მარკიზ დე კიუსტინს*
* მარკიზ დე კიუსტინი ასტოლფ (1790-1857) – ფრანგი მწერალი; უმოგზაურია რუსეთის იმპერიაში; მას ეკუთვნის შთაბეჭდილებათა წიგნი „ნიკოლოზ I-ის რუსეთი“ (თარგმნილია ქართულად)
ერთხელ, აღარ მახსოვს რომელ წელს, გერმანიაში ფართო სავაჭრო ურთიერთობის მქონე პარიზელმა ბანკირმა წვეულება გაუმართა დიდი ხნის მეგობარს, რომელსაც პირადად სულაც არ იცნობდა; მსგავს მეგობრებს საქმიანი მიმოწერით ხშირად იძენენ დიდვაჭრები.
სტუმარს, ნიურნბერგის რომელიღაც საკმაოდ მსხვილი ფირმის პატრონს, გულჩვილ, ჩასუქებულ გერმანელს, განათლებულ და ფაქიზი გემოვნების ადამიანს, ჩიბუხის დიდ მოტრფიალეს, სანდომიანი, გაბადრული ნიურნბერგული პირისახე ჰქონდა, ხოლო ოთხკუთხა, თითქმის მოტვლეპილ შუბლს გვარიანად შეთხელებული ქერა თმა უმშვენებდა.
იგი ჭეშმარიტი შვილი გახლდათ უმწიკვლო და კეთილშობილი გერმანიის, რომლის წიაღშიც უხვად მოიძებნებიან პატიოსანი ადამიანები და რომლის მშვიდობისმოყვარე ზნე-ჩვეულებანი შვიდმა ლაშქრობამაც კი ვერ შეცვალა.
უცხოელი გულღიად იცინოდა, ყურადღებით უსმენდა სხვებს და ხარბად ყლურწავდა ღვინოს; ეტყობოდა, შამპანური იოჰანისბერგულ ჩალისფერ ღვინოზე ნაკლებ როდი მოსწონდა.
მწერლების მიერ წიგნებში აღწერილი ყველა გერმანელივით მასაც ჰერმანი ერქვა. ვინაიდან ყველაფრის საფუძვლიანად კეთებას იყო ჩვეული, ახლაც ბანკირის სუფრასთან საგულდაგულოდ მოკალათებულიყო. ევროპაში განთქმული გერმანული მადით შეექცეოდა კერძებს და დიდი კარემის(დიდი კარემი – საფრანგეთის სამეფო კარის განთქმული კულინარი.) სამზარეულოს კეთილსინდისიერად ემშვიდობებოდა.
სტუმრის პატივსაცემად მასპინძელს რამდენიმე ახლო მეგობარი მოეპატიჟა, კაპიტალისტები თუ კომერსანტები, თვალწარმტაცი თავაზიანი ქალები, რომელთა დათაფლული ჟღურტული და ძალდაუტანებელი მიხრა-მოხრა გერმანულ გულითადობას საამოდ ეხამებოდა.
იმ საღამოს, თქვენც ჩემსავით რომ გაბედნიერებულიყავით და შეგძლებოდათ თვალი მოგევლოთ ამ მხიარული საკრებულოსთვის, სადაც ადამიანებს სარგებლის მოსახვეჭად გამზადებული ბრჭყალები მიემალათ და ცხოვრების სიამტკბილობაში ჩაძირულიყვნენ, მევახშეთა გასანაღდებელ პროცენტებს აღარ შეიძულებდით და აღარც ბანკროტობას დასწყევლიდით.
ადამიანს ყოველთვის არ ძალუძს ბოროტების ჩადენა.
თვით მეკობრეთა ბრბოშიც კი გამეფდება ხოლმე ისეთი მყუდრო წუთი, როცა მათი პირქუში ხომალდი საქანელასავით განანავებს.
– ბატონი ჰერმანი სანამ გამოგვემშვიდობება, ალბათ, გვიამბობს შიშის მომგვრელ გერმანულ ამბავს.
ეს სიტყვები, ჩაროზი რომ ჩამოარიგეს, მაშინ წარმოთქვა ნორჩმა, ფერმკრთალმა და ქერა ქმნილებამ, უთუოდ გატაცებულმა ჰოფმანის(ჰოფმანი ერნსტ თეოდორ ამადეუს (1776-1822) – გერმანელი მწერალი, ფანტასტიკური მოთხრობების ავტორი.) ზღაპრებითა და ვალტერ სკოტის რომანებით. ეს მზეთუნახავი ბანკირის ერთა გახლდათ. „ჟიმნაზში“ დადგმულ პიესებზე ჭკუას კარგავდა და ამ თეატრში იხვეწებოდა საბოლოოდ მისი აღზრდა-განათლებაც.
განცხრომაში ჩაფლული მეინახენი კი ზანტად დუმდნენ; ასეთი განწყობილება მაშინ გვეუფლება, როცა ნუგბარ-ნუგბარ კერძებს უზომოდ მივირთმევთ და კუჭის შესაძლებლობას ბოროტად ვიყენებთ. სკამზე ზურგით მიწოლილნი, მაგიდის კიდეზე ხელებით ოდნავ დაყრდნობილები მოვარაყებულ დანებს ნება-ნება ათამაშებდნენ. ჩვეულებრივ, სადილის დასასრულს, ზოგი მსხლის კურკას დაუწყებს ხოლმე თამაშს, ზოგი ცერსა და სალოკ თითს შორის პურის გულს ასორსოლებს; მიჯნურნი ხილის ნაფცქვენისაგან უფორმო ასოებს იყვანენ, ძუნწები კურკებს ითვლიან და ისე ალაგებენ თეფშებზე, როგორც სტატისტებს ამწკრივებენ დრამატურგები სცენის სიღრმეში. ბრია-სავარენს(ბრია-სავარენი (1755-1826) – ფრანგი ლიტერატორი, ავტორი გასტრონომიული და იუმორისტული ხასიათის თხზულებისა „გემოს ფიზიოლოგია“.), საერთოდ მეტად კეთილსინდისიერ მწერალს, თავის თხზულებაში რატომღაც გამოუტოვებია ღორმუცელობის ამ პატარ-პატარა ნეტარების აღწერა.
მსახურები თვალს მიეფარნენ. ომგადახდილ ესკადრას დაემსგავსა სუფრა – არეულ-დარეული, გაძარცული, გაპარტახებული. თეფშები უწესრიგოდ ეყარა და დიასახლისი მათთვის ადგილის მიჩენას ამაოდ ცდილობდა. ზოგი სტუმარი სასადილო დარბაზის ნაცრისფერ კედელზე სიმეტრიულად ჩამოკიდებულ შვეიცარიის ხედებს ათვალიერებდა. მოწყენილი არავინ ყოფილა. გემრიელი სადილის მონელებისას სევდიანი არც არავინ გვინახავს. ადამიანი ამ დროს გაირინდება ხოლმე – ეს ერთგვარი შუალედია მოაზროვნის ოცნებასა და მცოხნავი ცხოველის კმაყოფილებას შორის – კარგი იქნებოდა ამგვარი განწყობილებისთვის მატერიალური, გასტრონომიული მელანქოლია გვეწოდებინა. სწორედ ამან გამოიწვია ის, რომ მეინახენი კეთილი გერმანელისკენ ერთბაშად მიტრიალდნენ, ეგებ რაიმე ამბავს მოგვიყვეს, თუნდაც უინტერესოო.
უცბად, სწორედ ჩემ პირდაპირ მჯდომი კაცის გარეგნობამ მიმიზიდა. შუატანის იყო, მსუქანი. ემჩნეოდა, მხიარული ხასიათი ჰქონდა და განსაკუთრებული ჭკუით არ გამოირჩეოდა. მიმოხრა და ქცევა კი ბირჟის მაკლერისას მიუგავდა. აქამდე არც შემინიშნავს იგი. ახლა, ალბათ, შუქჩრდილის თამაშის შედეგად მომეჩვენა, სახე თითქოს შეეცვალა, მოიისფრო ლაქებით დაეფარა და მიწისფერი დაედო. გეგონებოდათ, მომაკვდავის თავიაო. დიორამაში(დიორამა – ერთგვარი პანორამა, სადაც გამოყენებულია სინათლის ეფექტი; გამოიგონეს 1822 წ. დაგერმა და ბუტონმა.) ჩახატული ფიგურასავით უმოძრაოდ გაშეშებული ბროლის საცობის ელვარე წახნაგებს გამოყეყეჩებული თვალებით დაშტერებოდა. ცხადი იყო, ვერაფერს ხედავდა და მომავლისა თუ წარსულის წარმოსახვით ჭვრეტას გაეტაცა.
დიდხანს ვაკვირდებოდი მის საეჭვო სახეს და ვფიქრობდი: ავად ხომ არ არის? ბევრი ხომ არ დალია? ან იქნებ ბირჟის აქციების დაცემამ გააკოტრა? შესაძლოა ფიქრობს,