კავშირის გაწყვეტა
15 სექტემბერი
სად არის ნოე ფლინი?
მცირე პაუზა ბლოგის რეგულარულ წარმოებაში!
თუ "ონლაინგოგოს" მკითხველი ხართ, გეცოდინებათ, როგორ მიყვარს თქვენს კითხვებზე პასუხის გაცემა ელექტრონული ფოსტის მეშვეობით. მიუხედავად იმისა, რომ თქვენი უმრავლესობა სუპერმაგარი ტიპია და ისეთი ჩვეულებრივი რამეებით ინტერესდება, როგორიცაა ახალი სასწავლო წლის დაწყება, კარზე მომდგარი საკურსო სამუშაოს შესრულება და გამოცდების საბოლოო ვადები, საფოსტო ყუთი მაინც ნოე ფლინთან დაკავშირებული კითხვებითაა სავსე. ძირითადად, აი, რას მეკითხებიან: სად არის იგი? რას აკეთებს? რატომ გამოეთიშა The Sketch-ის მსოფლიო ტურნეს?
ახლა ეს კითხვები ხომ მხოლოდ ჩემს ბლოგზე კი არა, რეალურ ცხოვრებასა და ნებისმიერ იმ სოციალურ ვებგვერდზე ისმის, სადაც კი დარეგისტრირებული ვარ! ამიტომაც გადავწყვიტე, ახლავე დამეწყო ჩანაწერების გაკეთება იმაზე, რაც ვიცი.
თუ შენ ჩემი ბლოგის ახალი მკითხველი ხარ, ალბათ არ გეცოდინება, მე და ნოე ერთმანეთს რომ ვხვდებოდით ხოლმე (ყურადღება მიაქციე სიტყვას "ხოლმე"). აი, დიდი ხნის მკითხველი კი მას "ბრუკლინელ ბიჭად" იცნობს და მიუხედავად იმისა, რომ აქამდე მის შესახებ ან, თუნდაც, ჩვენ შესახებ, მხოლოდ დროგამოშვებით ვწერდი, გაჩენილმა სიცარიელემ მისით უამრავი ადამიანი დააინტერესა.
ასე რომ, ღრმად ჩაისუნთქეთ და სიმართლე შეიტყვეთ: არც მე ვიცი რამე. მეც იმდენივე მსმენია, რაც თქვენ და იმედი მაქვს, კარგადაა, ბედნიერია, სადაც უნდა იყოს. მისმა ხელმძღვანელობამ შემდეგი განცხადება გამოაქვეყნა:
"მეტისმეტმეტად გადატვირთული სამუშაოსა და პირადი ცხოვრების გამო, ნოემ გადაწყვიტა, The Sketch-ის მსოფლიო ტური დაგეგმილზე ერთი თვით ადრე დაესრულებინა, იმედგაცრუებისთვის ის ბოდიშს უხდის თაყვანისმცემლებს და მადლიერია მხარდაჭერისთვის".
აი, სულ ესაა, რაც შემიძლია, გაცნობოთ. საუბედუროდ, ნოესთან მეგობრობა არ გულისხმობს იმას, რომ მაინცდამაინც "ჯი-პი-ესის" საშუალებით ვადევნო მას თვალყური, ასე რომ, არ შემიძლია, მობილურში შესაბამისი აპლიკაცია ჩამოვტვირთო და ვნახო, სად არის (თუმცა, დარწმუნებული ვარ, დედაჩემი მეც და ჩემს ძმასაც სწორედ ასე გვაკონტროლებს). მხოლოდ იმას გეტყვით, რომ რამდენადაც ნოეს ვიცნობ, ამ გადაწყვეტილების მიღება მისთვის ადვილი არ იქნებოდა. თუმცა, ის საკმაოდ ძლიერი ბიჭია და მანამ დაბრუნდება, სანამ ჩვენ ამის შესახებ შევიტყობთ.
იმედი მაქვს, თქვენს კითხვებზე პასუხი გავეცი და, ონლაინგოგოს შეუძლია, თხრობა ჩვეულებრივად განაგრძოს.
მათთვის კი, ვინც აზრზე არა ხართ, რაზე ვსაუბრობ...
ვწუხვარ, ჰა, ჰა! და მაინც, ნოე, თუ შენ ამას კითხულობ, მომწერე, კერძო დეტექტივს დავიქირავებ, კვალში რომ ჩაგიდგეს.