ფანტასტიკური ღამე
ქვემოთ მოყვანილი ჩანაწერი ბარონ ფრიდრიხ მიხაელ ფონ რ...-ს საწერი მაგიდის უჯრაში, დაბეჭდილ კონვერტში იპოვეს, როცა იგი, დრაგუნთა ასეულის თადარიგის ობერლეიტენანტი, 1914 წლის შემოდგომაზე რავა-რუსკასთან ბრძოლაში დაეცა. განსვენებულის ნათესავები თვალის ერთი გადავლებით მიხვდნენ, რომ ეს მხოლოდ ლიტერატურული მცდელობა უნდა ყოფილიყო; მთხოვეს, გავცნობოდი და თუ საჭიროდ ჩავთვლიდი, გამომექვეყნებინა კიდეც.
მე კი ეს ხელნაწერი მაინცდამაინც გააზრებულ მოთხრობად არა, მაგრამ განსვენებულის გულახდილ აღსარებად მიმაჩნია და სრულიად შეულამაზებლად გადმოგცემთ.
ამ დილით რატომღაც მომინდა, სრული თანამიმდევრობით გადმომეცა იმ ფანტასტიკური ღამის ამბები, რათა კარგად გავრკვეულიყავი მათში. ამ წუთიდან დაუოკებელი სურვილი დამეუფლა, აღვწერო ჩემი თავგადასავალი, თუმცა მეეჭვება, მიახლოებით მაინც გადმოგცეთ ის უჩვეულო ამბები, რაც თავს გადამხდა. ბუნებას ხელოვნების ნიჭით არ დავუჯილდოებივარ, არც კალამი ამიღია ხელში, რამდენიმე სახუმარო მოთხრობას თუ არ ჩავთვლით, სკოლაში რომ ვწერდი. მაგალითად, ისიც კი არ ვიცი, არსებობს თუ არა განსაკუთრებული ტექნიკა, რომელიც სწორად შეუფარდებს ერთმანეთს გარეგან მოვლენებს და მათგან გამოწვეული გრძნობებისა და აზრების აღწერას. ვეკითხები საკუთარ თავს, შემიძლია თუ არა მივანიჭო სიტყვას საჭირო აზრი და აზრსაც საჭირო სიტყვა მივუსადაგო? განვიცდი თუ არა იმას, რასაც უნებურად შევიგრძნობ ხოლმე კარგი წიგნის კითხვისას? მაგრამ ამ სტრიქონებს ხომ მხოლოდ ჩემთვის ვწერ და არა იმისთვის, სხვებსაც გავაგებინო, რაც თავადაც დიდი გაჭირვებით მესმის. მხოლოდ იმას ვცდილობ, დავივიწყო ერთი შემთხვევა, გონებიდან რომ არ მშორდება, მაღელვებს და მტანჯავს. ამიტომ ქაღალდზე უნდა გადავიტანო, ჩავუკვირდე და ყოველმხრივ განვჭვრიტო.
ეს არც ერთი მეგობრისთვის არ გამიმხელია, რადგან ვერ ავუხსნიდი იმას, რაც ამ ყველაფრის თავი და თავი იყო, თან მრცხვენოდა კიდეც იმის აღიარება, რომ ესოდენ შემთხვევითმა ამბავმა ასე ამიფორიაქა სული. სულ უბრალო, ჩვეულებრივ რამეს მოგახსენებთ. აი, დავიწყე და ვგრძნობ, რა ძნელია შესაფერისი სიტყვების მოძებნა, რა ორაზროვანი, სულელური შეიძლება აღმოჩნდეს ყოველი, სულ უბრალო მნიშვნელობაც კი. რადგან ჩემს თავგადასავალს „უბრალოს“ ვეძახი, რაღა თქმა უნდა, ეს შედარებითი მნიშვნელობით მესმის, ვუპირისპირებ დიდ ისტორიულ დრამებს, რომლებშიც მთელი კაცობრიობის ბედი წყდება; ამასთან, მხედველობაში მაქვს დროის მცირე მონაკვეთი – ყველაფერი ექვს საათში მოხდა. მაგრამ ამ „უბრალომ“, ერთი შეხედვით ამ პატარა, უმნიშვნელო შემთხვევამ ისეთი დიდი გავლენა მოახდინა ჩემზე, რომ ახლაც, იმ ფანტასტიკური ღამიდან ოთხი თვის შემდეგ, ნაღველი მიპყრობს და თავს ძალას ვატან, რათა ყველაფერი გულში დავიმარხო. დღენიადაგ, ყოველ წამს ვიგონებ თითოეულ წვრილმანს, რომლებიც თითქოს ჩემი ცხოვრების საყრდენნი გამხდარან. ყოველივეს, რასაც ვაკეთებ ან ვლაპარაკობ, უნებურად ის განსაზღვრავს, ჩემს ფიქრებს მხოლოდ ის იპყრობს, რაც კვლავ წარმომიდგენს მას და მისი გავლენის ქვეშ მაქცევს. ახლა, როცა კალამს მოვკიდე ხელი, მივხვდი იმას, რასაც ათი წუთის წინ ვერ შევიცნობდი: მომხდარ ამბავს მხოლოდ იმიტომ ვწერ ქაღალდზე, რომ მუდამ თვალწინ მქონდეს, შევიგრძნობდე, რათა ერთხელ კიდევ განვიცადო და გონებით განვსაჯო ყველაფერი. ახლახან მოგახსენეთ, მსურს, გულში დავიმარხო-მეთქი. ეს მტკნარი სიცრუეა. პირიქით, მინდა, მეტი სიცოცხლე შთავბერო სწრაფად განცდილს, გავათბო თბილი, მაცოცხლებელი სუნთქვით... ოჰ, არ მეშინია, თუნდაც ერთი წუთით დამავიწყდეს ის ხვატიანი დღე, ის ფანტასტიკური ღამე. ნიშანსვეტი არ მჭირდება, რომ მოგონებებში განვვლო მაშინდელი გზა. როგორც დღისით, ასევე შუაღამისას, მთვარეულივით შეუცდომლად ვპოულობ ამ გზას და ყოველ წვრილმანს ვხედავ იმ გამჭრიახობით, რისი უნარიც გულს შესწევს და არა სუსტ მეხსიერებას. ახლაც შემეძლო, გულდაჯერებით დამეხატა ამწვანებული გაზაფხულის ბუნების ყოველი ფურცელი, ახლაც კი, შემოდგომაზე ვიყნოსავ აყვავებული წაბლის ხეების დამათრობელ, ნაზ სურნელს და თუ მაინც აღვწერ იმ წუთებს, არა შიშის გამო, რომ გაქრნენ ჩემი მეხსიერებიდან, არამედ იმიტომ, რომ კვლავ მახარებს მათი განცდა. და ახლაც, როცა თანამიმდევრობით გადმოვცემ იმ ღამის ყოველ წვრილმანს, იძულებული ვარ, მოთხრობის წყობისთვის საკუთარ თავს ლაგამი ამოვდო, რადგან მოგონებების ბურანში ვეხვევი, რაღაცნაირი ბანგი მაბრუებს და მეშინია, მეხსიერებაში წარმომდგარი ცალკეული სურათები არ შეერწყან ერთ ჭრელ ქაოსს. ახლაც მწარედ განვიცდი განვლილ 1913 წლის 7 ივნისს, როცა შუადღისას ეტლში ჩავჯექი...
მაგრამ ვგრძნობ, კვლავ უნდა შევჩერდე, რადგან შიშით შევიგრძნობ, რა მახვილი და მრავალმნიშვნელოვანი შეიძლება იყოს ყველა სიტყვა. მხოლოდ ახლა, როცა პირველად გიყვებით ამ ამბავს დალაგებით, ვხედავ, რა ძნელია ერთ ფორმაში მოაქციო, რაც ხელიდან გისხლტება და რაც ყოველი ცოცხალის არსს შეადგენს.
ეს-ესაა დავწერე სიტყვა „მე“ და ის, რომ 1913 წლის 7 ივნისს შუადღისას ეტლში ჩავჯექი, მაგრამ ეს სიტყვაც კი დაბნეულობას იწვევს, რადგან ის