1
ჰარიეტ მანერსი მქვია და მოდელი ვარ.
ვიცი, რომ მოდელი ვარ, რადგან:
1. ორშაბათ დილით მაცვია ოქროსფერი ტიულის ქვედაბოლო, ჟაკეტი, უქუსლო ფეხსაცმელი და მიკეთია ოქროს საყურე. სახე ოქროსფრად მაქვს მოხატული და თავზე გრძელი, ოქროსფერი მავთული მახვევია. ჩვეულებრივ, ორშაბათობით ასე არ ვიცვამ.
2. მყავს პირადი მცველი. საყურე იმდენად ძვირად ღირებულია, რომ საპირფარეშოშიც ვერ მივდივარ მარტო, რადგან შემდეგ ბრგე მამაკაცი ყურის ბიბილოებს მიმოწმებს, რომ დარწმუნდეს, შემთხვევით ხომ არ ჩავრეცხე ისინი.
3. ორი საათის განმავლობაში არ მაქვს გაღიმების უფლება.
4. ყოველ ჯერზე, როდესაც ძალების მოსაკრებად დონატს ვკბეჩ, ყველა ხვნეშის, თითქოს დავხრილიყავი და იატაკი ამელოკოს.
5. ჩემი სახისკენ მომართულია დიდი კამერა, უკან მდგომი მამაკაცი კი ლაპარაკს აგრძელებს, მიყურებს და თითებს ატკაცუნებს.
სხვა ასპექტები - ვიღებ ოდნავ გაბუტულ გამომეტყველებას და რამდენიმე წამში ერთხელ უმნიშვნელო მოძრაობას ვაკეთებ, რობოტივით, თუმცა დამაჯერებლობა მაკლია. მამაჩემი ზუსტად ასე ცეკვავს ხოლმე, როცა ტელევიზორში მანქანის რეკლამას აჩვენებენ.
ყველაფრის მიუხედავად, საბოლოო მიზეზი, რის გამოც მოდელი ვარ ისაა, რომ:
6. გრაციის, ელეგანტურობისა და სტილის განსახიერება გავხდი.
სინამდვილეში, უბრალოდ გავიზარდე მას შემდეგ, რაც ბოლოს მნახეთ.
განვვითარდი. მოვმწიფდი.
თუმცა, არა - პირდაპირი მნიშვნელობით. ზუსტად იმ ზომისა და ფორმის ვარ, რაც ვიყავი ექვსი თვის წინ და კიდევ ექვსი თვის წინაც. ისევე, როგორც სკოლის კალათბურთელ ქალთა ნაკრების კაპიტანს, ქალური ფორმების მიუხედავად, არც მე მემჩნევა სქესობრივი სიმწიფის კვალი.
მეტაფორებით ვსაუბრობ. ერთ დღეს უბრალოდ გავიღვიძე და ჰოპ: მოდა და მე გვერდიგვერდ აღმოვჩნდით, სამუშაოდ და ერთმანეთის დასახმარებლად. ზუსტად როგორც ნიანგი და ეგვიპტური მეჭვავია, რომელიც მას პირში უძვრება, კბილებიდან ხორცი რომ ამოაცალოს. ცხადია, ბევრად უფრო გლამურული და ნაკლებად არაჰიგიენური გაგებით.
მინდა, რომ სრულიად გულწრფელი ვიყო: მოდამ შემცვალა. გიკი გაქრა და მისი ადგილი მომაჯადოებელმა, პოპულარულმა, გლამურულმა არსებამ დაიკავა.
თქვენ წინაშეა სრულიად ახალი ჰარიეტ მანერსი.