გამოჯანმრთელება
– არა, ნამდვილად გამიმართლა, ასეთი ლამაზი ქალი რომ მივლის.
როცა ავადმყოფმა პირველად ჩაილუღლუღა ეს სიტყვები, სტეფანიმ გაიფიქრა, ნამდვილად მომესმა, ამ კაცს მსგავსი არაფერი უთქვამს. მეტიც, უსაყვედურა კიდეც თავს, რა მოგივიდა, ავადმყოფის ხროტინი და ქათინაური ერთმანეთისგან ვერ გაგირჩევიაო. ღმერთო, ქვეცნობიერმა ასეთი უკბილო ხუმრობა თუ არ მოიშალა, აუცილებლად მომიწევს ფსიქოანალიტიკოსთან მისვლა. ყოვლად დაუშვებელია, ამ კომპლექსებმა მუშაობაშიც იჩინოს თავი. ისიც კმარა, რომ მათ გამო ნორმალური ცხოვრებით ვერ მიცხოვრიაო... საკუთარ თავზე განაწყენებული და ხასიათწამხდარი სტეფანი, მოგვიანებითაც, როცა, რა თქმა უნდა, სამსახური ამოსუნთქვის საშუალებას აძლევდა, გონებაში არაერთხელ მიუბრუნდა 221-ე პალატის პაციენტის ნათქვამს. „კი მაგრამ, რა მითხრა სინამდვილეში იმ ღვთისნიერმა? ფრაზის დასაწყისი: „არა, ნამდვილად გამიმართლა...“ სავსებით ნათელი და გასაგებია, მაგრამ დასასრული? „ასეთი ლამაზი ქალი რომ მივლის“. აქამდე ლამაზი ჩემთვის კაციშვილს არ უწოდებია, რაც სავსებით ბუნებრივია“, – ფიქრობდა ის.
სამუშაო დღის მიწურულს, ახალგაზრდა ექთანმა სალპეტრიერის საავადმყოფო დატოვა. ქუჩაშიც იმტვრია თავი, მაგრამ პასუხს ვერა და ვერ მიაგნო. დიდხანს იხეტიალა. ცას შავბნელი ღრუბლები გადაჰკვროდა, წვიმდა, თითქმის ჩამობნელდა, მაღალსართულიან შენობებს შორის მოქცეული უკაცრიელი პროსპექტი გაქუცულაკაციებიანი ტროტუარებით საშინლად მოსაწყენი და დამთრგუნველი ჩანდა; თავად პარიზის სამხრეთში – ჩინურ უბანში, ერთოთახიან ბინაში ცხოვრობდა. აქ ყველა სახლი მონაცრისფრო-მომწვანოდ იყო გადაღებილი, აბრები კი წითლად ბდღვრიალებდა. ამ რაიონში გამხდარი, სიფრიფანა და მინიატიურული ჩინელი ქალების, ამ მარად სამსახურიდან შინისკენ მოჩქარე დაუღალავი ჭიანჭველების გვერდით, სტეფანის თავი თვალუწვდენელი კოლოსი ეგონა. მისი სიმაღლეც კი – სავსებით ნორმალური, სხვათა შორის, იქ გიგანტური ჩანდა, ხორციანი სხეული კი – ჩია არსებების გვერდით – დაუჯერებლად გადაჭარბებული.
ვერც სახლის გარემომ უშველა სტეფანის: პულტმომარჯვებული ამაოდ ეცადა პატარა ეკრანიდან გადმოღვრილ გადაცემათა მასაში გარკვევას; ცოტა ხანში პულტი გვერდით მოისროლა და საკუთარ თავს უთხრა, რომ მსგავსი აკვიატება და დაჟინება, რბილად რომ ვთქვათ, საეჭვო იყო და სერიოზული დაფიქრების საბაბს იძლეოდა.
„არა, ნამდვილად ბედი მწყალობს, ასეთი ლამაზი ქალი რომ მივლის!“ – ჩემო საწყალო სტეფანი, ვერ ხვდები, რომ ვერ გაგირკვევია, რას დაეძებ?! წამდაუწუმ იმეორებ ფრაზას, რომლის შინაარსი ზედმიწევნით გაიგონე? ვაღიაროთ, რომ ეს სიტყვები შენს გულს მალამოდ წაეცხო. თავს იკატუნებ. არაფრის გარკვევას არ ცდილობ, მხოლოდ საკუთარ თავს ეპირფერები და ეფერები. მოკლედ, ამაოდ იმღვრევ გონებას!“
თავშესაქცევად გრანდიოზული რეცხვა წამოიწყო. სხვათა შორის, მძიმე მომენტებში ეს საქმე ყოველთვის შველოდა. გასაუთოებელიც დაუგროვდა. აგერ, თეთრეულის მთელი მთა წამოჭიმულა. რადიო ბავშვობის დროინდელ მელოდიებს გადმოსცემდა. აუწია ხმას და უთომომარჯვებული მთელი ხმით ნაცნობ მისამღერებს აჰყვა; მაინც რამდენი სიმღერის ტექსტი ხსომებია?!
ღამის თორმეტ საათზე მაგიდაზე ერთმანეთის გვერდით თანაბარი სიმაღლის, გატკიცინებული თეთრეულის რამდენიმე მთა აღიმართა. დაიღალა სტეფანი, თან იმდენი იხავლა, თავბრუ ეხვეოდა, თვალები აუჭრელდა; თითქმის დამშვიდებული დაწვა და მალე ღრმა ძილს მიეცა. როგორც ჩანს, წინადღის საფიქრალი და სადარდებელი დავიწყებას მიეცა.
მაგრამ, არა! 221-ე პალატის ზღურბლზე გადაბიჯებისას მთელი მისი არსება თრთოლამ აიტანა.
მამაკაცის ხიბლი მასში საშინელი უხერხულობის განცდას აღძრავდა.
აგერ უკვე ერთი კვირაა, კარლ ბაუერი რეანიმაციის განყოფილებაში ინტენსიურ მკურნალობას გადის. ნელ-ნელა უმკლავდებოდა კომას. საშინელ ავტოკატასტროფაში მოყვა. ხერხემალი რამდენიმე ადგილას დაემსხვრა. ექიმები ეჭვობდნენ, რომ მძიმე მდგომარეობას თავს დააღწევდა, მაგრამ გადაჭრით ვერაფერს ამბობდნენ. ჯერჯერობით, ნერვული დაბოლოებების გასააქტიურებლად სტიმულატორებით მკურნალობდნენ, ცდილობდნენ, სხეულისთვის მიყენებული დაზიანების სიმძიმის დადგენას.
თვალახვეული ავადმყოფი ზეწარგადაფარებული იწვა, თითქმის არაფერი უჩანდა, მაგრამ ის მცირედიც, რაც ჩანდა, ძალიან აღელვებდა სტეფანის. უპირველესად, ხელები: გრძელი და მამაკაცური თითები ელეგანტური და ნატიფი ოვალური ფრჩხილებით, გაკრიალებული – გეგონებოდა, ლაქი გადაუსვესო; ხელები, შექმნილი მხოლოდ იმისთვის, რომ ძვირფასი ნივთები და ქვები გადაერჩია, მოჰფერებოდა ქალის ლამაზ დალალებს, და ფეხების მუქი მოყავისფრო ბალანი, ძლიერ კუნთებს რომ უმუქებდა, ბზინვარე შავი კულულები; ტუჩები დახატული გეგონებოდათ, მკვეთრად გამოკვეთილი და ოდნავ გამობურცული, ისეთი, ქალს რომ აუცილებლად მიიზიდავს... ცხვირი, ცხვირი: ბასრი დანისპირი, გამოძერწილი, ძლიერი, დამატყვევებელი, ისეთი მამაკაცური, რომ სტეფანი დიდხანს ვერც უსწორებდა თვალს, მუცელს ქვემოთ უცნაურად სუსხავდა ან ჟრუანტელი უვლიდა.
მაღალი იყო პაციენტი, ეს მწოლიარესაც ეტყობოდა. საავადმყოფოს სარდაფიდან საგანგებოდ მისთვის სპეციალური საწოლი ამოათრიეს, ფეხების მთელ სიგრძეზე გაჭიმვა რომ შესძლებოდა.
პაციენტი გაუნძრევლად იწვა, ხელოვნურ სუნთქვაზე შეერთებული. მიუხედავად ყველაფრისა, მისი სხეული სტეფანის აღელვებდა, პირდაპირ ნუსხავდა: მას ნამდვილი მამრის, მამაკაცურობის განსახიერებად მიიჩნევდა.
„ისე მომწონს, ისე მომწონს, ლამის ტვინი