თავი 1 მძულს ყოველი თვის პირველი პარასკევი. ამ დროს სოფელი ხალხით ივსება და ახლა, ამ ხვატში, ეს სასიამოვნო სულაც არ არის. მე ჩრდილში ვარ და დიდად არ მიჭირს, მაგრამ დილიდანვე მზისგულზე ნაშრომი, ოფლით აყროლებული სხეულების სუნი საკმარისია, რომ რძე აიჭრას. ჰაერი სიცხისა და ტენისგან ლივლივებს, გუშინდელი ჭექა-ქუხილისგან მორჩენილი გუბეებიც კი დუღს და ზედაპირზე მანქანის ზეთისა თუ საწვავის ცისარტყელასებრი ზოლები უციმციმებთ.
ბაზარი იცლება, მოსაღამოებულზე ყველა თავის ფარდულს კეტავს. ამ დროს ვაჭრებს ყურადღება მოდუნებული აქვთ და იოლია იმის აწაპვნა, რაც მინდა. როცა საქმეს ვამთავრებ, ჯიბეები იაფფასიანი სამკაულით მაქვს გამოტენილი და საგზლად ვაშლსაც მოვიგდებ ხელთ. რამდენიმეწუთიანი გაძრომ-გამოძრომის შემდეგ ცუდი შედეგი არ არის. ბრბო ირევა და მეც ადამიანების დინებას მივყვები. ხელებს ისარივით სწრაფად ვამოძრავებ: ჩაყოფა, ამოღება. შეხება ყოველთვის წამიერია. ქაღალდის ფული კაცის ჯიბიდან, სამაჯური ქალის მაჯიდან - მოზრდილ ნივთს ხელს არ ვახლებ. სოფლელები მეტისმეტად დაკავებული არიან იმისთვის, რომ ჯიბგირი გოგონა შეამჩნიონ.
ჩვენ გარშემო მაღალი, ოჩოფეხებზე შემდგარი სახლებია ჩარიგებული. სწორედ მათ გამო ეწოდა სოფელს სახელი (ოჩოფეხეთი, რა ორიგინალურია). ალაფული მიწიდან ათი ფუტის სიმაღლეზე დგანან, რადგან გაზაფხულზე ქვედა სანაპიროს მდინარე ტბორავს, მაგრამ ახლა აგვისტოა, როცა სოფელს გვალვა და უწყლოობა ტანჯავს. თითქმის ყველა მოუთმენლად ელის თვის პირველ პარასკევს, როცა სკოლა და სამუშაო ადრიანად მთავრდება, მაგრამ არა მე. არა, სკოლაში მირჩევნია ყოფნა, სადაც ბავშვებით გატენილ საკლასო ოთახში არაფერს ვსწავლობ.
დიდხანს კი აღარ მომიწევს სწავლა. ჩემი მეთვრამეტე დაბადების დღე მოდის, რასაც ჯარში გაწვევა მოჰყვება. არავის შეგირდი არა ვარ, არც სამუშაო მაქვს, ამიტომ ომში გამიშვებენ, როგორც ყველა სხვა უსაქმურს. გასაკვირი არ არის, რომ სამუშაო არ იშოვება, რადგან ყოველი კაცი, ქალი თუ მოზარდი არმიისგან თავის არიდებას ცდილობს.
ჩემი ძმები ომში მაშინ წავიდნენ, როცა თვრამეტი წელი შეუსრულდათ. სამივენი ტბებისქვეყნელებთან საბრძოლველად გაგზავნეს. მხოლოდ შეიდმა იცის ცოტაოდენი წერა და დროდადრო წერილებს მწერს ხოლმე. დაახლოებით ერთი წელია, ბრისა და ტრემიზე არაფერი მსმენია. თუმცა ეს კარგის მომასწავებელია. შეიძლება ოჯახებმა წლების განმავლობაში ვერაფერი შეიტყონ და უცებ კარზე მოადგებიან ვაჟები ან ქალიშვილები, რომლებიც ოჯახის სანახავად გამოუშვეს ან სასწაული მოხდა და, ჯარიდან დაითხოვეს. მაგრამ, როგორც წესი, სქელ ქაღალდზე დაწერილ წერილს იღებ, გმადლობთ თქვენი შვილის სიცოცხლისთვისო, ამ სიტყვების ქვემოთ სამეფო ბეჭედია დარტყმული ზედ გამოსახული ტახტით. შეიძლება დაღუპული შვილის დაგლეჯილ-დანაკუწებული მუნდირის რამდენიმე ღილიც გერგოთ.
ცამეტი წლის ვიყავი, ბრი რომ წავიდა. ლოყაზე მაკოცა და ჩემთვის და ჩემი პატარა დისთვის, გიზასთვის, საჩუქარი მომცა - წყვილი საყურე ორზე. შუშის თვალი ჰქონდა, ჩამავალ მზესავით მოვარდისფრო. იმ ღამით თვითონვე გავიხვრიტეთ ყურები. როცა ტრემი და შეიდი წავიდნენ, ტრადიცია მათაც გააგრძელეს. ახლა მე და გიზას თითო ყურზე სამ-სამი პატარა საყურე გვაქვს დამაგრებული ჩვენი ძმების სახსოვრად, სადღაც რომ იბრძვიან. არც მჯეროდა, რომ წავიდოდნენ, სანამ ლაპლაპა საჭურველში ჩამჯდარი ლეგიონერი არ გამოგვეცხადა და ისინი ერთიმეორის მიყოლებით არ წაიყვანა. და ამ შემოდგომაზე მეც მომაკითხავენ. უკვე დავიწყე ფულის შეგროვება - და მოპარვა - რათა წასვლისას გიზას საყურე ვუყიდო.
ნუ იფიქრებ ამაზე, სულ ამას ამბობს დედა, არმიაზე, ძმებზე, ყველაფერზე. დიდებული რჩევაა, დე.
ქუჩის ბოლოს, მილ-როუდისა და მარშერ-როუდის გადაკვეთაზე, ბრბო იმატებს და ხალხში მეტი სოფლელი ირევა. ბავშვების ჯგუფი, ახალბედა ქურდბაცაცები, ხელობაში ახლა რომ იწაფებიან, გამვლელებს შორის დაძრწიან მარდი, ხარბი თითებით. ძალიან პატარები არიან საიმისოდ, რომ ეს კარგად გამოსდიოდეთ და მალე საქმეში გუშაგები ერთვებიან. როგორც წესი, ბავშვებს ხუნდებს ადებენ ან სოფლის საგუშაგოს ციხეში სვამენ, მაგრამ დღეს გუშაგებს უნდათ პირველ პარასკევს დაესწრონ, ამიტომ ქურდბაცაცებს რამდენჯერმე ლაზათიანად წაუთაქებენ და გაუშვებენ. მცირედი ლმობიერებაა.
წელზე ძლივს შესამჩნევ შეხებას ვგრძნობ, ინსტინქტურად ვტრიალდები. იმ სულელის ხელს ვაფრინდები, ვინც ჩემი გაქურდვა მოინდომა, მაგრად ვუჭერ, რომ პატარა გაიძვერა ვერსად გაიქცეს, მაგრამ გალეული ბავშვის ნაცვლად დამცინავი ღიმილით მომზირალ სახეს ვეფეთები.
კილორნ უორენი. მეთევზის შეგირდი, ომის გამო დაობლებული და, ალბათ, ჩემი ერთადერთი გულითადი მეგობარი. ბავშვობაში ერთმანეთს წავუთაქებდით ხოლმე, მაგრამ ახლა გავიზარდეთ - ის ჩემზე ერთი თავით მაღალია - ამიტომ ვცდილობ თავი ავარიდო მასთან უთანხმოებას. მგონი, სიმაღლეს კარგად იყენებს, მაგალითად, მაღალ თაროებს სწვდება.
- ძალიან სწრაფი ხდები, - ხითხითებს ის და ხელს ითავისუფლებს ჩემგან.
- ან შენ კარგავ სისწრაფეს.
ის თვალებს ატრიალებს და ხელიდან ვაშლს მტაცებს.
- გიზას