1
ჰარიეტ მანერსი მქვია და შეყვარებული ვარ.
ვიცი, რომ შეყვარებული ვარ, რადგან ღიმილს ვერ ვიკავებ. ცნობილია, რომ ჩვეულებრივი გოგონა დღის განმავლობაში, საშუალოდ, სამოცდაორჯერ იღიმის. შესაბამისად, სტატისტიკას თუ დავუჯერებთ, შესაძლოა, სხვა ადამიანის ბედნიერებას ვითვისებდე. ყოველ ოცდაათ ან ორმოც წამში ერთხელ ვიკრიჭები. მინიმუმ.
ვიცი, რომ შეყვარებული ვარ, რადგან: საკუთარ ხუმრობებზე მეცინება; ისეთ სიმღერებს ვმღერი, რომელთა ტექსტიც არ ვიცი; ასი მეტრის რადიუსში მყოფ, ნებისმიერ ცხოველს ვეფერები; ყოველ ჯერზე, როცა მზის სხივებით განათებულ ადგილს ვხედავ, ხელებს ვშლი და განუწყვეტლივ ვტრიალებ. იმის გამო, რომ ჩემი გონება სიყვარულის ელექსირით: ფენილეთილამინით, დოფამინითა და ოქსიტოცინით არის გაჟღენთილი, ფაქტობრივად, მულტფილმის პრინცესად გადავიქეცი.
თუმცა, სრული მეტამორფოზისგან ერთი რამ განმასხვავებს: ტელეფონის გადასახადის ასტრონომიული რიცხვი. ბოლო პერიოდში ერთი ჩვევაც ჩამომიყალიბდა: „ჭეშმარიტი სიყვარულის სიმპტომების“ ძებნა ინტერნეტში; განსაკუთრებით მაშინ, როდესაც შეყვარებული თან არ მახლავს.
ნებისმიერ შემთხვევაში, მთავარი მიზეზი, რომლის გამოც ვიცი, რომ შეყვარებული ვარ, არის წარწერა, ჩემი ახალი, კაშკაშა იასამნისფერი ბლოკნოტის ბოლო გვერდზე:
შ ე ყ ვ ა რ ე ბ უ ლ ი
ცხადია, ჩემი ნახელავია. ძალიან უცნაური საქციელი იქნებოდა, ჩანახატები სხვა ადამიანის კუთვნილ საკანცელარიო ნივთებზე მეკეთებინა. აქვე ჩემ მიერ შესრულებული ესკიზია, მის ქვემოთ კი მითითებულია თარიღი; იმ არაჩვეულებრივი მომენტის აბსოლუტური სიზუსტით აღსანიშნავად, როდესაც მე და ლომბიჭა ოფიციალური შეყვარებულები გავხდით.
ეს მართებული გადაწყვეტილება იყო: ჩვენ ერთმანეთისთვის ვართ შექმნილნი.
კუპლეტი; ორტაეპედი - რომელიც განუყოფელია; განცალკევება ისევე შეუძლებელია, როგორც ყველისა და პურის ან კიტრისა და პამიდვრის. ჩვენ იმ ზღვის ცხენების ჰუმანოიდური რასის ანალოგი ვართ, ლაყუჩებმიდებულები რომ ცურავენ და ფერს იცვლიან, რათა ურთიერთსიმპათია გამოხატონ; ან იმ მფრინავი მარტორქების(ფრინველთა სახეობა. Hornbills (Bucerotidae)), ერთდროულად რომ გალობენ, რათა სამყაროს გააგებინონ, რომ ჰარმონიული წყვილია.
...ამ ურთიერთობამ ყველაფერი შეცვალა.
ყველაზე რომანტიკული ზაფხულის (MRSETM) შემდეგ, ჩვენი დროის უმეტეს ნაწილს ცისარტყელებს, მზის ჩასვლებს, დილის მიმოწერებსა და ძილის წინ, ხანგრძლივ სატელეფონო საუბრებს ვუთმობთ. დამოუკიდებლად ვერასოდეს ვამჩნევ, როდის მაკრავენ თმაში საღეჭ რეზინს ან იმ რეზინით როგორ ვეწებები ავტობუსის სკამს.
ცხოვრებაში პირველად, არაფრის შეცვლას არ ვისურვებდი. ვარაუდობენ, სამყაროში 170 მილიარდი გალაქტიკა არსებობს, ჩემი სიხარული კი - უკიდეგანოა. ცხოვრება ზუსტად ისეთია, როგორიც მინდოდა, რომ ყოფილიყო.
ყველაფერი იდეალურადაა.