მარიო და ჯადოქარი
ჭექა-ქუხილის წინ ჩამოწოლილ ჯანღშია გახვეული ჩემი მოგონებები ტორე დი ვენერეზე. დასაწყისიდანვე ჰაერში გულისწყრომა, ბრაზი, ნერვული დაძაბულობა იგრძნობოდა, რასაც იმ საშინელი ჩიპოლას ისტორიით გამოწვეული შეძრწუნებაც დაერთო; მის პიროვნებაში მრისხანედ შერწყმულიყო და საბედისწეროდ ხორცშესხმულიყო იმდროინდელი ავბედითი განწყობილებანი. ისიც, რომ ამ საზარელ დასასრულს უნებურად ბავშვებიც დაესწრნენ (რაც შემდგომ თვით საგანთა ბუნებით წინასწარ დადგენილი გვეჩვენა), თავისთავად უპატიებელი, სამწუხარო შეცდომა გახლდათ, ამ უცნაური კაცის თვალთმაქცური ოინბაზობით გამოწვეული. ღვთის მადლით, ბავშვები ვერ მიხვდნენ, სად დასრულდა სპექტაკლი და სად დაიწყო უბედურება და ჩვენც ნეტარების ბურუსში მყოფთათვის არ გაგვიფანტავს ილუზია, რომ ყველაფერი ეს თეატრში მოხდა.
ტორე ასე თხუთმეტიოდე კილომეტრით იქნება დაშორებული ტირენის ზღვაზე მდებარე, ქალაქივით კოხტა კურორტ პორტოკლემენტესგან, რომელიც თვეობით ხალხით იყო ხოლმე გადაჭედილი. მწვანეში ჩაფლული მისი ქუჩები, რომლებზედაც სასტუმროები და მაღაზიებია ჩამწკრივებული, ვრცელი, ქვიშის ციხე-კოშკებითა და კარვებით მოფენილი პლაჟისკენ მიემართება, სადაც სილაზე ჭიანჭველებივით მოფენილი, მზეზე გარუჯული ხალხის ერთი ჟრიამული დგას. რაკი ფიჭვნარით შემორტყმული მთელი სანაპირო, ზემოდან მაღალი მთები რომ დაჰყუდებია, სასიამოვნო, წვრილი ქვიშითაა მოფენილი, რა გასაკვირია, რომ სულ მალე პორტოკლემენტეს მოკრძალებული მეტოქე აღმოუჩნდა. ტორე დი ვენერე, სადაც უკვე კარგა ხანია ამაოდ ეძებდნენ კოშკს, რომლის გამოც ქალაქს ეს სახელი უნდა შერქმეოდა, უცხოელების თვალში მახლობელი დიდი კურორტის ნაწილია მხოლოდ. წლების განმავლობაში ეს ადგილი მაღალი საზოგადოების ამაოებით თავგაბეზრებულ რჩეულთა იდილიური თავშესაფარი იყო. მაგრამ, როგორც ასეთ მშვიდ ადგილებს ემართება ხოლმე, ეს მყუდროება კარგა ხანია დაირღვა და მარინა პეტრიერასკენ, თუ ღმერთმა უწყის კიდევ საით, გადაინაცვლა. ცნობილია, რომ მაღალი საზოგადოება მყუდროებას ეძებს, მაგრამ ისე სასაცილო მჭმუნვარებით ელტვის ამას, რომ თვითონვე არღვევს მას. ამა ქვეყნის რჩეულთ ჰგონიათ, სიმყუდროვესთან შეუღლებულნი არიან და სადაც თავად დამკვიდრებულან, იქ მყუდროებაც დაისადგურებს. მას შემდეგაც კი, რაც ოდინდელი სიმშვიდის ნავსაყუდელში ამაოების ბაზარს გამართავენ, ეჩვენებათ, თითქოს სიმყუდროვეს არ მიუტოვებია ეს ადგილები. ამიტომ ტორე, მყუდრო და მშვიდი ქალაქი, თანდათან უფრო იზიდავდა იტალიელებსაც და უცხოელებსაც, ვიდრე პორტოკლემენტე. ახლა უცხოელები ისე აღარ მიიწევდნენ დიდებული, ბრწყინვალე კურორტისკენ, თუმცა ისიც წინანდებურად ხალხით იყო გაჭედილი, და ოდნავ უფრო შორს, ტორეში მიემგზავრებოდნენ, მით უფრო, რომ ამ მეტად მიმზიდველ ქალაქში ცხოვრებაც შედარებით იაფი ღირდა. ბევრს კიდევ იზიდავდა ის სიმშვიდე და მყუდროება, რაც ოდესღაც სუფევდა აქ, თუმცა, კარგა ხანია, გამქრალიყო. ტორეში ააგეს გრანდ-ოტელი, მომრავლდა პანსიონები, მდიდრულიცა და ღარიბულიც, და სანაპიროს გასწვრივ ფერდობებზე შეფენილი ვილების მფლობელნი თუ დამქირავებელნი სიმშვიდით ვეღარ ტკბებოდნენ. ივლისსა და აგვისტოში ტორე დი ვენერეს ვეღარც კი გაარჩევდით პორტოკლემენტესგან. სად არ მოჰკრავდით თვალს მოყაყანე, მხიარულ, მცხუნვარე მზეზე კეფადამწვარ მობანავეებს, ლანძღვა-გინებით ერთმანეთს რომ იკლებდნენ. ლიცლიცა, ლაჟვარდისფერ ზღვაზე ირწეოდა ბავშვებით სავსე ბრტყელძირა ნავები. შეწუხებული დედები თვალს არ აშორებდნენ ამ ნაფოტივით ნავებს და ჰაერს აყრუებდა მათი ყვირილი, ჩახრინწული ხმით ბავშვებს რომ უხმობდნენ. ხამანწკებით, სასმელებით, ყვავილებით, მარჯნის მძივებით, Cornetti al burro (Cornetti al burro (იტალ.) – ერბოიანი ნამცხვარი) -თი მოვაჭრეები ქვიშაზე გაშოტილ დამსვენებელთა სხეულებს აბიჯებდნენ და სამხრეთულად ჩახრინწული, თავხედური ხმით ერთმანეთს აღარ აცლიდნენ, ყველას სთავაზობდნენ თავიანთ საქონელს.
ასე გამოიყურებოდა ტორეს ზღვის სანაპირო, როცა იქ ჩავედით. ყოველივე ეს მეტად სასიამოვნო შესახედი გახლდათ, მაგრამ მეტისმეტად ადრე კი მოგვიწია ჩასვლამ. შუა აგვისტო იყო და სწორედ რომ გახურებული იტალიური სეზონი იდგა, რაც არცთუ მაინცდამაინც უყვართ უცხოელებს, რომლებიც მიისწრაფვიან დატკბნენ ამ ადგილების მშვენიერებით. რა ორომტრიალი იყო საღამოობით სანაპიროზე, ღია ცის ქვეშ გაშლილ კაფეებში, თუნდაც იმ „ესკვიზიტოში“, სადაც დროდადრო შევივლიდით ხოლმე და მარიო გვემსახურებოდა, სწორედ ის მარიო, ვისი ამბავიც ახლა მინდა გაუწყოთ. აქ ისე ადვილად ვერ იშოვი თავისუფალ მაგიდას, თანაც რამდენიმე აუწყობელი ორკესტრი უმოწყალოდ ახშობს ერთმანეთის ხმას. ამ დროს მხიარული პორტოკლემენტედან აქეთკენ მოიჩქარიან მოუსვენარი მგზავრები, რომელთაც საღამოს ტორესკენ გასეირნება უყვართ. შოსეზე აქეთ-იქით დაჰქრიან „ფიატის“ ავტომანქანები, რის გამოც დაფნისა და ოლეანდრის ბუჩქები ერთი დუიმის სისქე მტვერს დაუფარავს, გეგონებათ თოვლი დასდებიაო. ეს მეტად საოცარი, მაგრამ უსიამოვნო სანახაობა გახლავთ.
კაცმა რომ თქვას, ტორეში ჩამოსვლა სექტემბერში სჯობს, როცა დამსვენებელთა უმეტესობა ტოვებს კურორტს, ანდა მაისში, სანამ ზღვის ტემპერატურა ჯერ ისეთი არ არის, რომ სამხრეთელმა შესვლა გაბედოს, მოკლედ, სეზონის დასასრულს ან დადგომამდე, თუმცა ხალხი მაინც არის, ცხოვრება შედარებით მდორედ მიედინება, თანაც ეროვნული კოლორიტი ნაკლებად გეცემათ თვალში. ამ დროს პლაჟებზე გამართული კაბინების ტენტებქვეშა და პანსიონთა