I
ჩვენი წარმოუდგენელი ისტორია ოცნებასავით ცისფერ ზღვაში მოხდა. ამ ოცნებას ლურჯი აბრეშუმის წინდებისა და ბავშვების კამკამა თვალების ფერი აქვს. ცის დასავლეთ კაბადონზე მზე ანათებდა და ზღვას ოქროსფერ რგოლებს ჩუქნიდა; კარგად თუ დააკვირდებოდით, ნახავდით, რომ ათინათები ტალღების თხემიდან თხემზე დახტოდნენ, მზის ჩასვლისას ოქროს მონეტის ერთიან საყელოდ იკვრებოდნენ და ჰორიზონტში იკარგებოდნენ. ფლორიდის სანაპიროდან ამ საყელომდე შუაგზაში ახალთახალ და დიდებულ, თეთრ ორთქლმავალს ჩაეშვა ღუზა, გემბანის თეთრ-ცისფერი ტენტის ქვეშ მოწნულ სკამზე ქერათმიანი გოგონა მიწოლილიყო და ანატოლ ფრანსის „ანგელოზების აჯანყებას“ კითხულობდა.
ცხრამეტიოდე წლისა ტანწერწეტი და მოქნილი იყო; მომხიბვლელი, კეკლუცი ტუჩები და მკვირცხლი, ცნობისმოყვარე ნაცრისფერი თვალები ჰქონდა. მეზობელი სკამის სახელურზე შემოწყობილ ფეხებზე წინდები არ ეცვა, თითებზე ჩამოკონწიალებულ ცისფერ ატლასის ქოშებს კი სამკაულად უფრო იყენებდა, ვიდრე ფეხსაცმლად. გოგო გაფაციცებით კითხულობდა, ხელში ლიმონის გადანაჭერი ეჭირა და პერიოდულად ლოკავდა; ბოლო წვეთამდე გამოწურული მეორე ნახევარი ფეხებთან მიეგდო. ოდნავ შესამჩნევი მოქცევის ტაქტში წინ და უკან ნაზად ირხეოდა.
ლიმონი ბოლომდე რომ გამოიწურა, მზის სხივების ყელსაბამი კი ზღვაზე თვალუწვდენელი ხაზივით გაიწელა, იახტის მთვლემარე სიჩუმე ნაბიჯების ხმამ დაარღვია – გემბანის კიბეზე წმინდად დავარცხნილი ჭაღარათმიანი, თეთრ ფლანელის კოსტიუმში გამოწყობილი მოხუცი გამოჩნდა. იგი წამით შეყოვნდა, რომ სინათლეს შესჩვეოდა, მერე კი ტენტის ქვეშ წამოწოლილ გოგონას შეხედა და უკმაყოფილოდ ჩაიდუდღუნა რაღაც.
საპასუხო რეაქციას სულ ტყუილად ელოდა. გოგონამ მშვიდად გადაფურცლა წიგნი, წამით ისევ წინა გვერდს დაუბრუნდა, მექანიკურად მიიტანა ლიმონი ტუჩებთან და ოდნავ შესამჩნევად, თუმცა არცთუ ორაზროვნად დაამთქნარა.
– არდიტა! – მკაცრად დაიძახა ჭაღარათმიანმა.
გოგონამ არაფრის მთქმელი ხმა გამოსცა.
– არდიტა! – გაიმეორა კაცმა, – არდიტა!
გოგომ ისევ ზლაზვნით ასწია ლიმონი და გალოკვამდე სამი სიტყვა გამოცრა:
– აუ, მოკეტე, რა.
– არდიტა!
– რა?!
– ყურს დამიგდებ, თუ მოსამსახურეს გავაკავებინო შენი თავი.
ლიმონი ნელა და ზიზღით დაეშვა ქვევით.
– წერილობით მომმართე.
– სინდისი იქონიე, ეგ საზიზღარი წიგნი დახურე და ლიმონს წამით მაინც შეეშვი!
– აუ, თავი დამანებე, რა.
– არდიტა, ახლახან ნაპირიდან ტელეფონით შემატყობინეს, რომ...
– ტელეფონით? – არდიტას სახეზე პირველად აირეკლა ინტერესის ნიშანწყალი.
– დიახ.
– გინდა, მითხრა, რომ აქამდე სატელეფონო ხაზია გამოყვანილი? – გააწყვეტინა გამოცოცხლებულმა გოგომ.
– დიახ და ახლახან...
– მერე, სხვა გემები არ გაწყვეტენ?
– არა, ფსკერზეა გაჭიმული. ხუთი წუთის წინ...
– ვა, რა მაგარია! გავგიჟდი! მეცნიერება ნახე, რა?!
– თუ შეიძლება, ნუ მაწყვეტინებ!
– მიდი, დაფქვი!
– როგორც ჩანს... აქ იმისთვის ვარ, რომ... – იგი შეყოვნდა და დაბნეულობისგან რამდენიმეჯერ ჩაყლაპა ნერწყვი, – იმას ვამბობდი, ქალიშვილო, რომ პოლკოვნიკმა მორლანდმა კიდევ ერთხელ დარეკა და სადილზე დაგვპატიჟა. მისი ვაჟი ტობი შენთან შესახვედრად სპეციალურად ჩამოვიდა ნიუ-იორკიდან. სხვა ყმაწვილებიც იქნებიან, ჰოდა, უკანასკნელად ვამბობ, რომ...
– არა, – მოუჭრა არდიტამ, – არსადაც არ წამოვალ. შესანიშნავად მოგეხსენება, ბიძაჩემო, რომ ამ მოგზაურობაში მხოლოდ პალმ-ბიჩის სანახავად წამოვედი და ბებერ დებილ პოლკოვნიკს, მის დებილ ვაჟს ან სხვა, არანაკლებ დებილ, ადრე დაბერებულ ბიჭებს არ შევხვდები. მეტიც, ჩემი ფეხი ამ გამოშტერებული შტატის არც ერთ ობმოკიდებულ ქალაქში არ იქნება. ჰოდა, ან პალმ-ბიჩზე წამიყვანე, ან მოკეტე და აქედან მოუსვი.
– ძალიანაც კარგი. მეტის ატანას აღარ ვაპირებ. შენი სიმპათია იმ სკანდალებით ცნობილი კაცის მიმართ, რომელიც, მამაშენის აზრით, შენი სახელის ხსენების ღირსიც კი არ არის, ამდაბლებს იმ საზოგადოებას, რომელშიც გაიზარდე. ამიერიდან...
– ჰო, ვიცი, ვიცი, – ირონიულად გააწყვეტინა არდიტამ, – ამიერიდან შენ შენი გზით ივლი, მე – ჩემით. ეგ სიტყვები ათასჯერ მაინც მომისმენია და მინდა გითხრა, რომ მეც სწორედ ეგ მინდა.
– ამიერიდან, – ამაყად განაცხადა კაცმა, – ჩემი ძმისშვილი აღარ ხარ! მე...
– ოოოოოჰ! – ჯოჯოხეთში მოხვედრილი ცოდვილი სულის აგონიასავით აღმოხდა არდიტას, – უკვე ტვინი გამიბურღე! წადი, რა, გთხოვ! გემბანიდან გადახტი, თორემ წიგნს გესვრი!
– ერთი გაბედე...
ფრიი! „ანგელოზების აჯანყებამ“ ჰაერში გაიფრინა, წკიპზე ასცდა მიზანს და გემის სიღრმეში გაუჩინარდა.
ჭაღარათმიანმა კაცმა ინსტინქტურად გადადგა ერთი ნაბიჯი უკან და ორი – წინ. არდიტა მთელი სხეულით წამოიმართა და ნაცრისფერი, მუქარით ელვარე თვალებით გამომწვევად შეხედა ბიძას.
– არ გამეკარო!