მსხვერპლი
ახალგაზრდა, ლამაზი მარინე პარასკევობაზე ისტუმრებდა თავის ქმარს ნიკას.
– არ დაგავიწყდეს, – ეუბნებოდა იგი ქმარს: – ეს საჩოხე შალი ხუთ მანეთ ნაკლებ არ გაყიდო; ამ გაროზში თუ მოგცენ ორ მანეთ-ნახევარი გაყიდე, თუ არა და ისევ სახლში მოიტანე... ეს ოთხი წიწილი სამ-სამ შაურად... ამ გაროზში რომ ფულს მოგცემენ, იმითი ერთი კაი ბაღდადი მიყიდე და მომიტანე...
– ბაღდადის ყიდვისა მე არაფერი ვიცი, – მიუგო ნიკამ.
– ნაცნობი ვინმე შეგხვდება, შე კაცო, შეეხვერწე და გაყიდვიებს... მარა კარგი იქნეს კი!
– რა ფერის გინდა?
– თეთრი იქნეს... თუ გინდა ცისფერი... ფოჩვიანი თუ იშოვო, ძალიან კარგი იქნება... ორ მანეთ-ნახევრად კარგ ბაღდადს იშოვი.
– ფულები აღარ გეტევათ ზანდუკებში? – თქვა ამ ლაპარაკის დროს სახლში შემოსულმა მაღალი ტანის, ცოტათი წელში მოხრილმა, მოხუცებულმა დედაკაცმა: – ფული არ გეტევათ ზანდუკებში?
– სახლში მოსატანი ფულისათვის, ბატონო, საჩოხე შალს ვატან და ოთხ ახალ ქათამს... ბაღდადს მარტო გაროზის ფასი მიყიდის... ყველას ახურავს თითო ბაღდადი, მე კი უბრალო თავსაფრით დავდივარ ეკლესიაზე... მარტო მრცხვენია!.. – თავდაბლად უპასუხა მარინემ მოხუცებულ დედამთილს.
– ათასჯერ მითქვამს შენთვის... სხვისი წამხედურობა შენი საქმე არ არის, არა... ჩვენ არ გვარგებს, ქალბატონო, არ გვარგებს... რომ ვერ ჩავაგონე!.. შენ, ვაჟბატონო, ბაზრობა რომ გათავდება, მაშინ წადი, შენმა სიცოცხლემ, – მიუბრუნდა ფეფენა ნიკას: – რას გაჩერებულხარ?.. გასწი შენთვის და დროზე მოდი სახლში... ფული თელათ მოიტანე!..
ნიკამ, დედის ბრძანებაზე, სიტყვაშეუბრუნებლად, მოხვია ხელი რაც წასაღები იყო და საჩქაროდ კარში გავიდა. მარინე კი გულამღვრეული მისჩერებოდა, თვალს არ აშორებდა ფეფენას.
– გეუბნები, პრანჭვა-გრეხას თავი დაანებე-თქვა!.. რაღა დროს შენი კოპწიაობაა... ვის ეპრანჭები, მითხარი ერთი? ქმარი გყავს, იმას მოაწონე შენი თავი... ამ სხვებზე რომ თვალი მიგირბის..
– ვის სხვას ვეპრანჭები, ბატონო?.. ვის ვეპრანჭები, მითხარით მაინც, რომ ყოველდღე ამას მეუბნებით?..
– მუსაიფი გამაბმევიე ახლა მაგაზე!.. – შეუტია მოხუცებულმა.
– აბა, რა ვქნა, ღმერთმანი? ასე ტყუილაუბრალოდ შეწამებამ გული მომიკლა!..
– ტყუილაუბრალოდ? ჰმ! ტყუილაუბრალოდ?.. მე გული მომეხარჩა, ჩემო ქალბატონო, შენ რომ გიყურებ... გესმის, შენ რომ გიყურებ, გული მომეხარჩა!..
– რა ვქენი მაგისთანა? რა დავაშავე? – ცხარედ წარმოსთქვა ქალმა: – მითხარით მაინც, რა დავაშავე?
– ეგ თქვენი ახალი განათლება არ მინდა მე, არა; არა-მეთქი, გეიგონე ჩემი... ნუ იცი ყოველ კაცთან შენებურად ლაქლაქი, დოურიდებლად ყბედობა, არ შეგფერის ეგ ცუნდრუკი და კისკასი... არა, არა... მე ვიცი, რა ბოლო მოჰყვება მაგისთანა თავისუფლებას...
– მე აღარავის ვცემ ხმას... ყველას ჩამოვეთხოვე... სულ მუნჯად კი ვერ გადავიქცევი, რა ვქნა!
– ყველას ჩამოეთხოვე, ყველას ჩამოეთხოვე... ხმას აღარავის ცემ?.. აბა, ეს გლახაკი, გაქუცული აზნოუშვილი დავითი რას დაწანწალობს ჩემს სახლში? რა უნდა კარუგდელაძეს ჩემს ოჯახში?.. მანამდის როდის ყოფილა იგი ამ ჩემ მიდამოზე მოსიარულე?.. ასე ჩამოეთხოვე ყველას?..
– ბატონო, მე ვერ ვეტევი ვერაფერს იმ ადამიანს... თქვენ უფროსი ბრძანდებით... თუ გწყინთ მისი აქ მოსვლა, თქვენ დეითხოვეთ და ის იქნება... მე რა ბრალი უნდა მედებოდეს... – მარინეს ხმაში შეკავებული ცრემლები ეტყობოდა.
– მე დევითხოვო?.. თუ შენ, თუ შენ, შენ უნდა დაანახო, რომ ტყვილა დაგდევს უკან?.. გამიფრთხილებიხარ, იცოდე, რომ რამე სირცხვილი მაჭამო, ოჯახი გამიხადო ქვეყნის სალაპარაკოდ, სამასხაროდ ასაგდებად, იცოდე, ან შენ და ან მე!.. არაფრით არ დაგზოგავ, ცოცხალი ვერ გადამირჩები, იცოდე! – და ამ სიტყვებთან ფეფენამ ისეთნაირად გადახედა მარინეს, რომ ეს უკანასკნელი აქედანვე უნდა დარწმუნებულიყო: ეს თავისნება მოხუცებული დედაკაცი ერთ გუნებაზე მართლა და არ დაზოგავდა მას არაფრით.
– ოჯახს უყურე... ოჯახზე გქონდეს უფრო თვალი, გირჩევნია... თვარა, შენისთანა განათლებული ქალი ერთი კი არ გვინახავს შერცხვენილი და თავსლაფდასხმული თავისი გაუფრთხილებლობის წყალობით! – წაილაპარაკა ფეფენამ და რძალს მოშორდა.
რა პასუხი მიეცა ამაზე მარინეს? რა მიეგო ამ სიტყვებზე? ან როგორ მოახერხებდა რაიმე პასუხი მიეგო, როცა ტანი მთლად უცახცახებდა აღელვებულს და ყელში ცრემლები უჭირებდნენ... რარიგად გაჰქილა, ტალახში ამოსრისა მისი თავმოყვარეობა, მისი ნამუსიანობა და სიყმაწვილე ამ უსინდისო დედაბერმა?! მერე რისთვის? მხოლოდ ეჭვისათვის!.. ჰმ, ერთი ამ მოხუცებულის ფეხქვეშ მოთელვა, მისი ჩაწიხვლა! – მაგრამ ეს აზრი, ეს სურვილი წარეცხა თვალებიდან ერთბაშად ნაკადულივით გადმოკრიალებულმა ცრემლებმა.
ამ ცრემლების სიმწვავემ თითქოს გამოაფხიზლა მარინე – კაბის სახელოთი მოიწმინდა თვალები, მიტრიალდა და გავარდა კარში; დაეშვა ეზოს ქვემოთ მდებარე ვენახისკენ,