდის მსგავს სკოლა-პანსიონებში(სასკოლო სწავლება აშშ-ში სამსაფეხურიანია: დაწყებითი, საშუალო სკოლები და უმაღლესი, წინასაუნივერსიტეტო სკოლები. წინასაუნივერსიტეტოდ ითვლება ტექსტში ნახსენები შერინგფორდის სკოლაც. ) თუ შეხვდებოდით. შუაღამე იდგა, ან სულ ცოტა თუ იქნებოდა გადაცილებული. ბოლო რამდენიმე საათი ჩემს ოთახში ვიჯექი და ყინულს ვიდებდი დაჭიმულ, გაშეშებულ მხარზე, ჯახმა რომ დამმართა რაგბიში, რომელიც დაწყებიდან სულ რამდენიმე წუთში საშინლად წარიმართა. ვარჯიშებზე მსგავსი რამ ხშირად ხდება – თავიდანვე ავითვისე ეს გაკვეთილი, როდესაც სკოლაში სულ ახალმისულს, პირველივე კვირას, გუნდის კაპიტანმა ისეთი ჯანჯღარით ჩამომართვა ხელი, მეგონა, სადაცაა თავისკენ მიმაგდებს და გადამსანსლავს-მეთქი. შერინგფორდის რაგბის გუნდი წლების განმავლობაში ყოველ სეზონზე დივიზიონის კუდში ყოფნით "იწონებდა თავს", მაგრამ წელს ვითარება შეიცვალა. კლაინი ცდილობდა, ეს ჩემთვის შეეხსენებინა, თან იღიმებოდა და საოცრად პატარა კბილებს აელვებდა. მე მათი თეთრი ვეშაპი, რაგბის მესია ვიყავი და სწორედ ამიტომ სკოლა სწავლის პირველ წელს არა მხოლოდ სრული სტიპენდიით, არამედ ტრანსპორტირების ხარჯითაც უზრუნველმყოფდა, როდესაც ყოველ არდადეგებზე დედაჩემთან მივდიოდი. ხარჯი კი სულაც არ იყო მცირე, თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ დედაჩემი ლონდონში ცხოვრობდა.
ერთადერთი პრობლემა ის იყო, რომ რაგბი მთელი არსებით მძულდა. ჩემი ფატალური შეცდომა იმაში მდგომარეობდა, რომ გასულ წელს ლონდონში, ჩემს სკოლაში, რაგბის მატჩს გავუძელი და ჩვენს გუნდს სრულიად შემთხვევით გამარჯვება მოვუტანე. თავი მხოლოდ იმიტომ გამოვიდე, რომ ტრიბუნაზე როუზ მილტონი იჯდა, მე კი იგი ორი ვნებიანი, საიდუმლო და საშინელი წლის განმავლობაში მიყვარდა. როგორც მოგვიანებით გავიგე, ტრიბუნაზე შერინგფორდის გუნდის მწვრთნელიც იჯდა, პირდაპირ წინა რიგში, და ვითარებას ზვერავდა. იცით, ჰაიკომბის სკოლაში რაგბის კარგი გუნდი გვყავდა.
ეშმაკებშიც წასულან ყველანი.
განსაკუთრებით ეს ხბოსთვალება და ხარისკისერა ჩემი ახალი თანაგუნდელები. სიმართლე რომ ვთქვა, ვერც სკოლას ვიტანდი, მთელი თავისი მწვანე მდელოს, სუფთა ზეცისა და ქალაქის ცენტრის მიუხედავად, რომელიც ისეთივე პაწაწინა მეჩვენებოდა, როგორიც ის წიდის ბლოკებით ნაგები ოთახი, მიხნერის კამპუსში რომ გამომიყვეს... ქალაქის ცენტრი, სადაც მხოლოდ და მხოლოდ ოთხი საკონდიტრო იყო და სხვა არავითარი ნორმალური ადგილი, სადაც წასვლა ეღირებოდა; ქალაქის ცენტრი, სადაც ჩემი კამპუსიდან სულ ერთი საათის სავალზე მამაჩემის სახლი იდგა. მამაჩემი განუწყვეტლივ მემუქრებოდა სკოლაში მოსვლით. დიახ, ამას სხვას ვერაფერს უწოდებდით, თუ არა მუქარას. დედაჩემს სურდა, მე და მამაჩემს ერთმანეთი უკეთ გაგვეცნო. როდესაც ისინი განქორწინდნენ, მე სულ ათი წლის ვიყავი.
მაგრამ მე ლონდონი მენატრებოდა. ისე მენატრებოდა, როგორც დაკარგული კიდური, მიუხედავად იმისა, რომ იქ სულ რამდენიმე წელი თუ მქონდა გატარებული და მიუხედავად იმისა, რომ დედაჩემმა აიჩემა, ჩემთვის კონექტიკუტში გადმოსვლა იგივე შინ დაბრუნება იქნებოდა, თავს ისე ვგრძნობდი, როგორც ელიტურ ციხეში.
ამ ყველაფერს იმიტომ გიყვებით, რომ ნათლად გაიგოთ, თუ როგორ მსურდა იმ სექტემბერს ასანთის მომარჯვება და ბედნიერი ყიჟინით მთელი შერინგფორდის დანახშირება. მასთან შეხვედრამდეც კი დარწმუნებული ვიყავი, რომ ამ საცოდავ ადგილას ჩემი ერთადერთი მეგობარი იგი – შარლოტ ჰოლმსი გახდებოდა.
– იმის თქმა გინდა, რომ სწორედ ის უოტსონი ხარ? – ტომმა ბედნიერი სახით თავისი შუადასავლური აქცენტი თვალის დახამხამებაში შეცვალა ისეთი იდეალური კოკნით(ინგლისური ენის ლონდონური დიალექტი, ლონდონის დაბალი სოციალური ფენების მეტყველება. ), როგორიც კი ოდესმე მსმენოდა, – ჩემო ძვირფასო მეგობარო, ჩემო ბიჭო, უოტსონ, აქ მოდი, მჭირდები.
ოთახი, რომელსაც ვიზიარებდით, იმდენად პატარა იყო, რომ როდესაც ხელი ავუქნიე, ლამის თვალი ამოვთხარე.
– გენიოსი ხარ, ბრედფორდ, სერიოზულად გეუბნები, ეს საიდანღა მოიტანე?
– ოჰ, ძმაო, ეს ხომ იდეალურია!
ჩემმა ბინაზიარმა(ადამიანი, რომელიც მეორე ადამიანთან იყოფს საცხოვრებელს.) ხელები ჯიბეებში ჩაიწყო. გამუდმებით რომბებიან უსახელო სვიტერსა და ბლეიზერს ატარებდა. ჩრჩილისგან შეჭმულ ხვრელში მის მარჯვენა ცერა თითს ვხედავდი, აღელვებისგან რომ ეგრიხებოდა.
– ამაღამ ლოურენსის კამპუსში წვეულება იმართება. ლენა აწყობს, იმიტომ, რომ მისი და გამუდმებით უგზავნის არაყს. ხომ იცი, ვინც არის მისი ბინაზიარი? – ამ სიტყვებით წარბები მაღლა ასწია.
ბოლოს და ბოლოს, იძულებული გავხდი, წიგნი დამეხურა და გვერდზე გადამედო.
– არ მითხრა, რომ ჩემს წაყვანას აპირებ...
– შენს სულიერ თანამოაზრესთან?
როგორც ჩანს, საშიში სახე მივიღე, რადგან ტომმა ორივე ხელი ჩემს მხრებზე დაასვენა.
– არა, არ ვცდილობ, – და თითოეული სიტყვის მკაფიო გამოთქმით განაგრძო, – არ... ვცდილობ... შარლოტთან... წაგიყვანო.